გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, ფეისბუკში მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც ტკივილზე საუბრობს.
მისი თქმით, ტკივილის მოთმენა, მით უმეტეს, ძლიერის და ხანგრძლივის არ არის რეკომენდებული:
„ტკივილი და მისი ჭკვიანური მართვა:
სამეცნიერო მოხსენებით არ შეგაწყენთ თავს, უბრალოდ მინდა გაგიზიაროთ, გირჩიოთ შემდეგი:
ტკივილის მოთმენა, მით უმეტეს ძლიერის და ხანგრძლივის არ არის რეკომენდებული, არც სიმამაცეა ასეთი ტიპის ტანჯვა, თან სტრესს აყენებს მთელ ორგანიზმს.
ტკივილს, განსაკუთრებით ინტენსიურს ახალი ტიპისას სჭირდება შესაბამისი, ხშირად სწრაფი სამედიცინო ყურადღება და გარკვევა!
ასევე თერაპიას ითხოვს ქრონიკული ტკივილი, რომელიც ან რომელიმე დაავადების თანმხლებია, ან თავად არის უკვე დამოუკიდებელი დაავადება!
ეს თერაპია არ უნდა იყოს აუცილებლად და ყოველთვის (მხოლოდ) ფარმაკოლოგიური!
„კლასიკური“ ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების, არასტეროიდების (იბუპროფენი, დიკლოფენაკი, ნაპროქსენი, კეტოპროფენი, კეტოროლაკი, ნიმესილი...) ხანგრძლივი მოხმარება დაუშვებელია, აზიანებს არაერთ ორგანოს.
ვიმეორებ, დაუშვებელია!
თუ მაინც მოგიწიათ ამ პრეპარატების რამდენიმეკვირიანი მიღება, ყოველთვის ჭამის შემდეგ და ექიმთან შეთანხმებით გასტროპროტექტორით.
რამდენიმე მედიკამენტს იღებთ დღე-ღამეში?
მაშინ პანტოპრაზოლი აჯობებდა (ეს)ომეპრაზოლს, ვინაიდან პანტოპრაზოლს ბევრად ნაკლებად ახასიათებს სხვა პრეპარატებთან სარისკო, სახიფათო ინტერაქციები.
გასტროპროტექტორების (ომეპრაზოლი...) მიღებას აზრი აქვს ცარიელ კუჭზე, ჭამამდე მინიმუმ ნახევარი საათით ადრე მაქსიმალური ეფექტურობისთვის (სანამ გააქტიურებას დაიწყებს პროტონის ტუმბოები, რომლის ინჰიბიტორებიც არიან ეს პრეპარატები PPI - Proton Pump Inhibitors) ტკივილს ყოველთვის თან ახლავს ფსიქოლოგიური კომპონენტი!
მაქსიმალურად ჩართეთ მკურნალობაში ფიზიკალური და მსგავსი თერაპიები:
- ფიზიოთერაპია
- მედიცინური მასაჟი
- ოსტეოპათია
- ქიროპრაქტიკა
- თერმული თერაპია
- იოგა
- ...
ისარგებლეთ რეგიონალური ანესთეზიის მეთოდებით (ნერვის ბლოკი), თუ თქვენი ტკივილი ამის საშუალებას იძლევა.
ტკივილის ფინალური აღქმა ხდება თავის ტვინში (თალამუსი, ინსულა, გირუს ცინგული, სომატოსენსიბლური კორტექსი...) სპეციფიკური ფსიქოლოგიური, ნეიროფსიქოლოგიური და/ან ფსიქოთერაპიული მიდგომებით შესაძლებელია ტკივილის ნეგატიური ემოციური კომპონენტის მკვეთრად შემცირება.
შედეგი: ტკივილი კლებულობს ან საერთოდ იგივე რჩება, მაგრამ ნაკლებად გვტკივა, გვაწუხებს
ესაუბრეთ ექიმს კოანალგეტიკებზე!
ეს არის სხვადასხვა ფარმაკოლოგიური ჯგუფის მედიკამენტები (ანტიდეპრესანტები, ანტიკონვულზიურები, მიორელაქსატორები, კორტიკოსტეროიდები, კაპსაიცინი, ნატრიუმის და კალციუმის არხების ინჰიბიტორები...), რომლებიც შესაბამისი ტიპის ტკივილის დროს დადებითად მოქმედებს ტკივილზეც და ზოგადად პაციენტის მდგომარეობაზე.
ნეიროპათიული ტკივილი, მაგალითად სამწვერა ნერვის ნევრალგია, ჰერპეს ცოსტერის შემდგომი ნევრალგია, ლუმბოიშიალგია … არ პასუხობს კლასიკურ ტკივილგამაყუჩებლებს და მოითხოვს კოანალგეტიკებს.
ტყუილად ნუ დაინგრევთ იბუპროფენით და დიკლოფენაკით კუჭს, თირკმელებს, გულს ...
პარაცეტამოლი არ არის მხოლოდ სიცხის დამწევი, არამედ მულტიპროფილური, ეფექტური ტკივილგამაყუჩებელი.
მაქსიმალური დოზა 24 საათში არის 3 000 მილიგრამი, ანუ მაქსიმუმ 6-ჯერ 500-მილიგრამიანი აბი/სანთელი.
თუ არ გაქვთ ჯანმრთელი ღვიძლი, ერიდეთ პარაცეტამოლს (ტაილენოლი, ტაკიპირინა, ბენურონი, კომბინაციური პრეპარატები).
ოპიოიდებზე საუბარს საქართველოს დღევანდელ რეალობაში სამწუხაროდ აზრი არ აქვს. არადა სწორი ინდიკაციით ძალიან ეფექტური და კარგად სამართავი პრეპარატებია.
ტკივილი ხშირად საჭიროებს ძალიან ინდივიდუალური და მულტიმოდალურ, მრავალპროფილურ მიდგომას.
მხოლოდ და სულ იბუპროფენი თუ ნიმესილი არასდროს არ არის სწორი გზა და რაც მთავარია: არ გაიკეთოთ სახლის პირობებში, მეზობლის, დაქალის ხელით ტკივილგამაყუჩებელი ნემსები კუნთში, ვენაზე აღარც ვსაუბრობ.
არასდროს, მით უმეტეს ანალგინი და/ან ვოლტარენი: ორივე ორალურად მიღებული იმავენაირად ეფექტურია და ბევრად ნაკლებად სარისკო.
ანალგინი (მეტამიზოლი) ინტრავენურად შეიძლება გაკეთდეს მხოლოდ და მხოლოდ ნელი გადასხმის ფორმით (250-500 მლ) ძლიერი ჰიპოტენზიის და შოკის თავიდან ასარიდებლად! რა თქმა უნდა ესეც მხოლოდ კლინიკაში და არავითარ შემთხვევაში სახლის პირობებში!“, - წერს სანდრო შელეგია.

ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „დიდი მადლობა ჩემო საყვარელო ადამიანებო...“ - რა კადრებს აქვეყნებს ლაშა ბასლანძის მამა