
ვინ არ შეუწუხებია კუჭ-ნაწლავში დაგროვილ გაზებს. ბევრისთვის იქნებ უხერხულობის მიზეზადაც ქცეულა... აირები ყველა ჩვენგანის ორგანიზმშია, მაგრამ საშიში არ არის. ადამიანების უმეტესობა დღეში ნახევარი ლიტრიდან ლიტრ-ნახევრამდე აირს წარმოქმნის და საშუალოდ 14-ჯერ უშვებს გარეთ პირიდან ან სწორი ნაწლავიდან.
გაზები მეტწილად უსუნო ნივთიერებებისგან შედგება: ნახშირორჟანგისგან, ჟანგბადისგან, აზოტისგან, წყალბადისგან, ზოგჯერ – მეთანისგანაც, თუმცა მსხვილ ნაწლავში მობინადრე ბაქტერიები გოგირდის შემცველ აირებს გამოყოფენ. სწორედ გოგირდი აძლევს სწორი ნაწლავიდან გამოშვებულ ჰაერს უსიამოვნო სუნს. რაც უფრო მეტ გოგირდს შეიცავს ჰაერი, მით უფრო ცუდი სუნი აქვს მას.
როგორ ჩნდება გაზები, რა გზები არსებობს ნაწლავში მის მოსახვედრად და როგორ მოიქცეთ ექიმთან მისვლამდე თუ გაზების ჭარბად დაგროვება გაწუხებთ - აღნიშნულ თემაზე გასტროენტეროლოგი ჯაბა ზარქუა ვიდეომიმართვაში საუბრობს და საზოგადოებას მნიშვნელოვან ინფორმაციას უზიარებს:
„ამ ვიდეოში ვისაუბრებთ საკითხზე, რომელიც ბევრი ადამიანის ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად აქვეითებს. ეს არის გაზების ჭარბად დაგროვება. აქ მოსმენილი არც ერთი რჩევა არ გამოგადგებათ ექიმის პირადად მოცემული რჩევების ჩასანაცვლებლად.
საიდან გროვდება ნაწლავებში გაზები?
გაზების დაგროვება და მისგან შემდეგ დაცლა არის ნორმალური ცხოველმოქმედების შედეგი. ეს არ არის აპრიორი პათოლოგია. გაზებისგან თავისუფლდება ყველა ცოცხალი არსება დედამიწის ზურგზე. დღეში დაახლოებით ნახევრიდან 2 ლიტრამდე მოცულობის გაზებისგან თავისუფლდება ადამიანი.
ნაწლავებში გაზების მოხვედრის ორი ძირითადი გზა არსებობს: გარედან მიღება და შიგნითვე წარმოქმნა. გარედან მისი მიღების საშუალება არის აირების გადაყლაპვა, შიგნით წარმოქმნის გზა არის მიღებული საკვების ფერმენტაცია ნაწლავური ბაქტერიების მიერ, რა დროსაც აირები შეიძლება წარმოიქმნას ნაწლავებში.
რომელი მიზეზია უფრო ხშირი?
აირის გადაყლაპვა და აქვე ისმება მეორე შეკითხვა, როდის ვყლაპავთ აირს? პასუხია - ყოველი ყლაპვის დროს, გარკვეული რაოდენობით.
არსებობს შემთხვევები, როცა შედარებით უფრო მეტი რაოდენობით აირს ვყლაპავთ, რაც შემაწუხებელი ხდება და ეს შემთხვევებია: მოწევა, სტრესულ მდგომარეობაში ყოფნა, დენტალური პროტეზის გაფუჭება, სწრაფად კვება, პოსტნაზალური ჩამონაღვენთი, საღეჭი რეზინები, გაზიანი სასმლის მიღება.
რაც შეეხება საკვების ფერმენტაციას ბაქტერიების მიერ - არის ზოგიერთი ტიპის საკვები, რისი ფერმენტაციაც შედარებით მეტად ხდება, მაგალითად: კომბოსტო, ხმელი ლობიო, ბროკოლი, უჯრედისით მდიდარი პროდუქტები“, - ამბობს ჯაბა ზარქუა.
ვრცლად, იხილეთ ვიდეო👇
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მომავალი მოდელი“ - ანუკი ქორქია შვილის უსაყვარლეს ფოტოებს აქვეყნებს