ყველა ადამიანში არის ნათელი და ბნელი მხარე და არასოდეს ვიცით, რა გავლენას მოახდენს ამ ბნელ მხარეზე ჩვენი საქციელი - ჩვენმა რომელმა მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს შური, ბრაზი და წყენა? აღმოსავლელ ბრძენებს მიაჩნდათ, რომ ბედნიერი ცხოვრებისთვის 4 მთავარი რჩევით უნდა იხელმძღვანელოთ.
თუ რამე გტკივა, არავის უთხრა
არაბეთში არსებობს ძველი თქმულება მოხუცი ეციოს შესახებ, რომელიც შვილის ომში წასვლის შემდეგ სახლში მარტო დარჩა.
ეციო დილაუთენია იღვიძებდა და დაღამებამდე მუშაობდა, რათა მეურნეობას ახალგაზრდა კაცის სახლიდან წასვლა არ დასტყობოდა.
ერთხელ მოხუცთან მეზობელი მივიდა ჰკითხა - „როგორ ხარ, ეციო?“ „ზურგი მტკივა“ - შესჩივლა მან. მალე სოფელში ჭორი გავრცელდა, რომ მოხუცი ეციო ავადაა და მეურნეობის მართვა და ცხოველების მოვლა უჭირს. მეზობლებმა იფიქრეს, რომ მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი მოხუცი ქონებას ადვილად შეელეოდა და მისი გროშებად გაყიდვა შესთავაზეს.
მოხუცმა შეთავაზებაზე უარი თქვა, ტკივილის მიუხედავად, მუშაობა გააგრძელა და ომიდან დაბრუნებულ შვილს ქონება გადაულოცა.
ასევე მნიშვნელოვანი რჩევა მისცა, რომელიც ცხოვრებაში დაეხმარებოდა: „თუ რამე გტკივა, არავის უთხრა, რადგან ჯერ შეგიცოდებენ, რაც არაფერში გჭირდება, შემდეგ კი იქ დაგარტყამენ, სადაც ყველაზე მეტად გტკივა“.
ნუ ეტყვი მეგობარს იმას, რასაც მტერს არ ეტყოდი
ნუ ეტყვით მეგობარს იმას, რასაც მტერს არ ეტყოდით - თუ მეგობარი თქვენს საიდუმლოს გაამხელს ან ამ საიდუმლოთი ისარგებლებს, ორ ადამიანზე გაბრაზდებით - საკუთარ თავზე და მეგობარზე.
არაბულ სიბრძნეს ეთანხმებოდა არტურ შოპენჰაუერი: „არ უთხრა მეგობარს ის, რაც შენმა მტერმა არ უნდა იცოდეს“.
არასოდეს თქვა საკუთარ თავზე ცუდი
მოხუცი ბრძენი, სახელად ოკამი 10 წელი უდაბნოში წყალს ეძებდა. როცა, ბოლო და ბოლოს, წყალი იპოვა, თანასოფლელები შეგროვდნენ და ოკამს გამარჯვება მიულოცეს, მაგრამ მან თავი დახარა და თქვა, რომ მნიშვნელოვანი არაფერი გაუკეთებია - ”ეს ჩემი დამსახურება არაა, ღმერთი დამეხმარა“- ამბობდა გამუდმებით.
მალე ოკამის აღმოჩენამ თანასოფლელების თვალში მნიშვნელობა დაკარგა - წყლის დალევის ნაცვლად, ისინი წყაროში ფეხებს იბანდნენ. წყარო დაბინძურებულ და ტალახიან აუზად იქცა. მოხუცს ამან საშინლად გული ატკინა, მაგრამ ხალხს ზუსტად ისეთი დამოკიდებულება ჰქონდა, როგორიც მან შეუქმნა, როცა თქვა, რომ ეს წვრილმანი იყო.
გახსოვდეთ, თუ საკუთარ თავს არ აფასებთ, სხვებს მაგალითს აძლევთ, რომ მათაც არ დაგაფასონ. თუ ადამიანი საკუთარ თავს პატივისცემით ეპყრობა და ღირსეულად იქცევა, მაშინ მას სხვებიც პატივისცემით მოეპყრობიან.
ნუ წუწუნებ
„მოთმინება ნიშნავს სულის სიმტკიცეს, რომ არავის შესჩივლო, გარდა ღმერთისა“ - იბნ არაბი.
სამყაროში, რომელიც ხშირად გვაიძულებს საკუთარი წყენა და გულისტკივილი საჯაროდ გავაჟღეროთ, მე-12 საუკუნის ფილოსოფოსისა და თეოლოგის იბნ არაბის სიბრძნე მოთმინების ხელოვნების განსხვავებულ ხედვას გვთავაზობს.
იბნ არაბის თქმით, წუწუნის უფლება მხოლოდ ლოცვის და განსაკუთრებული გაჭირვების დროს გაქვთ, დანარჩენ დროს უნდა გაუძლოთ და მოთმინებით იცხოვროთ.
როგორც იბნ არაბი ვარაუდობს, მოთმინება უბედურების პასიური მიღება კი არ არის, შინაგანი ძალაა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ცხოვრებისეულ გამოწვევებს გავუმკლავდეთ.
მოთმინებით ჩვენ განვავითარებთ შინაგან ძალას, რომელიც საშუალებას გვაძლევს, უბედურებას მადლითა და გამძლეობით გავუმკლავდეთ, რაც საბოლოოდ ბედნიერებამდე მიგვიყვანს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„უკეთესი გუნდი გავხდით, თუმცა ამ ჯგუფში იოლი თამაშები არ გვექნება“ - გურამ კაშია