Digest Logo

🎥 რა ხდება ორგანიზმში, როდესაც ყავას ყოველ დღე მივირთმევთ? - კოტე თოდუას რეკომენდაციები

1751547656
კოტე თოდუა

ექიმი კოტე თოდუა „იუთუბის“ არხზე საზოგადოებას სასარგებლო რჩევებს პერიოდულად უზიარებს. მედიკოსს 64 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, მის რჩევებს ათასობით ნახვა და კომენტარები აქვს. ამჯერად იგი ახალ ვიდეოს აქვეყნებს, სათაურით - „ეს ხდება შენს ორგანიზმში, როცა ყავას ყოველ დღე სვამ“ და ამ თემის შესახებ საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს:

„კოფეინის მიღებიდან დაახლოებით ათ წუთში უკვე იგრძნობთ, რომ ენერგია მეტი გაქვთ, აღარ გეძინებათ, უფრო ფოკუსირებული ხართ. ამ ყველაფერს აკეთებს კოფეინი. ის შედის ბევრ საკვებსა და სასმელში: ყავაში, ჩაიში, სხვადასხვა ენერგეტიკულ სასმელებში, საკვებ დანამატებში, წამლებში. კოფეინის ბევრი სახეობა არსებობს და მას აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი თვისებები.

✅ კოფეინის დადებითი თვისებები:

კოფეინი ძალიან სწრაფად შეიწოვება ორგანიზმში - მისი დაახლოებით 90% აღწევს სისხლში და გადადის ტვინში, სადაც იწყებს მოქმედებას. ის ბლოკავს ადენოზინის რეცეპტორებს.

ადენოზინი არის ნეიროქიმიური ნაერთი, რომელიც გროვდება ტვინში მაშინ, როდესაც ადამიანი იღლება. ის იწვევს გაბრუებას, დაღლილობასა და სუსტად ყოფნის შეგრძნებას. როდესაც კოფეინი ბლოკავს ამ რეცეპტორებს, ტვინი „ვერ ამჩნევს“ დაღლილობას, რაც იწვევს ენერგიის მოზღვავების შეგრძნებას. შედეგად, ორგანიზმში იზრდება დოფამინისა და ნორადრენალინის რაოდენობა - ეს ქიმიური ნივთიერებები განაპირობებენ მოტივაციის, კონცენტრაციისა და ფხიზლობის ამაღლებას. ტვინი ამ მდგომარეობაში უკეთესად მუშაობს, რაც ბევრისთვის სასარგებლოა სწავლისა თუ შრომის პროცესში.

კოფეინს ასევე აქვს გავლენა თავის ტვინის სისხლძარღვებზე - ის ავიწროებს მათ. შეიძლება ეს ბევრისთვის უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ გარკვეულ შემთხვევებში ეს ეფექტი დადებითია. მაგალითად, შაკიკის ან ზოგადი თავის ტკივილის დროს კოფეინის მოქმედება ხშირად ამცირებს ტკივილის ინტენსივობას, რის გამოც ის ზოგჯერ გვხვდება თავის ტკივილის სამკურნალო წამლებშიც.

გარდა ამისა, კოფეინი გავლენას ახდენს მადასა და საკვების მოთხოვნაზეც. ადამიანების დაახლოებით 50%-ში ის ამცირებს მადას, რაც ნაწილობრივ დოფამინის დონის გაზრდას უკავშირდება. სწორედ ამიტომ კოფეინი ხშირად შედის სხვადასხვა დიეტურ დანამატებსა და პრეპარატებში, რომლებიც აპეტიტის შემცირებასა და ენერგიის ამაღლებაზეა ორიენტირებული.

⛔ კოფეინის უარყოფითი თვისებები: 

მიუხედავად იმისა, რომ კოფეინს აქვს მრავალი დადებითი ეფექტი, როგორიცაა ფხიზლობა, ენერგიის მატება და კონცენტრაციის გაუმჯობესება, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ მისი შესაძლო უარყოფითი ზემოქმედებაც, განსაკუთრებით დიდი დოზებით მიღებისას.

შფოთვა და ნერვულობა

კოფეინის 300 მილიგრამზე მეტი დოზა ხშირად იწვევს შფოთვას, განსაკუთრებით მათში, ვინც უფრო მგრძნობიარეა. კოფეინი აძლიერებს ცენტრალური ნერვული სისტემის აქტივობას, რაც ზოგ შემთხვევაში გამოხატულია არამარტო ენერგიით, არამედ შფოთვით, მოუსვენრობითა და გაღიზიანებითაც.

უძილობა და ძილის დარღვევა

კოფეინის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გვერდითი ეფექტია ძილის პრობლემები. კოფეინის ნახევარცხოვრების ხანგრძლივობა დაახლოებით 5-6 საათია, რაც ნიშნავს, რომ მისმა ზემოქმედებამ შეიძლება დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე მიღების შემთხვევაშიც კი შეგიშალოთ ძილი. მგრძნობიარე ადამიანებში კოფეინის ეფექტი რვა საათსაც აღემატება, რაც მათ ხშირად ძილის მკვეთრ დარღვევებს უჩენს.

გულისცემის აჩქარება და არითმია

კოფეინი ასევე ახდენს ზემოქმედებას გულზე. საშუალო და მაღალი დოზით მიღებისას (300-400 მგ და ზემოთ) შესაძლებელია გახშირებული გულისცემა, გულმკერდში ფრიალის ან არითმიის მსგავსი შეგრძნებები. ჯანმრთელ ადამიანებში ეს ხშირად დროებითია და სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა უკვე არსებული გულ-სისხლძარღვთა პრობლემების მქონე ადამიანებისთვის სიფრთხილეა საჭირო“, - ამბობს კოტე თოდუა.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „სასიამოვნოა სახლში დაბრუნება...“ - ილია თოფურია შვილთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

🎥 როგორ მოვიშოროთ ნეგატივი მაკრატლით - ნანიკო ქავთარაძის რჩევები!

⭕ „გილოცავ მე-17 დაბადების დღეს...მსოფლიოში ყველაზე იღბლიანი ქალი ვარ...“ - ნუცა ბუზალაძე საქმროს იუბილეს ულოცავს