მწერალი გურამ დოჩანაშვილი რამდენიმე წლის წინ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით გამოეხმაურა ყველაზე აქტუალურ თემას – „ქრისტე აღდგა“ თუ „ქრისტე აღსდგა?“
„- აბა, დაფიქრდით და მითხარი რამდენპირიანი ზმნაა – აღუდგინა?! – ვეკითხები ჩემს უკვდავ ხელმძღვანელს.
– სამპირიანი – დაუფიქრებლად (ცოტა გაბრაზებულიც) მპასუხობს ხელმძღვანელი – აღუდგინა მან, მას, ის (ვთქვათ, სიცოცხლე).
– მართალია, მაგრამ თუ სუბიექტი საკუთარ თავს დაეხმარა და აღუდგინა სიცოცხლე… ამას როგორ გამოვხატავთ?!
– აღუდგინა მან სიცოცხლე საკუთარ თავს..
– უფრო მოკლედ, – არ ვეშვები.
– აღიდგინა სიცოცხლე..
– კიდევ უფრო მოკლედ?!
– აღიდგინა…
– სიცოცხლე სად წავიდა? ერთი სიტყვით უნდა სთქვა, ისე რომ ჩანდეს კაცმა საკუთარ თავს სიცოცხლე აღუდგინა. კაცმა სიცოცხლე აღიდგინა..
– აჰ, ერთი სიტყვით შეუძლებელია – ისევ მიწყრება ხელმძღვანელი
– აღსდგა.
– აღდგა?
– არა, არა. აღსდგა! მართალია, ზმნამ მესამე ობიექტური პირი დაკარგა, მაგრამ პირის ნიშანი შეინარჩუნა… სწორედ იმის გამოსახატავად, რომ ეს ქმედება, აქტი (ქრისტეს აღდგომა), რომლის აღწერასაც ჩვენ ვცდილობთ თავისი შინაარსით არის ერთადერთი, განუმეორებელი და კაცობრიობის ისტორიაში მომხდარი ყველაზე დიდი სასწაული (თვითაღდგენა).
ჩვენ კი უნდა გვიხაროდეს, რომ იმ დროს ქართული ენა მზად აღმოჩნდა ამგვარი განსაკუთრებული შემთხვევისთვის, გამოამჟღავნა რა ცოცხალი ენისთვის დამახასიათებელი შემოქმედებითი უნარი, გამოაჩინა საკუთარ წიაღში არსებული ფორმა (ასევე ერთჯერადი და განუმეორებელი – აღსდგა), რომელიც ყველანაირ გრამატიკულ ნორმაზე და კანონზე მაღლა დააყენა..
– მაშ, აღსდგა, არა? – უკვე მუქარა ისმის ხელმძღვანელის ხმაში. ოღონდ, ვერ ვხვდები ჩემზე ბრაზობს თუ მასზე (ვინც ნამდვილად აღსდგა). ამიტომ, არ ვიმჩნევ..
– დიახ, დიახ ჭეშმარიტად აღსდგა!”
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕კვერცხი, პასქა და ჯეჯილი - რა სიმბოლური დატვირთვა აქვთ მათ