
როგორ უნდა მოიქცეთ თუ ტკიპა გიკბენს? - ამის შესახებ ცნობილი პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში წერს და საზოგადოებას მნიშვნელოვან ინფორმაციას უზიარებს.
„ტკიპებთან დაკავშირებით შემოდის ბევრი კითხვა, გიპასუხებთ აქ ჩემო ძვირფასებო...
თუ ბავშვს ტკიპა აზის მნიშვნელოვანია სწრაფი და სწორი რეაგირება:
ტკიპის სწრაფი მოცილება:
გამოიყენეთ წვრილი პინცეტი. ეცადეთ, რომ ტკიპა ამოიღო მთლიანად, თავის ჩათვლით. არ გამოწიო, არამედ ნელა და სტაბილურად ამოაყოლე კანს.
არ გამოიყენოთ ზეთი, სპირტი ან სხვ. ნივთიერებები მოცილებამდე — ეს ტკიპას აიძულებს გამოაფრქვიოს ნაწლავის შემცველობა კანში, რაც ზრდის ინფიცირების რისკს (მაგ. ლაიმის დაავადება).
დაამუშავეთ ადგილი ანტისეპტიკით:
ბეტადინი, იოდი, წყალბადის ზეჟანგი, სპირტი (მოკლედ რაც გაქვთ) დაიმახსოვრე ტკიპის მოცილების დრო და თარიღი, შეიძლება საჭირო გახდეს ინფექციური დაავადებების მონიტორინგისთვის.
დააკვირდით ბავშვს 30 დღე:
თუ გამოუვლინდა სიცხე, გამონაყარი, დაღლილობა, სახსრების ტკივილი — აუცილებლად მიმართე ექიმს.
ტკიპა შეგიძლიათ შეინახოთ პატარა კონტეინერში ლაბორატორიული ანალიზისთვის, განსაკუთრებით თუ ბავშვი ავად გახდება.
აქვე მინდა გითხრათ, რომ ექიმს შეიძლება დაჭირდეს პროფილაქტიკური ანტიბიოტიკოთერაპიის დანიშვნა, განსაკუთრებით ენდემურ ზონებში.
ნუ ატეხთ პანიკას, ნუ შეგიპყრობთ შიში, იმოქმედეთ მშვიდად (აფორიაქებულებს გაგიჭირდებათ)
ტკიპები ყოველთვის იყვნენ და კბენდნენ ადამიანებს!!! უბრალოდ 21-ე საუკუნეა და მეტად ყურადღებიანები გავხდით ინფორმაციულობის გაზრდის გამო და მშიშრები ნერვული სისტემის ლაბილურობის მატებსთან ერთად. ეს ისე, ხუმრობით.
დაკვირვება, ყურადღება და ნებისმიერი პრობლემის დროული მონიტორირება ამცირებს დაავადებების რისკებს“, - წერს ინგა მამუჩიშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: