Digest Logo

ვარჯიშის ნაკლებობა კიბოს რისკს ზრდის! - რას წერს მკვლევარი, ქეთევან შავლიაშვილი

1785256150
ქეთევან შავლიაშვილი

ექიმი, მკვლევარი და Medea Health-ის დამფუძნებელი, ქეთევან შავლიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ვარჯიშის ნაკლებობაზე, სხეულის უმოქმედობასა და დიდხანს ჯდომაზე წერს.

სპეციალისტი ამბობს, რომ თუ სამსახურში 8 საათზე მეტი ჯდომა გვიწევს, ასეთი მდგომარეობა კიბოს რისკს ზრდის:

„დიდი ხანია ვიცით, რომ ვარჯიშის ნაკლებობა კიბოს რისკს ზრდის. თუმცა, უახლესმა კვლევებმა კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ აჩვენა: ხანგრძლივი ჯდომა უბრალოდ „პასიური ცხოვრების წესი“ არ არის, ის დამოუკიდებელი ბიოლოგიური რისკფაქტორია.

წარმოიდგინეთ ასეთი სცენარი: სამსახურში 8 საათს სკამზე ატარებთ, საღამოს კი სპორტდარბაზში მიდიხართ და ერთი საათი ინტენსიურად ვარჯიშობთ. კვირაში 150-წუთიან ნორმასაც ასრულებთ. ეს, თავისთავად, კარგია და მნიშვნელოვანი, მაგრამ ახალი მტკიცებულებები აჩვენებს, რომ საღამოს ვარჯიში სრულად ვერ ანეიტრალებს იმ ზიანს, რომელსაც მთელი დღის განმავლობაში უწყვეტი უძრაობა აყენებს ორგანიზმს.

როდესაც საათობით სხედხართ პოზის შეცვლის გარეშე, თქვენი სხეული მეტაბოლურ კრიზისში შედის. მიტოქონდრიები კარგავენ მოქნილობას და კუნთები საწვავის არაეფექტურ მოხმარებაზე გადადიან. ამავდროულად, ფერხდება ინსულინის სიგნალების გადაცემა, რადგან GLUT-4 ტრანსპორტერები, ანუ გლუკოზის გადამტანები სათანადოდ ვეღარ მუშაობენ. შედეგად, პანკრეასი იძულებულია გამოყოს მეტი ინსულინი, ხოლო ინსულინის მაღალი დონე წინასიმსივნური (პრემალიგნური) უჯრედებისთვის ერთგვარი „სასუქია“. გარდა ამისა, აქტიურდება ანთებითი გზები, მათ შორის IL-6, TNF-α და NF-κB, რაც კიბოს განვითარებისთვის ერთგვარ „იდეალურ შტორმს“ ქმნის.

უახლესი მონაცემები ასევე აჩვენებს, რომ ჯდომის ყოველი დამატებითი საათი კიბოს რისკსა და სიკვდილიანობას ზრდის.

კოლორექტული და ენდომეტრიუმის კიბოს შემთხვევაში, ყოველი დამატებითი 2 საათი რისკს 8-10%-ით აჭარბებს.
ყველაზე კრიტიკული მიგნება კი ის არის, რომ ეს რისკი ნარჩუნდება მაშინაც კი, თუ ადამიანი ფიზიკურად აქტიურია. დარბაზში გატარებული ერთი საათი რვასაათიანი უძრაობის ბიოლოგიურ კვალს სრულად ვერ შლის.

სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი 5-წუთიანი წესი - მცირე ცვლილებებს დიდი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს.
უახლესი მონაცემებით, დღეში მხოლოდ 5–10 წუთით მეტი აქტივობა და 30–60 წუთით ნაკლები ჯდომა უკვე უკავშირდება სიკვდილიანობის შემცირებას მოსახლეობის დონეზე.

სხვა სიტყვებით, დიდი ცვლილებისთვის სპორტსმენის რეჟიმი არ გჭირდებათ — ხშირად საკმარისია პატარა, განმეორებადი მოძრაობის სავარჯიშო„წახემსებები“ და ნაკლები უწყვეტი ჯდომა.

ხანგრძლივი ჯდომა დაკავშირებულია ინსულინრეზისტენტობასთან, ქრონიკულ ანთებასთან და იმ მეტაბოლურ ცვლილებებთან, რომლებიც დროთა განმავლობაში ჯანმრთელობისთვის არახელსაყრელ გარემოს ქმნის. ამიტომაც, მხოლოდ ის არ არის მნიშვნელოვანი, რამდენს ვვარჯიშობთ — მნიშვნელოვანია, რამდენ ხანს ვისხდებით დღის განმავლობაში.

რა არის გამოსავალი?

- ყოველ საათში ერთხელ მაინც იმოძრავეთ: შეცვალეთ პოზა, ადექით და გაიჭიმეთ.
- გამოიყენეთ „სავარჯოშო წახემსებები“ — 1-2 წუთიანი აქტივობა საათში ერთხელ, რაც მეტაბოლურად ნამდვილად სასარგებლოა.
- დღეში ჯდომის მხოლოდ 1 საათით ჩანაცვლება მსუბუქი აქტივობით, კიბოს სიკვდილიანობას დაახლოებით 12%-ით ამცირებს, ხოლო ინტენსიური აქტივობით —31%-მდე.
- ეს სარგებელი ვარჯიშისგან დამოუკიდებლად ვლინდება: ჯდომას მხოლოდ ვარჯიშით ვერ „გამოისყიდით“, რადგან სხეულს უძრაობის ხშირი წყვეტა სჭირდება.

მთავარი დასკვნა: ქრონიკული, უწყვეტი ჯდომა დამოუკიდებელი და სერიოზული რისკფაქტორია, რომლის შემცირებაც მარტივი ყოველდღიური ჩვევებით არის შესაძლებელი.

ჩვენი ჯანმრთელობა დამოკიდებულია არა მხოლოდ იმაზე, რამდენს ვვარჯიშობთ, არამედ იმაზეც, როგორ ვმოძრაობთ მთელი დღის განმავლობაში“, - წერს ქეთევან შავლიაშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „სულიერი ჩანაფიქრი გადაჰყავს რეალურ, მატერიალურ სამყაროში“ - 28 ივლისის პროგნოზი მაიას ტომის კალენდრის მიხედვით

⭕ „მადლობა, რომ ხარ საუკეთესო ქმარი, ჩემი საუკეთესო მეგობარი“ - შორენა გაჩეჩილაძე-ჩერტკოევი მეუღლეს იუბილეს ულოცავს

🎥 „არ შეხვიდეთ კონფრონტაციაში!...“ - 29 ივლისის სავსემთვარეობა მერწყულში: გიორგი ლობჯანიძის ასტროპროგნოზი