„ანნა, ანნა! გამეიარე შენ არ გეიარე...“ - ეს ფრაზა აქცენტით უნდა წაგეკითხათ. ალბათ, გაგახსენდათ - მარიამ ბებია და ფილმი „იმერული ესკიზები“.
დღეს სწორედ ამ ფილმის მთავარი როლის შემსრულებლის - „მარიამ ბებიას“ შესახებ გიამბობთ.
„იმერული ესკიზები“
1979 წელს, კინორეჟისორმა ნანა მჭედლიძემ ფილმი „იმერული ესკიზები“ გადაიღო. ფილმში მთავარ როლს თავად რეჟისორი ასრულებს.
„ეს ფილმი 1979 წელს გადავიღე. როცა ადამიანი, მარტო რჩები საკუთარ თავთან, სურვილი გიჩნდება, თვალი გადაავლო შენს განვლილ ცხოვრებას. მეც გამიჩნდა სურვილი და ნოსტალგია, განსაკუთრებით – ჩემი ბავშვობის მიმართ და გადავწყვიტე, ფილმში ყველაფერი ერთად მომექცია.
ერთ მშვენიერ დღეს, დავჯექი და ყველაფერი დავწერე. სანამ ფილმზე მუშაობას დავიწყებდი, პატარა ნოველები მქონდა დაწერილი, რომელსაც ასევე ერქვა – „იმერული ესკიზები“. ძალიან მინდოდა, ეთამაშათ არა ცნობილ მსახიობებს, არამედ იმ ადამიანებს, ვინც ხონში ცხოვრობდა. მართალია, ხონელი ვარ, მაგრამ, არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებდი მთავარი როლის შესრულებას, აზრადაც არ მომსვლია თავში. ვფიქრობდი, რომ ამ როლს ძალიან მოუხდებოდა სესილია თაყაიშვილი. თვითონაც თანახმა იყო, მაგრამ გადაღებები რომ უნდა დაგვეწყო, ავად გახდა და ვეღარ გადავიღეთ. საგონებელში ჩავვარდი.
მერე ვიფიქრე, ქეთევან ბოჭორიშვილს ვათამაშებ-მეთქი _ „ჯარისკაცის მამაში“ სერგო ზაქარიაძის „ცოლს“ ვინც თამაშობს. მართალია, ქართლელი იყო, მაგრამ, შეიძლებოდა, ეთამაშა. გავიარეთ გორში. დავინახე, ეს ქალი ყავარჯნებით მოდის – დაცემულა და ფეხი მოუტეხავს. მაშინ კინოსტუდიის დირექტორი რეზო ჩხეიძე იყო. პირობა მივეცი, რომ აუცილებლად ვიპოვიდი მთავარი როლის შემსრულებელს. სწორედ მან მომაწოდა იდეა, თვითონ მეთამაშა. ჯგუფის დირექტორმაც მითხრა: შენი თავი მოსინჯე-ო. თუ არ მოგეწონება, ნუ ითამაშებ-ო. მომეწონა, მაგრამ სხვებს უფრო მოეწონათ და ასე დავრჩი ეკრანზე“, – იხსენებდა ნანა მჭედლიძე, ერთ-ერთ ინტერვიუში.
ნანა მჭედლიძე:
ხონიდან თბილისში რომ გადმოვედი, მეშვიდე კლასში ვიყავი. დედაჩემი, ბარბარა ფარცხალაძე, ის რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი იყო, 1937 წლის რეპრესიების მსხვერპლია – როცა ის გადაასახლეს, მე და ჩემი ძმა მარტო დავრჩით და ბედის საძებნელად თბილისში წამოვედით. მამიდებთან და დეიდასთან ვცხოვრობდით.
ყველაფერი კი ასე დაიწყო: როცა სკოლებში და ბაღებში პირველად შემოვიდა საახალწლო ხის ზეიმები, მანამდე, რატომღაც, აკრძალული იყო, მასწავლებელმა გვითხრა, სანთლები უნდა ავანთოთ-ო. დედამ თავისი აზრი გამოთქვა: სანთლები რად გვინდა, როცა ელექტროენერგია არსებობს-ო. მაინც აანთეს და გაჩნდა ხანძარი. დედამ თქვა: კიდევ კარგი, ბავშვებს არაფერი მოუვიდათ-ო. მისი ნათქვამი სხვანაირად გაიგეს, კუდი მოაბეს, ვითომ ეს მარტო თავის შვილებზე თქვა. მაშინ ყველანაირი საბაბით იჭერდნენ და დედაც დაიჭირეს. თორმეტი წელი გადასახლებაში იყო. თორმეტი წლის შემდეგ დაბრუნდა, მაგრამ თბილისში დაბრუნება აკრძალული ჰქონდა.
რამდენიმე თვეში გარდაიცვალა.
რაც შეეხება მამას, ის მათემატიკის მასწავლებელი გახლდათ, 20 წლის იყო, როცა გასაბჭოება მოხდა და დაიჭირეს. სერგო ორჯონიკიძეს ებრძოდა. დახვრეტა მიუსაჯეს. ბებიამ ვიღაც გავლენიანი ნათესავი ნახა, გვარად ელიავა და ციხიდან დაიხსნა. მამამ ციხეში სულ ერთი წელიწადი დაყო, შემდეგ ხონში გაგზავნეს. ამბობდნენ, ერთ ძალიან ლამაზ ახალგაზრდა ქალს უყვარდა-ო. როცა დაჭერილი იყო, ის ქალი ციხის უფროსთან მისულა და გამოშვება უთხოვია. ციხის უფროსს უთქვამს, თუ ცოლად გამომყვები, გამოვუშვებ-ო. მართლაც, გამოუშვეს. მერე დედა და მამა ერთმანეთს შეხვდნენ და შეუღლდნენ. დედამ მამას ძალიან შეუწყო ხელი, რომ ლენინგრადში წასულიყო სასწავლებლად და ინჟინრის სპეციალობას დაუფლებოდა.
ბაბუა, მამაჩემის მამა, მღვდელი სიმონი, 1924 წელს კომუნისტებმა დახვრიტეს. იმ ხუთ სასულიერო პირს შორის იყო, რომლებიც შემდგომ წმინდანებად იქნენ შერაცხილი.
– ქალისთვის კინორეჟისორობა ძალიან რთულ და პრესტიჟულ პროფესიად ითვლება. როგორ დაიწყო ყველაფერი?
– როგორც უკვე ვთქვი, კინო და თეატრი ბავშვობიდან მიტაცებდა. სკოლის დამთავრებამდე, ერთი წუთითაც არ მტოვებდა იმის სურვილი, რომ თეატრალურ ინსტიტუტში შევსულიყავი. ძალიან მიყვარს საქართველოს ისტორია. კინორეჟისორი რომ არ გამოვსულიყავი, ისტორიკოსი ვიქნებოდი, მაგრამ, მოხდა ისე, რომ გამოცხადდა მიღება კინოსტუდია „ქართულ ფილმთან“ არსებულ სამწლიან კინომსახიობთა სკოლაში. ჩუმად დავდიოდი, სახლში არაფერს ვამბობდი. ვიცოდი, რომ არჩევანს არ მომიწონებდნენ. 1948 წელს ეს სკოლა თეატრალურ ინსტიტუტს შეუერთდა, სადაც კინოგანყოფილებაც იყო, რომელიც 1950 წელს დავამთავრე. რამდენიმე წელი რუსთაველის თეატრში ვიმუშავე. მესამე კურსზე ვიყავი, სპექტაკლში რომ მათამაშეს. ჩემებმა არაფერი იცოდნენ, სანამ მამიდას მეზობელმა არ უთხრა – მას ვუნახავვარ ამ სპექტაკლში. სახლში ერთი ამბავი ატყდა, რადგან, ეგონათ, უნივერსიტეტში დავდიოდი. მაგრამ, რაღას იზამდნენ, უკვე მესამე კურსზე ვიყავი. უნივერსიტეტშიც ვსწავლობდი ფილოლოგიურზე. შემდეგ უნივერსიტეტიდან გამოვედი – აკადემიური ავიღე, რადგან, ავად გავხდი.
შვილი, მაგდა მჭედლიძე:
ჩვენი ოჯახი, რაც თავი მახსოვს, სამი ადამიანისაგან შედგებოდა: დედა, მისი გამზრდელი, ვერა დანგაძე, რომელიც შემდეგ ჩემი გამზრდელიც გახლდათ და მე. იმის გამო, რომ დედა სამსახურში იყო დაკავებული, მე დღის განმავლობაში ჩემს გამზრდელთან ვიყავი.
დედა იღებდა, ასე ვთქვათ, სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს, ჩემი გამზრდელი კი ასრულებდა: რომელ საბავშვო ბაღში მევლო, რომელ სკოლაში, რა სპექტაკლებს დავსწრებოდით, სად დაგვესვენა და ა. შ. თუმცა ადრეულ ასაკში, სკოლაში წასვლამდე, უფრო თვითონ მატარებდა ყველგან, თვითონ მასწავლა ცურვა სამი წლის ასაკში, მასწავლიდა ლექსებს...
გარდაცვალება
ის 90 წლის ასაკში გარდაიცვალა, რეჟისორი, მისი ანდერძის მიხედვით, მშობლიურ ხონში დაკრძალეს. ამით მისი სული სამუდამოდ დაუბრუნდა იმ ბედნიერ სამყაროს, საიდანაც ყველანი მოვდივართ და რის წყალობითაც ბოლომდე ვრჩებით ის, ვინც ვართ…
ნანა მჭედლიძე არის რეჟისორი ფილმებისა „მოდის მატარებელი,“ „ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება,“ „დიდედები და შვილიშვილები,“ „პირველი მერცხალი,“ „ნამდვილი თბილისელი,“ „უკვდავების თეთრი ვარდი.“
აგრეთვე წაიკითხეთ: