
საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტი და საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმი, ზურაბ კახაბრიშვილი „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ჩემპიონები“ მის განვლილ გზაზე ჰყვება - როგორ გახდა ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმი და ის ვინც, შეჯიბრებების დროს სპორტსმენებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საჭირო ადამიანია.
სპორტული მედიცინის ქართველი პიონერი, ზურაბ კახაბრიშვილი იხსენებს, როგორ დაიწყო მისი გზა 90-იან წლებში: სამხედრო სფეროდან სპორტში გადასვლა სურდა, მაგრამ ფინანსების ნაკლებობის გამო ექიმად ვერ ხვდებოდა სპორტულ დელეგაციაში და მწვრთნელობით დაიწყო კარიერა.
მოგვიანებით ის საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი გახდა, მაგრამ სწორედ სპორტსმენების საჭიროებამ, როგორიც იყვნენ ზვიადაური და ასანიძე, დაარწმუნა ყველა, რომ ექიმის გარეშე გუნდის წაყვანა შეჯიბრებაზე შეუძლებელი იყო.
კახაბრიშვილის თქმით, სიდნეის ოლიმპიადაზე ის პირველად ოფიციალურად წარადგინეს ექიმად. იხსენებს, როგორ აგროვებდა ინფორმაციას იმ დროს, როცა ინტერნეტი და ტექნოლოგიები ხელმისაწვდომი არ იყო:
„ნაგვის ურნებში ვათვალიერებდი, რას სვამდნენ იაპონელები და კორეელები. ფოტოს ვერ ვიღებდი და მეგობრებს ვთხოვდი, შემოვიტანოთ და გამოვცადოთ.“
მისი საქმიანობა მალე გახდა მაგალითი სხვებისთვისაც – როგორც ამბობს, თავდაპირველად მარტო იყო, თუმცა დღეს უკვე ყველა ფედერაცია აცნობიერებს სპორტულ ექიმთა აუცილებლობას და ბიუჯეტებიც შესაბამისად იზრდება.
„90-იან წლებში, როდესაც სამხედრო სფეროდან მოვდიოდი და სპორტში მინდოდა, როგორც ექიმს დამემკვიდრებინა ადგილი, ფინანსების გამო ექიმი ვერ ხვდებოდა დელეგაციაში და მწვრთნელობა დავიწყე.
ნაკრების მწვრთნელი ვიყავი, გოგოებსაც ვავარჯიშებდი. შემდეგ შემომთავაზეს მსაჯობა და საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი ვიყავი 12 წელი. მაგრამ მერე მოხდა ისე, რომ სპორტსმენები - ზვიადაური, ასანიძე და სხვები, რომლებიც დარბაზში ტრავმებს იღებდნენ - დაამტკიცეს, რომ ექიმის გარეშე ვერ შეძლებდნენ შეჯიბრებებზე გამოსვლას. ამიტომ მოხდა ისე, რომ სიდნეის ოლიმპიადაზე ექიმად წარმადგინეს.
შენ ხომ იწამლები ამ სპორტის სიყვარულით, შემდეგ წამლავ სხვებსაც იმით, რომ შენ რაღაც მომენტში მათთვის საჭირო ხარ. შეუცვლელი ადამიანი არ არსებობს - მეც შემცვლიან, მაგრამ მე ამაყი ვარ, რომ ასეთი ხალხი გავზარდე.
როცა დავიწყე საქმე, ვიყავი მარტო. ნაგვის ურნებში ვიყურებოდი ხოლმე, რა ვიტამინებს სვამდა იაპონელი, ამერიკელი და კორეელი. დამლაგებელს ვასწრებდი ხოლმე, რადგან მაშინ ისეთი ტელეფონი მქონდა, რომელიც ფოტოს არ იღებდა. შემდეგ მეგობრებს ვთხოვდი: მოდი, ეს შემოვიტანოთ, ის შემოვიტანოთ. მაშინ გავიგე, რა იყო გლუტამინი და BCAA. ასე დავიწყე და მოვედი დღემდე.
თუმცა, სპორტის სამინისტრო ყოველთვის უმატებდა ბიუჯეტს და უკვე ყველა ფედერაცია მიხვდა, რომ ექიმისა და სამედიცინო პერსონალის გარეშე შეჯიბრებაზე წასვლა არ შეიძლება“, - აღნიშნა ზურაბ კახაბრიშვილმა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ქალები, რომლებიც ამ კვირაში შეგხვდებიან, სიმბოლოებია და დააკვირდით“ - მიხეილ ცაგარელი
⭕„ჩემო სულის მეგობარო“ - როგორ მიულოცეს მშობლებმა ლევან კალაძეს იუბილე?