ხშირად გაგიგიათ და ალბათ, თავადაც არაერთხელ გითქვამთ, რომ ბედისწერას ვერ ასცდები და ყველას თავისი სავალი გზა აქვს გასავლელი ამ წუთისოფელში. მაგრამ, როგორ უნდა მიხვდეთ, რომ ბედისგან სწორედ თქვენთვის განკუთვნილ გზას ადგახართ და გვერდით არ გადაგიხვევიათ - აბა, რატომ არ გემართებათ ხელი? ამას რომ მიხვდეთ და საკუთარ „მარშრუტსაც“ არ ასცდეთ კუთვნილ „გზაზე“, უნდა იცოდეთ: რას ნიშნავს ბედისწერის მთავარი ხაზი, როგორია ცხოვრება მის გარეშე, რატომ გადაუხვიეთ ამ ხაზიდან, როგორ უნდა დაბრუნდეთ კვლავ იქ და რას შეცვლის ეს თქვენს ცხოვრებაში. ამ ყველაფერზე ეზოტერიკოსი ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს.
- ფიქრობთ, რომ ბედისწერის მთავარ ხაზს ასცდით და ამის გამო საკუთარი თავის რეალიზება ვერ მოახერხეთ? - სავსებით შესაძლებელია და თქვენ წარმოიდგინეთ, მასაც კი, ვინც საკუთარ თავზე მუშაობს, ბევრს კითხულობს, მედიტირებს და სხვებსაც ეხმარება, უჩნდება გრძნობა: „ეს ჩემი ადგილი არ არის.“ ერთი შეხედვით, თქვენი ცხოვრება შეიძლება გარედან შესაშურიც ჩანდეს, თუმცა შინაგანად გრძნობდეთ სიცარიელეს, უცნაურ დაძაბულობას და განცდას იმისას, რომ არასწორ გზას ადგახართ და ისიც კი არ იცით, საით წახვიდეთ... დღევანდელი თემაც სწორედ მათთვისაა, ვინც გრძნობს, რომ მეტის გაკეთება შეუძლია, მაგრამ ვერ ახერხებს თავის მარშრუტზე მოხვედრას. რატომ ხდება ეს და როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ეს მართლაც ასეა, ქვემოთ განვიხილავთ.
- რა არის ბედისწერის მთავარი ხაზი?
- ყოველ ადამიანს აქვს ძირითადი გეზი, რომლის მიმართულებით სვლისას ცნობიერება, სხეული, ენერგია და მოვლენები ერთმანეთს ემთხვევა... და ეს არ არის პროფესია, მისია ან „ბედისწერა“ ეზოთერული გაგებით, ეს გამოცდილების სპეციფიკური ვიბრაციაა - სულის სურვილი, რომ იცოცხლოს სხეულის, ხასიათისა და არჩევნის საშუალებით. ზოგი მოვიდა, რომ მის გზას საყრდენი ამაგრებდეს, ზოგს - წინ დიდი აღმოჩენები ელის, ზოგიც - განადგურებისა და ხელახლა შექმნის გზას ადგას. ბედისწერის მთავარი ხაზი დაბადების კარმაში არ წერია, ეს იმ ყველაფრის თავმოყრაა, რაც საკუთარ თავთან რეალურ კონტაქტში შესვლას მოჰყვება.
- როგორია ცხოვრება მთავარი ხაზის გარეშე?
- თუ საკუთარი გზით არ ცხოვრობთ, ეს „წარუმატებლობა“ კი არა, დეტალების, ვექტორებისა და გრძნობების მუდმივი დაშორიშორებაა. მაგალითად: იცით, როგორ გააკეთოთ (რაღაც), მაგრამ არ გეხალისებათ; ერთი და იგივე მეორდება სხვადასხვა ფორმით (ურთიერთობებში, პროექტებში, სიტუაციებში); შუაში ხართ გაჩხერილი — არც გადაიჩეხებით, მაგრამ ვერც გაფრინდებით; მიიჩნევთ, რომ წარმატება „თქვენი არ არის“ ან „არარეალურია“; ნებისმიერი ახალი მიმართულება სწრაფადვე „მიიბჟუტება“; გულის სიღრმეში კი იცით, რომ: „ეს არ არის ყველაფერი, რის გაკეთებაც შემიძლია“. ყოველივე ეს მეტყველებს იმაზე, რომ თქვენი ენერგია იხარჯება ფორმის შენარჩუნებაზე და არა საკუთარი პოტენციალის გახსნაზე.
- რატომ გადავდივართ მთავარი ხაზიდან?
- ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. დავიწყოთ საგვარეულო სცენარით - ხშირად, გაუაზრებლად ავეწყობით ხოლმე სხვების მარშრუტს - დედის, მამის, წინაპრების, სოციალური მოლოდინების. სამყაროს მათი თვალით ვხედავთ, მათი არჩევნით ვცხოვრობთ, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი გზით წავიდეთ. ასევეა, ტრავმული ადაპტაცია - როცა ბავშვობაში თავს დაუცველად გრძნობდი, სულმა ისწავლა არა საკუთარი თავის გამოხატვა, არამედ გადარჩენა. ასეთ დროს გზის ნაცვლად, ყალიბდება კომპენსაციის სისტემა: იყო მოხერხებული, საჭირო, მართალი და ძლიერი. შემდეგი მიზეზია რწმენა იმისა, რომ სწორად მიგაჩნიათ გონივრული არჩევანი და არა - სიმართლე. ცდილობთ, ყველაფერი გონებას, ლოგიკას დაუქვემდებაროთ, მოუსმინოთ ავტორიტეტებს - და გავიწყდებათ, რომ სხეულმა ყოველთვის იცის საკუთარი გზა. პრობლემა ის არის, რომ გონებას სიმყარე სჭირდება, ხოლო სულს - ზრდა... და ხშირად ეს ორი ტრაექტორია ერთმანეთს ეწინააღმდეგება.
- მაშ, როგორ მოვძებნოთ მთავარი ხაზი?
- დაუბრუნდით საკუთარ თავს და გაიხსენეთ: როგორი იყავით, სანამ „მოხერხებული“ ან „წარმატებული“ გახდებოდით. რა გიზიდავდათ? რა გახარებდათ? უბრალოდ, რის კეთება გინდოდათ? ხშირად დაბადების თარიღის მიხედვითაც შეიძლება, გამოვლინდეს, თუ: სად გაიჭედეთ, როდიდან გაურბიხართ ვიღაცას თუ რაღაცას და სად - გძინავთ. არ არის საჭირო ყველაფერი ბედისწერას „მიაწეროთ“. თავადვე უნდა მიაგნოთ, სად არის თქვენი ენერგია დაბლოკილი, შეზღუდული ან ფრაგმენტებული - და მისცეთ მას საშუალება, კვლავ იდინოს.
- ეს არის სიმშვიდე?
- დიახ. არ არის საჭირო ეიფორია, შთაგონება, მძაფრი შეგრძნებები - ამ დროს სრულად უნდა მოგიცვათ სიჩუმემ, სიმშვიდემ, როცა არაფრის კომპენსირება არ გჭირდებათ, არავის და არაფერს ებრძვით და არც გადასარჩენია ვინმე. ეს არის ყველაზე საიმედო მარკერი იმისა, რომ თქვენს მთავარ ხაზს ადგახართ.
- რას ცვლის მთავარი გზა ჩვენს ცხოვრებაში?
- ყველაფერი, რაც თქვენი არ არის, თავადვე ჩამოგშორდებათ; ასევე, ადამიანებიც, რომლებიც „ვერ გხედავდნენ“, იწყებენ წასვლას თქვენი ცხოვრებიდან; ყველაფერი აზრს კარგავს, რაც ძველ კავშირებს, კონტრაქტებსა და პროექტებს ეხება; შიში ქრება და მის ადგილს ცხადი სიმშვიდე იკავებს; სხეული წყვეტს წინააღმდეგობას და აღარც გარეგანი მოძრაობებისთვის გჭირდებათ ბრძოლა... და ეს არ არის „დიადი დასაწყისი“ ან „გამართლებული წარმატება“, ეს საკუთარ ბირთვთან დაბრუნებაა — საიდანაც შეგიძლია ააგო ნებისმიერი ფორმა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„აქ მოიპოვებ ყველაზე დიდ გამარჯვებებს“ - რა კადრებს გვიზიარებს ილია თოფურია
⭕„ადამიანის გონება მხოლოდ რეალობას არ აღიქვამს, ის მასზე ზემოქმედებს კიდეც“ - გონების კოდი
⭕ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
წყარო: tbiliselebi.ge