ასაკის, კვების რეჟიმისა და ნერვული სისტემის მდგომარეობის შესაბამისად, კანში ცხიმის რაოდენობა იცვლება. ცხიმოვანი ცვლის დარღვევა კი ცუდად აისახება კანზე. ის ეშვება, იხორკლება, სკდება, გაცილებით მგრძნობიარე ხდება ტემპერატურის ცვალებადობის მიმართ, იქერცლება, ადვილად ღიზიანდება და წითელი ლაქებით იფარება. კანს აშრობს გარეგანი ფაქტორებიც – მზე, ქარი, ზღვის წყალი და ასე შემდეგ. კანი რომ არ გამოშრეს, აუცილებელია ჰიგიენის წესების დაცვა და ხილისა და ბოსტნეულის ნიღბების გამოყენება. არ შეიძლება სახის დაბანა შინიდან გასვლის წინ, ასევე, სპირტიანი ლოსიონების, მათეთრებელი კრემების ჭარბი გამოყენება.
თუ მშრალ კანს დროულად მიხედავთ, ადრეული ნაოჭებისგანაც დაიცავთ და სილამაზეს დიდხანს შეინარჩუნებთ. მშრალი კანი უნდა გაიწმინდოთ მხოლოდ გრილი ან ოთახის ტემპერატურის ანადუღარი წყლით. ცივი წყალი სისხლძარღვებს ავიწროებს, რის შედეგადაც კანი ეშვება და ნაოჭდება, ცხელი წყალი კი აფართოებს ფორებსა და სისხლძარღვებს, რაც ასევე ადუნებს კანს და ხელს უწყობს მის დანაოჭებას.
✅ დილით სახე რძეგარეული წყლით დაიბანეთ (1 წილი რძე და 1 წილი წყალი). წყალი უნდა იყოს ანადუღარი და ოთახის ტემპერატურის;
✅ სახეზე წაისვით ცოტაოდენი არაჟანი, რომელიც დაარბილებს კანს და გაზრდის მის წინააღმდეგობის უნარს. არაჟნის ნარჩენები ჩამოიბანეთ ოთახის ტემპერატურის ანადუღარი წყლით;
✅ კანი გაიწმინდეთ შემდეგი ნარევით: შეათქვიფეთ კვერცხის გულს 100 გრამი ნაღები, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი არაყი და 5-15 წვეთი ლიმონის წვენი. გამოყენებამდე ნარევი შეანჯღრიეთ. სახეზე წაისვით ბამბის ტამპონით რამდენიმეჯერ. ეს ნარევი კარგად არბილებს კანს;
✅ კვირაში ერთხელ სველ სახის კანზე წრიული მოძრაობით წაისვით მაიონეზი. შემდეგ ჩამოიბანეთ გადადუღებული წყლით. დაბანის შემდეგ სახეზე წაისვით მშრალი კანისთვის განკუთვნილი კრემი. ის არბილებს და ამკვრივებს კანს;
თუ კანს აქვს დეფექტები, მაგალითად, ჭორფლი, პიგმენტური ლაქები, გაფართოებული სისხლძარღვები, მზეში გასვლამდე წაისვით დამცავი კრემი, მერე კი, სახე პუდრით დაიფარეთ. თუ კანი უდეფექტოა, მკვებავი კრემის შემდეგ გადაისვით დეკორატიული პუდრი, უმჯობესია, კრემ-პუდრი.
მშრალი კანის სწორ მოვლაში ბუნებრივი საშუალებებიც დაგეხმარებათ
✅ კვერცხის გულისა და თაფლის ნიღაბი: 1 კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი თაფლი და 1 ჩაის კოვზი მზესუმზირას ზეთი ერთმანეთში აურიეთ და კარგად ათქვიფეთ. დაუმატეთ, 15 წვეთი ლიმონის წვენი. მიღებული მასა წაისვით სახეზე, 20 წუთის შემდეგ კი ჩამოიბანეთ რძეგარეული წყლით;
✅ ხაჭოსა და არაჟნის ნიღაბი: 1 სადილის კოვზ ხაჭოს დაუმატეთ 1 სადილის კოვზი არაჟანი, ნახევარი ჩაის კოვზი მარილი და კარგად აურიეთ. მიღებული მასა სახეზე წაისვით და 15 წუთის შემდეგ თბილ, ანადუღარ წყალში დასველებული ბამბის ტამპონით მოიწმინდეთ;
✅ ქლიავისა და ნესვის ნიღაბი: თანაბარი რაოდენობის ქლიავისა და ნესვის რბილობი, კანის გარეშე დააბლენდერეთ და დაამატეთ 10 წვეთი ნებისმიერი მცენარეული ზეთი. მიღებული მასა წაისვით სახეზე. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ჯერ თბილი, შემდეგ ცივი წყლით;
✅ კიტრისა და შვრიის ფანტელების ნიღაბი: 1 ცალი კიტრი გახეხეთ სახეხზე, დაამატეთ შვრია, იმდენი, რომ ფაფისებური მასა გამოვიდეს და 20 წუთით სახეზე დაიდეთ. შემდეგ კი ოთახის ტემპერატურის ანადუღარ წყალში დასველებული ტამპონით მოიცილეთ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„გადახედავთ ურთიერთობებს სიყვარულში...“ - თამუნა იოსელიანის რეკომენდაციები
წყარო: tbiliselebi.ge