Digest Logo

„თქვენი ნაღრიალებ-ნაგინები ბავშვები დიდობაში ჩემი პაციენტები ხდებიან! წყევლა არ ჩამოუვარდება ფიზიკურ ძალადობას“ - რას წერს ლევან შელეგია

1766725875
ლევან შელეგია

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, ფეისბუკში მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც ბავშვის მიმართ დაშვებულ შეცდომებზე საუბრობს.

მისი თქმით, ყვირილი, გინება, წყევლა ფიზიკურ ძალადობას არ ჩამოუვარდება, რადგან ხშირად ბავშვი ვერ იგებს რატომ უყვირიან, რის გამოც მის ფსიქიკასა და სხეულში შიში ისადგურებს:

„სიტყვიერი ძალადობა, ანუ ღრიალი, ყვირილი, გინება, წყევლა არ ჩამოუვარდება ფიზიკურ ძალადობას.

ბავშვი ხშირად საერთოდ ვერ იგებს, თუ რატომ უყვირიან მას. ერთადერთი, რაც ამ სადიზმით მიიღწევა, არის შიში, რომელიც ისადგურებს ბავშვის სხეულსა და ფსიქიკაში.

მერე ეს შიში იწყებს თავისი შხამის გამოყოფას, ანუ გენერალიზებას: თუ თავიდან ბავშვს ეშინოდა მშობლის, როცა ის უშუალოდ ღრიალებდა, ახლა ამ ბავშვს ნელ-ნელა ეშინია ზოგადად მშობლის, სხვა უფროსების, მასწავლებლის. მიუხედავად იმისა, როგორ ხასიათზეა ეს მშობელი, მასწავლებელი თუ სხვა მნიშვნელოვანი ადამიანი მის ცხოვრებაში.

შემდგომში ბავშვს უვითარდება კაცების მიმართ შიში, თუ მაგალითად მამა იყო მთავარი მოძალადე. ასე ირევა მისი ცხოვრება საფუძველშივე.

ბავშვი ამ ყველაფერს თან დაკვირვებების და იმიტაციის მეთოდით სწავლობს და მომავალში თვითონაც ასე მოიქცევა თავის შვილებთან და არა მხოლოდ.

ბავშვი არა მარტო უყურებს, არამედ სწავლობს და იმახსოვრებს!

ეს ჩვენ ყველამ ძალიან კარგად უნდა გავიაზროთ ყოველდღიურად.

მაგალითად არ შეიძლება ბავშვის თვალწინ წითელ შუქნიშანზე გზის გადაკვეთა. ეს შეიძლება ბავშვმა დაიმახსოვროს და ერთხელაც ფატალურად დასრულდეს მისი წითელზე გადასვლა.

თუ გინდათ, რომ ბავშვმა რაღაც საქციელი აღარ გაიმეოროს, აუხსენით მას ეს მშვიდად, გარკვევით და გააგებინეთ, ამ არასასურველი საქციელის სანაცვლოდ კონკრეტულად როგორ მოიქცეს.

მაგ. არასწორია: „დაუბანელი ხელით ნუ იწყებ ჭამააააააააას”

სწორია: „ჯერ ხელები დაიბანე და მერე დაიწყე ჭამა!”,.

ყოველთვის დააჯილდოვეთ ის მაშინ, როცა კარგად მოიქცევა. ცუდად მოქცევისას კი არასდროს უკივლოთ, უწივლოთ, აგინოთ, წყევლოთ, ხელით შეხებაზე აღარ ვსაუბრობ.

მე თუ მსგავს ფაქტს შევესწარი, აუცილებლად დავრეკავ პოლიციაში და იგივეა თქვენი ყველას მოქალაქეობრივი ვალდებულება.

ბავშვი არ არის მშობლების საკუთრება, არამედ ის პირველ რიგში საკუთარ თავს ეკუთვნის! ბოლოს და ბოლოს, არცერთ ბავშვს არ უთხოვია მშობლებისთვის, არიქა, გამაჩინეთო!

პირიქით, შვილის ყოლას ყოველთვის მშობლები უწყვეტენ ბავშვს.

ჰოდა თუ გადაუწყვიტეთ ბავშვს თქვენი შვილობა, კეთილი ინებეთ და შესთავაზეთ მას მინიმუმ უპირობო სიყვარული და 100% დაცულობის შეგრძნება ყოველგვარი ძალადობის გარეშე.

თქვენი ნაღრიალებ-ნაგინები ბავშვები დიდობაში ჩემი პაციენტები ხდებიან!

და ასე რომ არ მოხდეს, თქვენ მოდით ჩემთან, თუ ვერ აკონტროლებთ ბრაზს, აგრესიას და სხვა, ბავშვისთვის ტოქსიკურ ემოციებს თუ ქცევებს!

ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს და გახსნილ გონებას გისურვებთ!“, - წერს ლევან შელეგია. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ხალხი, რომლებიც არიან დაბალ ვიბრაციებზე, ექნებათ ფიზიკური და ჯანმრთელობის  პრობლემები...“ - მარიამ ციმინტია

🎥 „რაც დასასრულებელი გვაქვს უნდა დავასრულოთ...“ - ნინა სუსლოვას რჩევები 2025 წელის გაცილებისთვის

🎥 „2026 იქნება „თავიდან დაბადების წელი...“ - გოგა მანია