Digest Logo

რატომ არის ბენზოდიაზეპინების უკონტროლო მიღება სიცოცხლისთვის საშიში? - ლევან შელეგიას განმარტება

1790056857
ლევან შელეგია

ისეთი პოპულარული მედიკამენტები, როგორებიცაა ქსანაქსი, დიაზეპამი, ლორაფენი და რივოტრილი, ბენზოდიაზეპინების ჯგუფს მიეკუთვნება და შფოთვისა თუ პანიკური შეტევების დროს სწრაფი ეფექტით გამოირჩევა, თუმცა მათი უკონტროლო მიღება სერიოზულ საფრთხეს შეიცავს.

სპეციალისტების განმარტებით, აღნიშნული პრეპარატები იწვევს როგორც ფსიქიკურ და ფიზიკურ დამოკიდებულებას, ისე ორგანიზმის მიჩვევას, რის გამოც მათი გამოყენება მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობითა და მოკლევადიანი კურსითაა დაშვაბული. მედიკამენტური თერაპიის თვითნებურად შეწყვეტა ან ოპიოიდებთან და ალკოჰოლთან კომბინაცია კი სიცოცხლისთვის კრიტიკულ რისკებს ქმნის.

აღნიშნულ საკითხზე ვრცელ და ინფორმაციულ პოსტს გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ლევან შელეგია გვიზიარებს:

ბენზოდიაზეპინები ამ ჯგუფის მედიკამენტებს ყველა ვიცნობთ, ფონეტიკურად მაინც.

ყველაზე პოპულარულები:

🔸️ დიაზეპამი (Valium)

🔸️ ლორაზეპამი/ლორაფენი (Tavor)

🔸️ ალპრაზოლამი (Xanax, Zolomax)

🔸️ კლონაზეპამი (Rivotril)

🔸️ ბრომაზეპამი (Lexotanil)

🔸️ მიდაზოლამი (Dormicum, Versed) 

ყველა სხვა ნივთიერება, რომელიც მთავრდება სუფიქსით - ზეპამი (მედაზეპამი, ნიტრაზეპამი) - ზოლამი (ტრიაზოლამი ) ყველა ბენზოდიაზეპინს (მზარდი დოზირებით) აქვს შემდეგი მოქმედება:

🔹️ ანქსიოლიტური (შიშის მომხსნელი)

🔹️ სედატიური (დამამშვიდებელი)

🔹️ ანტიკონვულზიური (ანტიეპილეფსიური)

🔹️ მუსკელრელაქსაციური (ჩონჩხის კუნთების მომადუნებელი)

🔹️ ამნესტური (მეხსიერების დამთრგუნველი)

🔹️ ჰიპნოტური (დამაძინებელი)

ბენზოდიაზეპინები ხმარებაში შემოვიდა 1960 წელს და რევოლუცია მოახდინა ფსიქოფარმაკოთერაპიაში უსაფრთხოების თვალსაზრისით. მანამდე გავრცელებული სედატიური ბარბიტურატები საკმაოდ ტოქსიკური იყო და ძალიან ბევრი ადამიანი იმსხვერპლა ნებით თუ უნებლიედ. ასევე უამრავი სუიციდი.

მერლინ მონროს სიკვდილიც ბარბიტურატებს უკავშირდება. ბენზოდიაზეპინების დადებითი მხარე:

✅ შედარებით უსაფრთხო მონოთერაპიაში! (მათი კომბინაცია ოპიოიდების ჯგუფთან ხშირად სუნთქვის ცენტრის დათრგუნვით და სიკვდილით მთავრდება!)

✅ არ აზიანებენ ორგანოებს

✅ სწრაფად და ყოველთვის ეფექტური

✅ კარდიონეიტრალური (ანესთეზიოლოგის მეგობარი გულით ავადმყოფ პაციენტში)

✅მრავალნაირი სასურველი ეფექტი ერთად ( all-rounder )

მათი უარყოფითი მხარე: ძალიან სწრაფად შეუძლიათ გამოიწვიონ:

❌ტახიფილაქსია (დოზების სწრაფად გაზრდა იგივე ეფექტის მისაღწევად)

❌ ჰაბიტუაცია (შეჩვევა, მოქმედების ვეღარ გრძნობა)

❌ დამოკიდებულება როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური!

❌ სუნთქვის ცენტრის დათრგუნვა

❌დეპრესიის გამოწვევა

❌ აპათიურობა

❌ ძილიანობა

❌ მეხსიერების პრობლემები

ბენზოდიაზეპინებს ნამდვილად აქვთ ადგილი და დანიშნულება შემდეგ შემთხვევებში:

✔  მძიმე, სხვაგვარად დაუმორჩილებელი შფოთვა, პანიკა, მოუსვენრობა, შინაგანი განგაში

✔  მწვავე (ფსიქომოტორული) აჟიტაცია

✔  მწვავე პანიკური/შიშის შეტევა

✔  მწვავე სუიციდალური სიტუაცია

✔  მწვავე, სხვაგვარად დაუმორჩილებელი უძილობა

✔  მწვავე, სხვაგვარად დაუმორჩილებელი მანია

✔  კუნთოვანი დაძაბულობა/სპასტიკა

✔ ალკოჰოლის მწვავე აბსტინენციის სინდრომი

არ შეიძლება/არ არის რეკომენდებული ბენზოდიაზეპინების გამოყენება შემდეგ შემთხვევებში:

❌ ალერგია ჯგუფზე/პრეპარატზე

❌ მიასთენია გრავის (კუნთების დაავადება)

❌ ატაქსია

❌ ფილტვის მძიმე დაავადებებისას (მძიმე ასთმა)

❌ დამოკიდებულებისკენ მიდრეკილ პაციენტებში

❌ ალკოჰოლთან ერთად

❌ ოპიოიდებთან (ჰეროინი, სუბუტექსი, მეტადონი, ოქსიკოდონი, ფენტანილი...) ერთად. ამან ექიმის კონტროლის გარეშე მარტივად შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი

❌ ასაკოვან პაციენტებში (კუნთების მოდუნება ხშირად ხდება საყვარელი ბებიების და ბაბუების წაქცევის და შესაბამისად მოტეხილობების, ტვინის დაზიანების მიზეზი)

ბენზოდიაზეპინების მიღება მხოლოდ და მხოლოდ დასაშვებია ექიმის კონტროლის ქვეშ! მათმა კონტროლირებულმა გამოყენებამ შეიძლება უკიდეგანო ტანჯვისგან ისხნას პაციენტი, ხოლო მათი უკონტროლო მიღება კი თავად გახდეს ტანჯვის მიზეზი.

ფსიქიატრიაში ბენზოდიაზეპინებს ყოველთვის ვხმარობთ მოკლე ვადით (მაქსიმუმ 6-8 კვირით) შეძლებისდაგვარად ყველაზე დაბალი ეფექტური დოზით. დაწყებიდან მაქსიმუმ 4 კვირაში ვიწყებთ დოზის ნელ-ნელა, სათუთად შემცირებას და ასე, ფრთხილად თერაპიის დამთავრებას.

❗თუ თქვენ ბენზოდიაზეპინებს მოიხმართ რამდენიმე თვე, წელი არავითარ შემთხვევაში არ დაანებოთ მათ თავი უცებ, ეს ძალიან ძალიან სახიფათოა, რადგან შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ეპილეფსიური შეტევა და სხვა პრობლემები.

❗ უნდა მოხდეს ექიმის კონტროლის ქვეშ დოზის ფრთხილად, ინდივიდუალურად დეესკალაცია, შემცირება, რაც შეიძლება ნახევარი წელი და უფრო მეტიც გაგრძელდეს.

ძალიან გთხოვთ, დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდეთ ამ პრეპარატებს! ისინი ერთი შეხედვით აგვარებენ პრობლემებს, არადა სინამდვილეში პრობლემა პრობლემად რჩება, უბრალოდ ჩვენს მიერ გაყუჩებული და შეუმჩნეველი. ფსიქოლოგიური აშლილობების უმრავლესობას მკურნალობს და ხშირად კურნავს კომპეტენტურ პროფესიონალთან ფსიქოთერაპია.

მედიკამენტები გვეხმარება და მათი ეფექტი ხშირად იმ დღემდე ვრცელდება, როდესაც ვწყვეტთ მათ მიღებას, სამწუხაროდ... რა თქმა უნდა, აქაც არსებობს გამონაკლისები და ინდივიდუალური თავისებურებები. საბედნიეროდ არცერთი ადამიანი არ ჰგავს მეორეს და მე პირადად ბუნების ეს მრავალფეროვნება ძალიან მიყვარს!“, - წერს ლევან შელეგია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

საცურაო კოსტიუმი და „კაზაჩოკი“ - ალექსანდრა პაიჭაძის პიკანტური კადრები

🎥 „ჩემი მშვენიერი ქვეყანა“ - რა კადრებს გვიზიარებს თიკა ჯამბურია

„ეს საქართველოა...“ - თათა გიორგობიანი მცხეთა-მთიანეთის მხარეს ესტუმრა