
რამდენიმე დღეში ახალი 2024 წელი დადგება. ქართველი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მას სიხარულითა და მადლიერებით შეეგებება. სამწუხაროდ, იმავეს ვერ ვიტყვით ადამიანებზე, რომლის ოჯახის წევრები 2023 წელს ტრაგიკულად დაიღუპნენ. მათთვის ცხოვრება გაჩერდა, ყველაფერმა აზრი დაკარგა, ისინი ყოველ დღე სიკვდილს ნატრულობენ და საყვარელი ადამიანების მონატრებით იტანჯებიან...
დიახ, მათ არასოდეს დაავიწყდებათ წელი, რომელმაც მათ გულებს სამუდამო დაღი დაასვა და მოუშუშებელი ტკივილი დაუტოვა. ვფიქრობ, არც ჩვენ, საქართველოს უბრალო მოქალაქეებს არ უნდა დაგვავიწყდეს ის ტრაგედიები, რომლის დროსაც საზოგადოება გაერთიანდა, განურჩევლად წარმომავლობისა, პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედულებებისა.
„დაიჯესტი“ კიდევ ერთხელ ეცდება შეგახსენოთ უმძიმესი დღეები, რომლებიც 2023 წელს საქართველოსა და საზღვრებს გარეთ მოხდა.
შოვის ტრაგედია
3 აგვისტოს შოვში მომხდარმა ტრაგედიამ, შეძრა სრულიად საქართველო, ეს ის ტკივილია, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვება ბევრ ჩვენგანს. სტიქიის ზონაში აქტიურად მიმდინარეობდა როგორც ცოცხალი ძალით, ასევე მძიმე ტექნიკითა და მცურავი საშუალებებით ძებნის სამუშაოები.
უდიდეს ტრაგედიას 32 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის იყვნენ მცირეწლოვანი ბავშვებიც.
გიორგი გოგინაშვილი, გიორგი ყარალაშვილი, სოფი ყარალაშვილი, დავით ბერიაშვილი, გენადი სულთანიშვილი, მეგი გუტაშვილი, გიგი გუტაშვილი, მარინე ხორბალაძე, ლუკა დუდაშვილი, შორენა ბიჭაშვილი, მარიამ მაისურაძე, ქეთევან ლობჟანიძე, სამირა ისაევა, ნინი კენჭაძე, ალინა პოლიკოვსკა, ქსენია ტრიჩევა, ნატო ჭელიძე, ანდრია დუდაშვილი, სოფო ბაკურაძე, მანანა ჯაჭვაძე, თემურ ჩარკვიანი, დიტო ფირცხალავა, სალომე ხეთაგური, მესხის უფროსი ვაჟი, ანასტასია დუდაშვილი, ლევან რაზმაძე, კოტე მაისურაძე, ზაზა მესხი, გვანცა ბუბაშვილი, გიორგი ხორბალაძე, მირიან ჭელიძე - ეს იმ ადამიანების სიაა, რომლებიც ამ დღეს დაიღუპნენ.
გეგუთის ტრაგედია
ქუთაისის აეროპორტთან მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ სრულიად საქართველო მოიცვა. ავარიას ლაშა წიქორაძის, მამუკა ბრეგვაძის, ჯუბა კუხიანიძის, გიორგი მამისეიშვილისა და მირანდა ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ზოგიერთ მათგანს საცოლე დარჩა, ერთ-ერთს კი წლების უნახავი ემიგრანტი დედა, რომელსაც ქვეყანაში დაბრუნებულს გაყინული შვილის ცხედარი დახვდა, მონატრებულმა კი ის გულში ჩაიკრა.
ისრაელის ომი
2023 წლის 7 ოქტომბერს მსოფლიო შეძრა „ჰამასის“ სამხედროების ელვისებურმა ტერორისტულმა თავდასხმამ, როდესაც ისინი ღაზის სექტორიდან ისრაელის სამხრეთ ნაწილში შეიჭრნენ, დახოცეს 1400 ადამიანი, 220 კი მძევლად აიყვანეს. სარაკეტო დარტყმა ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა.
ამის პასუხად ისრაელმა უპრეცედენტო სამხედრო შეტევა განახორციელა ღაზის სექტორზე და პირობა დადო, რომ „ჰამასს“ გაანადგურებდა.
ანტიტერორისტული ოპერაციის „რკინის ხმლების“ პირველ-ორ კვირაში ათასობით პალესტინელი მოქალაქე დახოცეს, მილიონზე მეტმა კი იძულებით დატოვა საცხოვრებელი ადგილი.
„ჰამასის“ ტეორისტული თავდასხმიდან რამდენიმე დღის შემდეგ ისრაელის არმია პალესტინის ანკლავში საჯაროდ გამოცხადებული სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადებოდა. ათობით ათასი რეზერვისტი სამხედრო სამსახურში გამოიძახეს, ისევე როგორც იმ ბატალიონის წევრები, რომელიც ახლა უკვე საყოველთაოდ ცნობილ კიბუც ბეერისთან არის დაბანაკებული. ეს არის დასახლება, რომელსაც „ჰამასის“ ტერორისტები ყველაზე სასტიკად გაუსწორდნენ. ამ 1100-სულიანი კიბუცის მოსახლეობის 10 პროცენტი ამოხოცეს.
ისრაელ-ჰამასის ომს, სულ მცირე, 69 ჟურნალისტი ემსხვერპლა
ისრაელში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების ნაწილი, ომის მიუხედავად, თავს მაინც დაცულად გრძნობენ და საქართველოში ჩამოსვლას არ აპირებენ.
გაეროს პალესტინელთა დახმარების სააგენტოს განცხადებით, ომის განმავლობაში, ყოველ 10 წუთში, საშუალოდ ერთი ბავშვი იღუპება და ორი იჭრება.
თურქეთის მიწის ძვრა
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს, გამთენიისას მოხდა. სულ მცირე 76 ადამიანი დაიღუპა და 440 დაშავდა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში გამთენიისას მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად.
7,4 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი კაჰრამანმარაშის პროვინციაში, 7 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ გაზიანთეფის მახლობლად იყო. მიწისძვრის ეპიცენტრში დაინგრა და დაზიანდა ასეულობით შენობა.
სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში ქართველი მაშველებიც მონაწილეობდნენ. ქალაქ ადიამანში სამაშველო ღონისძიებაში მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში ეძებდნენ ცხედრებს. ჩვენმა გმირებმა რამდენიმე ადამიანის სიცოცხლეც გადაარჩინეს.
თურქეთში ძლიერ მიწისძვრას საქართველოს მოქალაქეებიც ემსხვერპლნენ. მათ შორის 60 წლამდე ქალი ნანი ზარანდია და მარინა შვილდაძე იყვნენ.
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთში მიწისძვრების შედეგად მიყენებული ზარალი დაახლოებით 104 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ გადაღებულმა ფოტომ, სადაც მამას ნანგრევების ქვეშ მოქცეული 15 წლის ქალიშვილის ხელი უჭირავს, სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა.
პრაღა
21 დეკემბერს პრაღაში კარლის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ამავე უნივერსიტეტის 24 წლის სტუდენტმა დავიდ კოზაკმა სტუდენტების მიმართულებით ცეცხლი გახსნა, რასაც 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 25 დაიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, დავიდ კოზაკი ხელოვნების ფაკულტეტის მსოფლიო ისტორიის ინსტიტუტში სწავლობდა პოლონეთის ისტორიის მიმართულებით. ეს შემთხვევა 2015 წელს პარიზის ტერორისტული თავდასხმების შემდეგ ევროპის ყველაზე მასშტაბური თავდასხმაა.
როგორც გავრცელებული ფოტოებიდან ირკვევა, დავიდ კოზაკმა უნივერსიტეტის ტერიტორიაზე შავი ფერის შაშხანის ტიპის იარაღი მიიტანა და სროლა იმ მომენტამდე არ შეწყვიტა, სანამ ის პრაღის პოლიციის თანამშრომლებმა არ დაჭრეს. პოლიციის ვარაუდით, დაჭრილმა თავდამსხმელმა სასიკვდილო ჭრილობა თავად მიიყენა და თავი მოიკლა. კოზაკის სხეული ახლა ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი.პრაღის პოლიციის ცნობით, დავიდ კოზაკმა პრაღიდან 21 კილომეტრში მდებარე სოფელში მოკლა მამა და შემდეგ წავიდა უნივერსიტეტში, სადაც ცენტრალურ მოედანზე ცეცხლი გახსნა. პოლიციამ მალევე მიიღო ინფორმაცია, რომ სოფლის სახლში მოკლული კაცი იპოვეს და შეიარაღებული თავდამსხმელი პრაღაში წავიდა, სადაც თვითმკვლელობას გეგმავდა. 21 დეკემბერს შუადღის პირველი საათიდან პოლიცია დავიდ კოზაკს უკვე პრაღაში ეძებდა. დაახლოებით შუადღის სამ საათზე კოზაკმა ცეცხლი გაუხსნა თავის თანაკურსელებს უნივერსიტეტის ხელოვნების ინსტიტუტის კორპუსში.
ჩეხური მედიის ცნობით, კოზაკმა თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე სოციალურ ქსელში დაწერა პოსტი, სადაც ჩანს მისი ფანტაზიები სუიციდზე და მასობრივ მკვლელობაზე.
პრაღის პოლიციამ ასევე გამოთქვა ვარაუდი, რომ კოზაკის თავდასხმა შთაგონებული იყო რუსეთში 14 წლის მოსწავლის მიერ მოწყობილი თავდასხმით, სადაც ერთი მოსწავლე გარდაიცვალა და დაიჭრა ხუთი მათგანი.
ჩეხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის, ვიტ რაკუსანის თქმით, პოლიცია ასევე იძიებს ტყეში მოკლული ახალგაზრდა კაცისა და ჩვილი ბავშვის მკვლელობას, რომელიც შესაძლოა დავიდ კოზაკს უკავშირდებოდეს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
როგორი ნაძვის ხეებით ხვდება საქართველოს ქალაქები ახალ წელს - გამოავლინე წლის საუკეთესო
„ადამიანების სისასტიკის მსხვერპლი... როგორ ვნატრობდი გადარჩენილიყო“ - რას წერს ინგა გრიგოლია