„ფრილანსერი“, გრაფიკოს-დიზაინერი, „ქოფირაითერი“ და კონტენტ-კრეატორი ნინა შიშმანიძე სოციალურ ქსელში ბავშვის უჩვეულო წუწუნის შესაძლო მიზეზზე საუბრობს.
მისი თქმით, ბავშვებს ყოველ თვეში, დაბადების რიცხვის მოახლოებისას ეწყებათ გაღიზიანება და ხშირი ტირილი უმიზეზოდ, ხასიათის სწრაფი ცვლა, ძილის დარღვევა, ღამის ხშირი გაღვიძება:
„თუ შენი შვილი უჩვეულოდ წუწუნებს, დააკვირდი, იქნებ თავისი დაბადების რიცხვი ახლოვდება.
თუ ასეა, შესაძლებელია მას ზრდის დღეები აქვს. ზრდის დღეების წინ (ხშირად 10–14 დღით ადრე) ყველა თვეში, დაბადების რიცხვის მოახლოებისას, ბავშვების უმეტესობას ეწყება:
• გაღიზიანება და ხშირი ტირილი უმიზეზოდ
• ხასიათის სწრაფი ცვლა
• ძილის დარღვევა, ღამის ხშირი გაღვიძება
• ბუნებრივ კვებაზე ყოფნისას — მთელი ღამე ჭამის მოთხოვნა
• დედაზე მეტად მიჯაჭვულობა
• მარტო დარჩენის შიში
• უფრო ხშირი ჩახუტების მოთხოვნა
ეს ყველაფერი ბუნებრივია. ბავშვის სხეული და ნერვული სისტემა ემზადება ცვლილებისთვის.
რას ვაკეთებთ ამ პერიოდში:
• ვზრდით ჩახუტებებს და ფიზიკურ სიახლოვეს
• ვამცირებთ მოთხოვნებს და წესებს
• ვრჩებით მშვიდები - ბავშვი ჩვენს ემოციებს გრძნობს
• ვაძლევთ ძუძუს მოთხოვნით (თუ ბუნებრივ კვებაზეა)
• არ ვაიძულებთ დამოუკიდებლობას
• ვიხსენებთ: ეს ეტაპია და ჩაივლის
ზრდის დღეები ხშირად იწყება არეულობით, მაგრამ სრულდება კიდევ ერთი ნაბიჯით წინ - ახალი ბგერა, სიტყვა, საქციელი, ნაბიჯები, პირველი კიჭები და ა.შ.
დედა ამ პერიოდში ბავშვის ყველაზე უსაფრთხო ადგილია“, - წერს ნინა შიშმანიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 რატომ არის შფოთვის დონე მაღალი და რა არის გამოსავალი? - ფსიქოთერაპევტის განმარტება