ხშირად გვგონია, რომ კომუნიკაცია სიტყვებია, თუ სწორად ვისაუბრებთ ყველა გაგვიგებს, მაგრამ ალბათ ყველას გვქონია მომენტი, როცა თითქოს ყველაფერი სწორად ვთქვით და მაინც ვერავინ გაიგო, ან პირიქით, უსიტყვოდ გაგვიგეს. ხშირად ამას ადამიანები ქიმიასაც ვეძახით.
ფსიქოლოგი, ნეიროლინგვისტური პროგრამირების (NLP) მასტერი ირინე ტაბუციძე ქეთო ანთიძის პოდკასტში „ჩვენ“ არავერბალურ კომუნიკაციაზე საუბრობს, რომელიც იქამდე იწყება, ვიდრე რამეს ვიტყვით:
„ყველას გვაქვს გამოცდილება, თითქოს რაღაცას გიხსნიან, მაგრამ კარგად ვერ იგებ, საკმარისია სხვამ ცოტა სხვანაირად აგიხსნას და 2X2=4, ყველაფერი ლაგდება.
სამყაროს ადამიანები აღვიქვამთ სხვადასხვა გრძნობათა ორგანოებით. NLP-სტებმა ეს 5 გრძნობათა ორგანო: მხედველობა, სმენა, ყნოსვა, გემო და შეხება სამ მსხვილ ჯგუფზე დაიყვანეს: ვიზუალური, სმენითი და კინესთეტიკური (შეხება, ყნოსვა და გემო).
აღმოჩნდა, რომ იმის მიხედვით, რომელი არხი უფრო მეტად გვაქვს განვითარებული და უპირატესი, სხვადასხვანაირად ვსაუბრობთ, ვმოძრაობთ, ვიყენებთ ჟესტებს, ვსხდებით. თუ ვიცით რომელი არხის წარმომადგენელთან გვაქვს საქმე და მისთვის გასაგებ ენაზე ვსაუბრობთ, ადამიანს ჩვენი ძალიან კარგად და ადვილად ესმის. გარდა გაგებისა, განცდა უჩნდება, რომ თითქოს დიდი ხანია გიცნობს, რაც ნდობით სავსე განცდას აჩენს.
ნორმის ფარგლებში სამივე არხი განვითარებული გვაქვს თუ რაიმე ჯანმრთელობის პრობლემა არ გვაქვს. ერთ-ერთი მაინც უპირატესია.
აუდიალისთვის დამახასიათებელია ღიღინი, მუსიკასთან მუდმივი შეხება აქვთ, წამღერებით უყვართ რაღაცების მოყოლა. ხშირად სიტუაციას აღწერენ როგორ ესმით და როგორ შეიძლება ამ რაღაცის გაგება. მაგ: შეიძლება წიგნი წაიკითხოს და გითხრას, ავტორი იცი როგორ წერს? მელოდიასავით იკითხება ნაწერი.
იგივე წიგნი ვიზუალისთვის, რომელსაც მხედველობის არხი მეტად აქვს გააქტიურებული, ასე აგიხსნას: დაიწყებს პეიზაჟის აღწერიდან, მოდის ადამიანამდე, გიყვება რა აცვია, ხედავს დეტალებს, თმები როგორ აქვს. ანუ აქცენტი აქვს იმაზე, რისი დანახვაც ვიზუალურად შეუძლია.
კინესთეტიკური ნაწილი - რა იგრძნო, როგორ შეიგრძნო, რამდენად კომფორტულად არის სიტუაციაში და ა.შ.
თუ ვიცი რომელი არხის წარმომადგენელთან მაქვს საქმე, „ამოცნობა“ დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, გავარჯიშება უნდა, შემიძლია მისთვის გასაგებ ენაზე ვისაუბრო. ამას ემატება ჟესტიკულირება, პოზა, ჯდომის მანერა.
ვთქვათ, მოხდა ისე, რომ შენს წინ ვინ ზის წარმოდგენა არ გაქვს. რა ვქნათ მაშინ?
ვიზუალები ყველაზე სწრაფად საუბრობენ, რადგან საუბრის დროს ხედავენ სლაიდებივით მიდის ის კადრები, რაზედაც საუბრობენ. თითქოს ფილმს უყურებს და იმისთვის, რომ მოასწროს და ნანახ კადრებს დაეწიოს, ბევრად სწრაფად გესაუბრებიან.
კინესთეტიკები ამის საპირისპირო მხარეა, დინჯად საუბრობენ, შიგნით უნდა გაატარონ მთელი ეს ინფორმაცია, დაფიქრდეს რას გელაპარაკება და გაწვდის.
აუდიალები ოქროს შუალედია.
რა გამოდის? თუ ძალიან სწრაფად საუბრობ, შენი მოსაუბრე კი დინჯად, მისთვის თქვენი საუბარი გაუგებარი იქნება! ადამიანი რა ტემპითაც საუბრობს, იმავე ტემპით აზროვნებს. ეს არ არის დამოკიდებული განათლებაზე, ამის მიზეზი ახსნილი არ არის“, - ამბობს ირინე ტაბუციძე.
ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=5L3TxhMSUqI

ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „დაღამებულხარ ჩემო აპრილო“ - გოგა მესხმა მამუკა ონაშვილის ხსოვნის პატივსაცემად ვიდეოკლიპი გადაიღო