
87 წლის ასაკში გარდაიცვალა იტალიური და ფრანგული კინოს ლეგენდა კლაუდია კარდინალე. ცნობილი მსახიობის, კლაუდია კარდინალეს კარიერა 1960-იან წლებში აყვავდა და დიდ პოპულარობასაც მიაღწია. თუმცა, იგი, გამორჩეული გარეგნობის გამო, ბავშვობიდან ყველას ყურადღებას იპყრობდა.
კლაუდია კარდინალე 1938 წელს ტუნისში დაიბადა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ოჯახი იტალიური და სიცილიური წარმოშობის იყო, ოჯახში მხოლოდ ფრანგულად საუბრობდნენ. მომავალი ვარსკვლავი კინოში სრულიად შემთხვევით მოხვდა - რეჟისორმა, რომელიც ტუნისზე ფილმს იღებდა, კასტინგისთვის გოგონებს არჩევდა და სწორედ მაშინ შენიშნა კლაუდია.
მისი პირველი ნაბიჯები იტალიურ კინოში გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული - კლაუდია იტალიურად საერთოდ არ საუბრობდა და როლებს ზეპირად სწავლობდა. თუმცა, მიუხედავად ენობრივი ბარიერისა, ძალიან სწრაფად მიიპყრო ყურადღება და პოპულარობა მოიპოვა.
პირადი ცხოვრება მარტივი არ ყოფილა. 19 წლის ასაკში ფარულად გააჩინა ვაჟი, პატრიციო, რომელიც საზოგადოებამ წლების განმავლობაში მისი ძმა ეგონა. მოგვიანებით კლაუდია დაქორწინდა პროდიუსერ ფრანკო კრისტალდიზე, რომელმაც კარიერულ წინსვლაში დიდი როლი ითამაშა და ჰოლივუდისკენ გზა გაუხსნა. 17-წლიანი ქორწინების შემდეგ ისინი დაშორდნენ, ხოლო მოგვიანებით, კლაუდია კარდინალეს მსახიობ პასკუალე სკუიტიერზე შეეძინა ქალიშვილი, კლაუდია.
მსახიობმა მონაწილეობა მიიღო არაერთ კინოშედევრში, მათ შორის: „ვარდისფერი პანტერა“, „გოგონა ჩემოდნით“, „ლეოპარდი“ და სხვ.
კლაუდია კარდინალე ხელოვნური გაახალგაზრდავების წინააღმდეგი იყო და სჯეროდა, რომ ბუნებრივი სიბერე სიმშვენიერის ნაწილია.
„დროის გაჩერება არავის შეუძლია. ყველაზე მნიშვნელოვანი აქტიურობის შენარჩუნებაა“, – აღნიშნავდა მსახიობი თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕87 წლის ასაკში იტალიელი მსახიობი კლაუდია კარდინალე გარდაიცვალა
წყარო: www.beaumonde.ge