Digest Logo

როგორ ამოვიცნოთ აუტიზმის ნიშნები და როდის მივმართოთ სპეციალისტს?

1732027879
აუტიზმიაუტიზმი

სხვადასხვა პიროვნებებში აუტიზმის ნიშნები შესაძლებელია განსხვავებულად გამოვლინდეს ასაკისა და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით. სპეციალისტების განმარტებით, თითქმის არ არსებობს აუტიზმის სპექტრის მქონე ორი ადამიანი, რომელთაც აუტიზმის სპექტრისთვის დამახასიათებელი ერთნაირი ნიშნები ექნებათ. ნეიროფსიქოლოგი მარიამ ხვადაგიანი გვესაუბრება აუტიზმის სპექტრის იმ საყურადღებო ნიშნებზე, რომელიც შეიძლება მიუთითებდეს ბავშვებში აუტიზმის სპექტრის აშლილობაზე და რომელთა აღმოჩენისთანავე სასურველია, მშობლებმა მიმართონ სპეციალისტს. 

არ არსებობს აუტიზმის სპექტრის მქონე  ორი ერთნაირი ადამიანი, რომელთაც აუტიზმის სპექტრისთვის დამახასიათებელი ზუსტად ერთნაირი ნიშნები ექნებათ. სხვადასხვა პიროვნებებში აუტიზმის ნიშნები განსხვავებულად არის წარმოდგენილი, თუმცა არსებობს კონკრეტული ნიშნების ერთობლიობა, რომელიც მიუთითებს აუტიზმის სპექტრზე.  ნიშნები  ძირითადად 3 სფეროს მოიცავს, ეს სფეროებია :

1. მეტყველება და კომუნიკაცია,

2. სოციალური ინტერაქცია

3.  სტერეოტიპული (განმეორებითი)  ქცევა და ვიწრო ინტერესები.

აღნიშნულ სფეროებში გამოვლენილი ნიშნები მერყეობს მსუბუქიდან ძლიერ გამოხატულამდე.  რას გულისხმობს თითოეული მათგანი? აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების გარკვეულ ნაწილი არ მეტყველებს, ნაწილს შეუძლია მეტყველება, მაგრამ არ იყენებს მას კომუნიკაციის მიზნით, ხოლო ნაწილი იყენებს მეტყველებას, მაგრამ მეტყველება თავისებურია, (თითქოს არ ითვალისწინებს მოსაუბრეს, საუბრობს განსხვავებული ინტონაციითა და მანერით,  მოულოდნელად ცვლის სასაუბრო თემას, უჭირს იუმორის და გადატანითი მნიშვნელობის გაგება და ა.შ.). ასევე აუტიზმის მქონე პირები  იშვიათად  ამყარებენ თვალით კონტაქტს და იშვიათად არიან კომუნიკაციის ინიციატორები.  ბავშვები ძირითადად თამაშობენ მარტო, ნაკლებად იწვევენ სხვა ბავშვებს სათამაშოდ, უჭირთ  ჯგუფურ აქტივობებში ჩართვა.ზრდასრულებს რაც შეეხება, ხშირად მათ აქვთ თავიანთი კონკრეტული ინტერესები, სოციალური უნარების თავისებურებები, არ უყვართ ხალხმრავლობა, არიან ძალიან მოწესრიგებულები და ა.შ.

ბავშვებს  ახასიათებთ  ხშირად ე.წ. „ვიწრო“ ინტერესები, მაგ: ბავშვი შესაძლებელია თამაშობდეს მხოლოდ ერთი კონკრეტული სათამაშოთი,  მანქანით, ან კუბიკებით და  სხვა სათამაშო მისთვის არ იყოს მიმზიდველი, აქვთ სტერეოტიპული (განმეორებითი) ქცევები, რომლებიც შესაძლებელია განსხვავებულად ვლინდებოდეს. ხშირად უჭირთ ცვილებებთან შეგუება და როგორც წესი სჭირდებათ წინასწარ შემზადება იმის შესახებ, თუ მოვლენათა როგორი განვითარებაა შესაძლებელი ამა თუ სიტუაციაში. აქვთ სხვის  ემოციური მდგომარეობის გაგების სირთულეები. ეს არის არასრული ჩამონათვალი, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სიმპტომები განსხვავდება თვისებრივად და სიმძიმის მიხედვით.

განსაკუთრებით როდის  უნდა ვიყოთ ყურადღებით და რა ასაკში ვლინდება ეს ნიშნები ?

აუტიზმის სპექტრის ნიშნები, შესაძლებელია ადრეული ასაკიდანვე გამოვლინდეს. 1 წლამდე ასაკის ბავშვებში ყურადღება ექცევა ისეთ ნიშნებს როგორიცაა : ღიმილზე ღიმილით პასუხი, თვალით კონტაქტის დამყარება, რეციპროკული ჟესტებისა და ხმების გამოყენება (მაგალითად ბავშვი იმეორებს თქვენს მიმიკას, თქვენს მიერ გამოცემულ ბგერებს), ღუღუნი და ა.შ. თუ აღნიშნული არ ვლინდება სასურველია მივმართოთ სპეციალისტს. 1 წლის ასაკიდან საყურადღებოა შემდეგი ნიშნები:  ცალკეული სიტყვების გამოყენების სიმწირე, სახელით მიმართვის იგნორირება, თითქოს არ ესმის,  ნივთების ჩვენებისა და  ემოციების  გაზიარების სიმცირე. ასევე საყურადღებოა, რომ რიგ შემთხვევებში ბავშვის განვითარება შესაძლებელია მიმდინარეობდეს ტიპიურად გარკვეულ ასაკამდე და კონკრეტული ასაკის შემდეგ (მაქსიმუმ 3 წელი) გამოვლინდეს ცვლილებები განვითარებაში, მაგალითად შეწყვიტოს სიტყვების გამოყენება, შეამციროს კომუნიკაცია და თვალით კონტაქტი, შეზღუდოს ინტერესები და ა.შ.

მიუხედავად ადრეული ნიშნების იდენტიფიცირებისა აუტიზმის სპექტრის დიაგნოზის დასმას დღეისათვის 2 წლამდე ერიდებიან. თუმცა ინტერვენცია და თერაპიული ჩარევა შესაძლებელია ეჭვის გაჩენისთანავე განხორციელდეს 1 წლის ასაკშიც.

ადრეულ ინტერვენციაზე რას გვეტყოდით. როგორ აისახება დიაგნოზზე ადრეული ჩარევა?

ძალიან მნიშვნელოვანია მშობლებმა ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, რაც შეიძლება სწრაფად მიმართონ სპეციალისტებს, რადგან აუტიზმის სპექტრის მქონე  ბავშვებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადრეული ჩარევის და სათანადო თერაპიის უზრუნველყოფა.  მრავალი კვლევით დასტურდება, რომ  ადრეული ჩარევა იძლევა მაქსიმალურ შედეგს, ხოლო დაგვიანებული ჩარევის შემთხვევაში თერაპიები ნაკლებად  სწრაფად და ეფექტურად მოქმედებს.

რა იქნება თქვენი რეკომენდაციები მშობლებისთვის, უფრო მეტი სიფრთხილისთვის და ყურადღებისთვის, რომ დროულად ამოვიცნოთ ნიშნები?

რამდენიმე რეკომენდაცია მექნებოდა. პირველ რიგში მაქსიმალურად ვეცადოთ ბავშვმა ნაკლები დრო დაუთმოს სხვადასხვა ტიპის გაჯეტებს და ციფრულ ტექნოლოგიებს, განსაკუთრებით 2 წლამდე, რადგან კვლევები ცხადყოფს , რომ ბავშვების კომუნიკაციისა და მეტყველების უნარების განვითარებას აფერხებს  ჭარბად გამოყენებული ციფრული ტექნოლოგიებისთვის დათმობილი დრო.

რეკომენდაცია 2: თუ ბავშვი აგვიანებს მეტყველებას, მისი კომუნიკაცია განსხვავდება თანატოლების კომუნიკაციისგან, არ რეაგირებს სახელზე, არ ასრულებს ინსტრუქციებს და აქვს მწირი თვალით კონტაქტი, არ გადადონ და აუცილებლად მიმართონ სპეციალისტს. ჩვენს საზოგადოებაში ხშირია ფრაზები: „არაუშავს ჩემმა შვილმა 4 წლის ასაკში დაიწყო საუბარი“ , „მამამისმაც გვიან დაიწყო ლაპარაკი“, „ჯერ ადრეა , ნუ გეშინია, რად გინდა სპეციალისტი“ და ა.შ. შიში ნამდვილად არ არის საჭირო, ყველა ბავშვი ინდივიდუალურია და განვითარების ინდივიდუალური ტემპი და თავისებურებები აქვს, მაგრამ არსებობს განვითარების ზოგადი თავისებურებაც, რომელსაც ბავშვი მეტ-ნაკლებად უნდა მიჰყვებოდეს. შესაბამისად, როგორც კი რაიმე საეჭვო ნიშანს დავინახავთ, სჯობს მივმართოთ სპეციალისტს. უმჯობესია თავი დავიზღვიოთ, დავრწმუნდეთ, რომ ბავშვს არ ესაჭიროება  მხარდაჭერა, ვიდრე  დავაგვიანოთ თერაპიის დაწყება. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ საჭიროების შემთხვევაში ადრეული ასაკიდანვე გაწეულ ადეკვატურ მხარდაჭერას მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ბავშვის განვითარებაში.

დაბოლოს, ყველა ადამიანი ინდივიდუალური და უნიკალურია, აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანების შესაძლებლობები მრავალფეროვანია, მთავარია ვისწავლოთ მათი განსხვავებულობის მიღება, მათთან კომუნიკაცია და მათი ინტერესების გათვალისწინება.

 ასევე დაგაინტერესებთ:

რატომ ითვლებოდა შვიდი თაობის წყევლა ყველა დროის ყველაზე დიდ საშინელებად

🎥 „გექნებათ მარტოობის განცდა, დეპრესიული ფონი, ეგზისტენციალური კრიზისი იქნება“ - მომდევნო ორი კვირის ასტროლოგიური პროგნოზი

🎥 რა არის კაცური ბედნიერება და ვის უფრო უჭირს შეცდომების აღიარება? - სახალისო ქუჩის გამოკითხვა

წყარო: dedamicis.ge