ზაფხულის ცხელი დღეები ძალიან ბევრისთვის სასიამოვნო მოგონებებთან ასოცირდება, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც იტანჯებიან ჭარბი ოფლდენით და ამის გამო ზოგიერთი ასოციალურიც კი ხდება, ვინაიდან საზოგადოებაში ინტეგრაციის კომპლექსი უჩნდებათ.
რა განსხვავებაა დეოდორანტებსა და ანტიპერსპირანტებს შორის, როგორ მოვიხმაროთ სწორად, რამდენად უსაფრთხოა ისინი, ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე ექიმმა-ონკოლოგმა გიორგი ღოღობერიძემ „კვირის პალიტრასთან“ ისაუბრა:
- ოფლიანობა ფიზიოლოგიური რეაქციაა. ოფლის გამოყოფა ორგანიზმის თერმორეგულაციის მთავარი ინსტრუმენტია. როცა ადამიანს სცხელა, სითბოს მოშორების ერთ-ერთი მარტივი გზა ჩვენი სხეულისთვის ოფლის გამოყოფაა ეკრინული საოფლე ჯირკვლებით. ოფლს გამოყოფ და გრილდები, თუმცა როგორც კი ოფლი აღმოჩნდება ჩვენს კანზე, ის ბაქტერიების მიერ მუშავდება და სწორედ მაშინ ჩნდება პრობლემა - სუნი. ამ დროს იყენებენ დეოდორანტებსა და ანტიპერსპირანტებს.
- რა განსხვავებაა მათ შორის?
- დეოდორანტით დავიწყოთ. „ოდო“ ნიშნავს სუნს, დეზოდორანტი კი საშუალებაა, რომელიც ადამიანის ოფლს სუნს უკარგავს. რაც შეეხება ანტიპერსპირანტს - პერსპირაცია ნიშნავს ოფლიანობას, ხოლო ანტიპერსპირაცია ოფლის გამოყოფას უშლის ხელს. თუ გსურს ოფლი არ გქონდეს, მაშინ ანტიპერსპირანტი უნდა გამოიყენო, ხოლო თუ გინდა ოფლი გამოიყოს, მაგრამ არ გქონდეს სუნი, მაშინ დეზოდორანტი.
ჩვენს კანში არსებობს ორი სახის საოფლე ჯირკვალი: ეკრინული და აპოკრინული. ეკრინული ფორმით ფართოფუძიანია, ზემოთ ვიწროვდება და სადენის საშუალებით ოფლს კანზე გამოყოფს, ხოლო აპოკრინული საოფლე ჯირკვლებიდან - თმაზე. სწორედ ეკრინული საოფლე ჭირკვლები იხშობა ანტიპერსპირანტით.
ანტიპერსპირანტი შეიცავს ალუმინის ქლორიდს. მარტივად რომ ვთქვათ, ეს მეტალის ნაერთია, რომელიც სადინარებს ახშობს და ბუნებრივია, ოფლდენა მცირდება.
- სხვადასხვა საშუალებას ალუმინის ქლორიდის სხვადასხვა შემადგენლობა აქვს.
- დიახ, ზოგი შეიცავს 5%-ს, ზოგი 10-ს და 30-ს... რაც უფრო მაღალი შემცველობაა, მით უფრო ძლიერია და კვირის განმავლობაში მით უფრო ნაკლებად ხდება აუცილებელი მისი გამოყენება.
- შეიძლება ოფლდენა უკავშირდებოდეს რომელიმე დაავადებას?
- თუ მხოლოდ ოფლიანობაა და სხვა გამოვლინება არ არის, მაშინ ეს არ უკავშირდება რომელიმე დაავადებას და მეტწილად, კავშირშია ჰორმონულ ცვლასთან, ხოლო თუ ოფლდენასთან ერთად პაციენტს სხვა ჩივილებიც აქვს, მაშინ ეს შესაძლოა იყოს რომელიმე დაავადების ნიშანი. მაგალითად, თუ ოფლდენას ერთვის წონის კლება, შეიძლება ეს სიმსივნის ნიშანი იყოს, თუ ადამიანი ჭარბწონიანიცაა, შეიძლება ამ შემთხვევაში ოფლიანობის ნიშანი დიაბეტიც იყოს. ცნობისათვის: ზოგიერთი მედიკამენტიც იწვევს ოფლიანობას, მაგალითად, ანტიდეპრესანტები, მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის დროს და სხვა.
- დახშული საოფლე ჯირკვლიდან რომ აღარ გამოიყოფა ოფლი, სად მიდის, ეს ჯანმრთელობაზე როგორ აისახება?
- ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენა არა აქვს და არ იწვევს არავითარ ონკოლოგიურ დაავადებებს.
- საერთოდ რომ არ ოფლიანობ, ცუდია?
- ესეც შეიძლება სხვადასხვა დაავადების ნიშანი იყოს.
- როგორ გამოვიყენოთ სწორად ეს საშუალებები?
- მათი დილით გამოყენება არაფრის მომცემია. უმჯობესია ღამით გამოვიყენოთ. ეს საშუალებები მაშინაა ეფექტური, თუ მიაღწევენ საოფლე ჯირკვლების სადინარებამდე. დილით თუ გამოიყენებ, საოფლე ჯირკვლის სადინარები ღამის განმავლობაში გადავსებულია ოფლით და მათი ეფექტურობა ქვეითდება. საღამოს, ტანს როგორც კი დაიბანთ, გაიმშრალეთ გულდასმით, რადგან, თუ სისველე შეგყვათ, ეს საშუალებები განეიტრალდება და მათი გამოყენების ეფექტი მცირდება.
გარდა ამისა, ამ საშუალებების მოხმარება რეკომენდებულია გაპარსვიდან 24 საათის შემდეგ. თუ ანტიპერსპირანტების გამოყენებით მაინც არ გიჩერდებათ ოფლიანობა, რა თქმა უნდა, უნდა მიმართოთ ექიმს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕მსახიობი ზურა ბერიკაშვილი გარდაიცვალა
წყარო: kvirispalitra.ge