ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც საზოგადოებას წმინდა ქეთევანის ხსენების დღეს ულოცავს.
გიორგი ლობჯანიძე ასევე გვიზიარებს ინფორმაციას, რომ წმინდა ქეთევანის წამების სცენა ლისაბონის ერთ-ერთ ტაძარში სრულად არის აღბეჭდილი. ასევე იგი წმინდანის შესახებ ისტორიასაც გვაცნობს.
„იცოდით რომ პორტუგალიაში ლისაბონის „დეგრასის“ ტაძარში დაცულია წმინდა ქეთევან დედოფლის ფრესკა, სადაც მისი წამების სრული სცენაა ასახული?
მართალია, დღეს მხოლოდ საქართველო კი არა სრულიად ევროპის კონტინენტი უნდა აღნიშნავდეს ქეთევან დედოფლის ხსენებას! აქვს ამას ბევრი მიზეზი.
მე-17 საუკუნის საქართველო სავსეა დინამიკური მოვლენებით და რაც ყველაზე მთავარია ბევრი ავ-კარგი ხდება ჩვენს თავს. შეუძლებელია მთელ ასწლეულს გაჰყვე ისე, რომ თვალზე ცრემლი არ მოგადგეს.
ამ განსაკუთრებული წმინდანის ცხოვრებაც და მთელი მოღვაწეობაც ნამდვილი ტანჯვა იყო.
დაოჯახდა კახეთის მეფის ალექსანდრეს უფროს ვაჟზე, დავითზე. სამწუხაროდ, ამ ქორწინებამ დიდხანს ვერ გასტანა.
დავითი სასტიკი და საშინელი ხასიათის მეფე იყო. ხალხი მის ძმას, მოწყალე და კეთილგონიერ გიორგის უფრო აფასებდა. დავითის შეცდომებს საზღვარი არ ჰქონდა. დააპატიმრა მისი ძმა გიორგი და განზე გამდგარი მამა. ასეთი საშინელი დღეები კახეთში დიდი ხანი არ ყოფილა, რადგანაც მალევე მეფეს მძიმე სენი შეეყარა და გარდაიცვალა.
ალექსანდრე მეფის კიდევ ერთი ვაჟი კონსტანტინე, ანუ სპარსულად კონსტანტინე-მირზა, ბავშვობიდანვე შაჰის კარზე იზრდებოდა, რჯულიც გამოცვლილი ჰქონდა. შაჰ აბასმა რა გაიგო ალექსანდრე ტახტზე დაბრუნდაო, უბრძანა მირზას მათი დახოცვა. კონსტანტინემაც მამა და ძმა უსიტყვოდ მოკლა, ხოლო მათი თავები კი აქლემს აჰკიდა და ალავერდს გააგზავნა დასამარხად. ქეთევან დედოფალმა კი პატივით დაკრძალა მამამთილისა და მაზლის ცხედრები.
ისეთ რთულ პირობებში, როდესაც შაჰის კარზე აღზრდილი კონსტანტინე მირზა იდგა ქვეყნის სათავეში, ხოლო თავად შაჰინ შაჰი დაგეშილი იყო გურჯებზე, ქვეყანაში აუცილებლობას წარმოადგენდა პატრიოტი ლიდერის ყოლა, გამწევი ძალა, რომელიც კახეთს ისევ ფეხზე დააყენებდა. სწორედ, ასეთი აღმოჩნდა ქეთევან დედოფალი!
ამ გარეწარმა კონსტანტინე მირზამ, არ იკმარა ჩადენილი და ქეთევანს ცოლობა სთოხა, რამე თუ ასეთია რჯული მაჰმადისაო. ქეთევანმა კი მოიწვია დარბაზობა. მუხრანში დიდებულებმა დედოფალს ერთგულება შეჰფიცეს და მირზა სიცოცხლეს გამოასალმეს. შეშინებულმა შაჰმა კი იმის შიშით, რომ კახეთი კვლავ ქართლს არ შეერთებოდა ქეთევანის ვაჟი, თეიმურაზი მეფედ დაადგინა. ქეთევანის სწორმა პოლიტიკამ ერთი გასროლით ორმაგად ახეირა ქვეყანა.
მეტად გაიხარა ირანიდან საქართველოში უფლისწული თეიმურაზის ჩამოსვლით საქრისტიანომ. თეიმურაზი მეფედ იკურთხა, ცოლიც შეირთო, მაგრამ მეუღლე მალევე გარდაიცვალა. შაჰის ბრძანებით კი მეორედ დააოჯახეს. ამჯერად, მისი მეუღლე ლუარსაბ მეფის და, ხორეშანი იყო. თავად კი შაჰმა ხორეშანის და ელენე შეირთო ცოლად და ასე დაუმოყვრდა აბასი ქართლ-კახეთის სამეფოს.
რა თქმა უნდა, ამ სიახლოვით იგი კიდევ უფრო დიდი განხეთქილების შემოტანას გეგმავდა.
ცოტა ხანში შაჰმა 1614 წელს თეიმურაზს ელჩი გამოუგზავნა და შვილი მოსთხოვა ერთგულების სანაცვლოდ მძევლად. შვილს კი მეფემ დედაც გააყოლა, რადგან იცოდა ქეთევან დედოფლის ავტორიტეტი და გამჭრიახობა რამხელა იყო. ქეთევან დედოფალს უმძიმესი მისია დაეკისრა და სწორედ მაშინ დაიწყო ჩვენს თავს ის შავბნელი დღეები, რაც კი რამ გამოიარა საქრისტიანომ.
ყველასთვის ნათელი იყო შაჰის სურვილი. მას სურდა ყველა ავტორიტეტის შეკრება და ერთიანად ერთ დღესვე მათი ამოხოცვა. ქვეყანაში ვინმე უნდა დარჩენილიყო სამართავად. თეიმურაზი უბრალოდ ვერ წავიდოდა შაჰთან, ისედაც არეულ კახეთს მეტი ქაოსი არ სჭირდებოდა.
შაჰმა წმინდა ქეთევანი და მისი შვილიშვილები შირაზს გადაასახლა, თავად კი კახეთს შეესია და სამასი ათასი კაცი აყარა, ხოლო მათ ნაცვლად კი ულუსები ჩამოასახლა გაუდაბურებულ ადგილებში.
ნელ-ნელა შაჰმა ქეთევან დედოფალს თეიმურაზის ორივე ძე ჩამოაშორა და დაასაჭურისა. ალექსანდრე წამებით გარდაიცვალა, ხოლო ლევანი შეიშალა.
ბოლოს კი შაჰმა ისევ მის კარზე მყოფ ქართველ დიდგვაროვანს იმამყული ხან უნდილაძეს დაავალა ან მიეღო მაჰმადი ქეთევანს ან ტანჯვით მოეკლა იგი. როგორ არ ეცადა იმამყული მის გადარწმუნებას, ბევრი ევედრა, ბევრი ეხვეწა, უხსნიდა რა მოელოდა, ეუბნებოდა გარეგნულად ეღიარებინა მაჰმადი, მაგრამ შიგნით ისევ ქრისტიანი ყოფილიყო, თუმცა ქეთევანი უდრეკად სასოებდა წმინდა სამებას!
მალე კი ხალხით გაჭედილ მოედანზე გაიყვანეს სათაყვანებელი დედოფალი. უსჯულოებმა ენით აუწერელი სისასტიკით აწამეს იგი, ხოლო ფრანგმა მისიონერებმა კი წმინდა ქეთევანის ნაწილები კათოლიკურ ეკლესიაში დაასვენეს. მის სხეულს კი ნათელი დაადგა თავზე, დასტურად იმისა, რომ შეუერთდა წმინდანთა დასს!
ქეთევან დედოფლის სიკვდილი დიდად არ შერგებია შაჰ აბასს, რადგანაც მალევე ამ ამბავს მოჰყვა მარტყოფისა და მარაბდის ბრძოლები, + ამას პარტიზანული ომები და ჯამში, თითქმის 60 ათასი სპარსი დაეცა ქართულ მიწაზე ისე რომ მიზანს შაჰმა მაინც ვერ მიაღწია და უდიდესი ტკივილის ფასად დაიხია უკან.
წმინდა ქეთევან დედოფლის თავგანწირვამ საქართველოს მთელი აღმოსავლეთი შეუნარჩუნა, მისი მარტვილობის ხარჯზე დღეს კახეთს საქართველო ჰქვია! კახეთის გარეშე კი ამ ქვეყნის წარმოდგენა ძალიან რთულია და არა მარტო კახეთი - ქეთევან დედოფალმა თვით მთელი იბერია და საქრისტიანო, ასევე ევროპული ცივილიზაცია იხსნა სპარსელთა ბატონობისგან!
სწორედაც რომ ამის გამოა მისი სახელი განთქმული ქვეყნის ფარგლებს გარეთაც და ზუსტადაც რომ ყველა შეგნებული ადამიანი უნდა აღნიშნავდეს მისი ხსენების დღეს!
და გახსოვდეთ! წმინდა ქეთევან წამებული მხოლოდ კახეთის კი არა, მთელი საქართველოს დედოფალი იყო!!!
გილოცავთ და წმინდა ქეთევანის ლოცვითა და მეოხებით გაგვინათდეს გონება მთელ ერს! მრავალს დავესწროთ!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია საქართველოში დღეს მოსალოდნელი?
🎥 რა სახის კვლევები უნდა ჩაიტაროს ქალმა ორსულობამდე? - ექიმის რჩევები