გასულ წელს ცნობილი ქართველი პოეტი გიორგი კეკელიძე და მისი მეუღლე მარიამ სოსელია მშობლები გახდნენ - მათ ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც კეკე დაარქვეს.
მწერალი, არც საქმიანობას აკლებს ყურადღებას და პერიოდულად აქვეყნებს ამონარიდებს საკუთარი ნაშრომებიდან.
გთავაზობთ მწერლის მორიგ პოსტს, რომელიც ბავშვობას და უშუქობის პერიოდს იხსენებს, რომელსაც ოჯახთან ერთად ატარებდა ხოლმე:
„ეპოქის უმთავრესი ნიშანი, იმ პატარა და უწყინარ ქალაქში, სადაც მე გავიზარდე, მაინც ცენტრალური შუქის მოსვლა იყო.
რაღაც მოულოდნელ ელდასავით, დაუდგენელი ემოციით – სიხარული და დანანება ერთად, წინასწარი დანანება – „ე, ჩქარა მუასწროთ ახლა ლამფის შუშის გაწმენდა, თლა გეილანცა, სანამ წევიდა აი მოსასპობელი ისევლე“.
კი, ეს დიადი და ელვარე შუქი, ცენტრალური შუქი, მართლაც მალე მიდიოდა – სამ, ხუთ ან ექვს წუთში. ჰა–ჰა – ნახევრ საათში. ნახევარი საათი გაწელვა კიდევ უარესი იყო – გძაბავდა ხანგრძლივი სასწაული, მშობლიურ ჩვეულებრივობაში დაბრუნება გერჩივნა.
გაჭვარტული ლამფის შუშის გაწმენდას ასწრებდი და ამ წმენდისას ხვდებოდი – სასწაულები ხომ იმიტომ ხდება, მიჩვეული დინებიდან დროებით გამოგიყვანოს და უფრო მომზადებული შეგაბრუნოს. „ა, წევიდა, დეგეფსოთ თვალები, ხომ ვთქვი“ – ამბობდა დედაჩემი, ამბობდა, ასე განსაჯეთ, ცოტა ამომცნობის სიამაყითაც კი.
მამა ლამფას ანთებდა და „შინ“ ვბრუნდებოდით. ეს იყო მაშინდელი საღამოების ნამდვილი სახლი. მშობლიური. უცენტრალურდენო.
თუმცა, თუ უფრო უკეთ დააკვირდებით, წარმოდგენილი სცენა, დიდი დანებების უფროა – შენ მხოლოდ მიახლოებით შეგიძლია გამოიცნო, როდის წავა ცენტრალური შუქი. მის წასვლა– მოსვლას სხვა წყვეტს. სადღაც შორს.
„რუბილნიკთან“. ვერც იმას ხვდები, რატომ გადაწყვიტა მისი ჩართვა საერთოდ. რაღაცნაირად ადამიანად ყოფნის ამბავს ჰგავს. სიცოცხლეს ჰგავს. აქაც ხომ ვიღაც ზის სადღაც „რუბილნიკთან“ – არც ის იცი, რატომ გაგიმართლა და ჩაგრთო, არც ის – თუ როდის გამოგრთავს“, - წერს გიორგი კეკელიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„გადახედავთ ურთიერთობებს სიყვარულში...“ - თამუნა იოსელიანის რეკომენდაციები
🎥 „ყოველთვის ვცდილობ, ორივეს ერთნაირად გავუნაწილო სიყვარული...“ - თამო ვაშალომიძე შვილებზე
⭕ხვიჩა კვარაცხელიამ სეზონის პირველი ამხანაგური მატჩი „მალიორკასთან“ გამართა