
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ-საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი 2020 წლიდან და ლიდერი ქალის ჯილდოს მფლობელი - ეს მარიამ ლაშხია.
მარიამ ყველაზე ახალგაზრდა პოლიტიკოსია, რომელიც მოსახლეობამ რამდენიმე ფაქტით დაიმახსოვრა.
ვინ იყო ის, ვინც პარლამენტში პატარა ბავშვით მივიდა? - მარიამ ლაშხი.
ვინ იყო ის, ვინც პარლამენტში პრემიერის მოსმენაზე მადლობა გადაუხადა ღარიბაშვილს? - მარიამ ლაშხი.
ვინ იყო ის, ვინც პარლამენტში პრემიერის მოსმენაზე მიკროფონის ხელახლა ჩართვა ითხოვა? - მარიამ ლაშხი.
ჰოდა, დღეს „დაიჯესტი“ სწორედ მასზე გიამბობთ.
ინტერვიუს ამონარიდი ჟურნალ „გზიდან“:
ზოგჯერ ვფიქრობ, რომ მთელი ჩემი ცხოვრება სტერეოტიპებთან ბრძოლაა და მათთან ჭიდილი თავიდანვე დავიწყე: მეამაყება, რომ არასდროს მისარგებლია დედ-მამის დახმარებით. როცა მამაჩემს მძღოლი ჰყავდა, მე ავტობუსით დავდიოდი და ვცდილობდი, ყველაფრისთვის ჩემით მიმეღწია. ამიტომ, ოჯახის მფარველობას გავექეცი და სულ სხვა პროფესია ავირჩიე - საინფორმაციო ტექნოლოგიების შესწავლა დავიწყე. ამ მიზნით, საქართველოს უნივერსიტეტში ჩავაბარე. მთელ ჯგუფში მარტო მე ვიყავი გოგო და ყველას უკვირდა, ამ ქერა ცისფერთვალებამ ამ საქმის შესწავლა რატომ გადაწყვიტაო. კარგად ვსწავლობდი და პირველი კურსი რომ დავხურე, მუშაობა დავიწყე. თან ვსწავლობდი, თან ვმუშაობდი. ეს ამბავი რომ გაიგო, მამაჩემს ძალიან გაუკვირდა.
ოჯახში არ გვქონდა იმის საჭიროება, რომ მუშაობა დამეწყო, შემეძლო მშვიდად მესწავლა და მხოლოდ ამაზე მეფიქრა. მამაჩემი, კონსტანტინე ლაშხი, ბანკირი იყო, ამავე დროს, სპორტსაც მისდევდა და ტანმოვარჯიშე იყო.
დღეს იგი ტანვარჯიშის ფედერაციის ხელმძღვანელია და ტექნიკურ უნივერსიტეტშიც ასწავლის.
დედა, ნანა ერგემლიძე არაბული ენის სპეციალისტია, თსუს პროფესორი. მყავს და - ნინო, რომელიც ჩემზე ორი წლით უმცროსია. ის პროფესიით ჟურნალისტია, სამი გოგონას დედა და ყველანაირად მხარს მიჭერს. ასევე, მყავს ჩემზე 11 წლით უმცროსი ძმა, რომელიც ჩემ თვალწინ გაიზარდა.
სულ ვამბობდი: ჩემმა მშობლებმა ოცნება ამისრულეს, ყოველთვის მინდოდა პატარა ძმა მყოლოდა და ეს ოცნება ამიხდა-მეთქი. ჩემი ძმა პროფესიით არქიტექტორია, ჯერჯერობით სწავლობს და თან, სპორტული ცხოვრებით არის დაკავებული.
განათლება
ცოტა ხნით გერმანიაში წავედი სასწავლებლად და ჩემი იქ ყოფნა 2008 წლის ომს დაემთხვა. ძალიან განვიცდიდი, ვფიქრობდი, რომ ჯობდა ჩემს ქვეყანაში ვყოფილიყავი და არა იქ, სადაც გულშემატკივარი არ მყავდა. ეს ჩემს ცხოვრებაშიც ყველაზე რთული პერიოდი იყო, რომელმაც ჩემი მომავალი მთლიანად შეცვალა: სწორედ მაშინ დავიწყე საერთაშორისო ურთიერთობების შესწავლა. გერმანიიდან დაბრუნებულმა პროფესია შევიცვალე და მაგისტრატურაში საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატია ავირჩიე.
ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეტაპი იყო არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძნება, რომელიც მიუსაფარ ბავშვთა სახლების კურსდამთავრებულებს ეხმარებოდა: ტრენინგებს უტარებდა და პრაქტიკულ ცოდნას აძლევდა.
ამის შემდეგ მსოფლიო ბანკში გადავედი, სადაც 3 წლის განმავლობაში ვმუშაობდი და სერიოზული გამოცდილება მივიღე. იქიდან კი - „ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში“ მიმიწვიეს. ეს ჩემთვის დიდი რისკი იყო, რადგან მსოფლიო ბანკში ძალიან კარგი პირობები დავტოვე - ორჯერ მეტი ანაზღაურება მქონდა, რასაც ბონუსებიც ემატებოდა. მაინც გავრისკე და გადავედი. სააგენტოში ბევრი კარგი პროექტი განვახორციელეთ და მნიშვნელოვანი ინვესტიციები მოვიზიდეთ. მათ შორის, პირველ რიგში, „ტექნოპარკი“ უნდა დავასახელო.
სულ 4 ენა ვიცი: ინგლისური, გერმანული, თურქული და რუსული. ფრანგულის შესწავლაც დავიწყე.
გზა პარლამენტარობამდე
მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო სტრუქტურაში ვმუშაობდი, ძალიან აპოლიტიკური ვიყავი. ჩემი ახლობლები იცინოდნენ კიდეც, რადგან ზოგიერთი პოლიტიკოსის სახელი და გვარი ზუსტად არ ვიცოდი. როცა შეთავაზება მივიღე, ჯერ დავიბენი და ვთქვი - დავფიქრდები-მეთქი.
მართლა რომ დავფიქრდი, მივხვდი, ვინმეს შორიდან კრიტიკა ძალიან ადვილია, ვიდრე პასუხისმგებლობის აღება და საქმის კეთება. ალბათ, ამიტომ გადავწყვიტე 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა.
ოქტომბერში, როცა რეგიონებში სიარული დავიწყეთ, 6 თვის ორსული ვიყავი. ეს ჩემთვის დიდი დატვირთვა იყო და ოქტომბრის ბოლოს ბავშვი ნაადრევად გავაჩინე. ჩემი ნიკოლოზი 26 ოქტომბერს დაიბადა და გარკვეული ხნით ინკუბატორში მოუწია ყოფნამ.
თავიდანვე ბუნებრივ კვებაზე მყავდა და ინკუბატორიდან სესიებზე მიწევდა სირბილი, ამას ემოციური ფონიც ემატებოდა... მოკლედ, რთული დღეები გამოვიარე. ერთხელ, პარლამენტში ვიყავი და დამირეკეს, რომ ბავშვი ტიროდა - ჭამა უწევდა.
შინისკენ გამოვრბივარ და ერთ-ერთი ჟურნალისტი გამომედევნა: თქვენთან მნიშვნელოვანი კითხვები გვაქვსო. ჩემი კონტაქტები ჩავაწერინე, ბოდიში მოვუხადე და ვუთხარი: ჩემზე მნიშვნელოვანი საქმე არ გექნებათ, რადგან სახლში მშიერი ბავშვი მელოდება და ინტერვიუ მერე ჩავწეროთ-მეთქი. იმ ჟურნალისტს თავისუფლად შეეძლო ეთქვა, რომ მედიის შეკითხვებს თავს ვარიდებდი... თავიდან მართლა მიჭირდა. კიდევ კარგი, რომ ჩემი საქმიანობის ნაწილი დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა და ამ რეჟიმს ნელ-ნელა შევეჩვიე.
სიყვარული
ჩემი მეუღლე - ალექსანდრე ნეფარიძე ერთ-ერთ ბანკში იურისტად მუშაობს. არც კი გვახსოვს, ერთმანეთი როდის გავიცანით, რადგან ერთ უბანში გავიზარდეთ. საერთო სამეგობრო გვყავდა, პატარაობიდანვე ვმეგობრობდით და ვიღაცებს ვურიგებდი კიდეც. ერთხელ, ხუმრობით მითხრა: ასეთ მეგობარს ცოლადაც სიამოვნებით მოვიყვანდიო. ცოტა ხანში ეს ხუმრობა სინამდვილედ იქცა და სერიოზული ურთიერთობის დაწყებიდან 8 თვეში, ჯვარი დავიწერეთ.
მე 29 წლის ვიყავი, ხოლო სანდრო - 33-ის, ასე რომ, ოჯახი გააზრებულად, უკვე ზრდასრულ ასაკში შევქმენით.
2018 წლის შემოდგომა იყო და ჩვენი თაფლობის თვე იტალიაში გავატარეთ. იმ დღეებში ქართველი მორაგბეები იტალიელებს ეთამაშებოდნენ და ჩვენი ვიზიტი ამ თამაშს დავამთხვიეთ. თანაც, პორტუგალიაში მიწევდა სიტყვით გამოსვლა, სადაც დიდი ღონისძიება იმართებოდა. იტალიაში ჩვენი დიდი სამეგობრო იყო შეკრებილი, რომელიც მორაგბეებს გულშემატკივრობდა. მოკლედ, ძალიან ლამაზი, სამახსოვრო მოგზაურობა გამოგვივიდა, რომელიც პარიზში დაგვირგვინდა, სადაც საქმიანი ვიზიტით ჩავედი - იქაც სიტყვით უნდა გამოვსულიყავი. მოკლედ, ყველაფერი ერთმანეთს დავამთხვიეთ.
ჩემი მეუღლე მართლა გულით მეხმარება; თანამედროვე მამები მიიჩნევენ, რომ შვილის აღზრდაში თანაბარი მონაწილეობა უნდა მიიღონ და ეს კარგია! ბევრ რამეს ერთად ვსწავლობთ, ადრე როგორც კი ატირდებოდა, მაშინვე ჩემთან მოჰყავდა, ახლა უკვე შეეჩვია და იცის, როგორ მიხედოს, როგორ დააძინოს...
აგრეთვე წაიკითხეთ
🔵„არაადამიანობით უსიამოვნოდ გამაოცა“ „ყველა საათს დაუკარგე ფასი“... - ზვიად ციკოლია ამ პოსტის გამო სკანდალში გაეხვია
🔵„მოერიდეთ წესების დარღვევას, რადგან მაღალია დაჯარიმების ალბათობა“ - მიხეილ ცაგარელი