Digest Logo

როდის მიეტევება ქრისტიანს ცოდვები და რა განსხვავებაა რელიგიურ და მორწმუნე ადამიანებს შორის? - გვპასუხობს მოძღვარი

1766060849
მოძღარი მოძღარი

ხშირად საკუთარ თავს მორწმუნეებად მივიჩნევთ, თუმცა, ზოგ შემთხვევაში, ისიც არ ვიცით, რა არის რწმენა და როგორ უნდა გვწამდეს სწორად. ბევრი რამ სწორედ ჩვენი რწმენის ხარისხზეა დამოკიდებული. ამ ყველაფრის შესახებ უფრო დაწვრილებით ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი) ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს:

მამა გიორგი: თანამედროვე ადამიანები ხშირად აცხადებენ: მე ვარ მორწმუნე, ბავშვობიდან მწამს ღმერთი, თუმცა, ზოგს ბუნების ძალების ან რაღაც მოვლენების სწამს და სჯერა. ყველა ქრისტიანმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენი რწმენა არის ერთარსება, სამსახოვანი ღმერთის და, სარწმუნოების სიმბოლო, რომელიც მეოთხე საუკუნეში პირველ და მეორე საეკლესიო კრებებზე დადგინდა 12 თეზისის სახით, ასე იწყება: „მრწამს ერთი ღმერთი, მამა ყოვლისამპრყობელი, შემოქმედი ცათა და ქვეყანისათა..“ ამ 12 მუხლში გადმოცემულია სწავლება ერთარსება სამსახოვანი ღმერთისა. ჩვენ გვწამს ერთი ღმერთი, მაგრამ ის არის სამგვაროვანი, სამი ჰიპოსტასით – მამა, ძე და სულიწმიდა. ამიტომ, მხოლოდ იმის თქმა, რომ მე ღმერთი მწამს, საკმაოდ ბუნდოვანია. შეიძლება, ადამიანს სწამდეს რაღაც ბუნდოვანი და მან არ იცოდეს, რომ, შესაძლოა, მას არაწმინდა სული სწამს და ამიტომ თავისი სწავლებები აქვს. მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის ღმერთი არის ერთარსება, ერთპიროვნული ღმერთი: მამა – უშობელი, ძე – შობილი და სულიწმიდა – მისგან გამომავალი, არსებით ერთი. ღმერთი არის დასაბამი, რომელიც იყო, არის და იქნება. სიტყვა „ღმერთი” ქართულ ენაში მომდინარეობს სიტყვებიდან – „ღრმა ერთი,“ ეს მიუწვდომელი, ღრმა შინაარსის მქონე სიტყვაა, მისტიკური.

– როგორ უნდა გვწამდეს სინამდვილეში?

– რწმენა არის მტკიცედ დარწმუნება იმაში, რასაც ვერ ვხედავთ და რაზედაც ვიმედოვნებთ; ანუ, რწმენა არის უხილავი. ფილოსოფიის ერთ-ერთი დიდი მამა, კანტი ბრძანებდა: მე ყოველთვის მაოცებს ვარსკვლავიანი ცა ჩემს თავზე და ზნეობრივი კანონი ჩემშიო. მან ხუთი დამადასტურებელი თეზისი ღმერთის არსებობისა უარყო და მეექვსეთი, ანუ, თვითონ დაამტკიცა, რომ ღმერთი არსებობს და ამას მიხვდა ვარსკვლავებიანი ცით და ზნეობრივი კანონით საკუთარ თავში.

– ხშირად ადამიანები საკუთარ თავს მორწმუნედ მიიჩნევენ, თუმცა, არის მომენტი, როდესაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეკლესიას ჩამოშორდებიან ხოლმე.

– ეს ჩვენი რწმენის ხარისხზეა დამოკიდებული. ვინც სამი კვირის განმავლობაში არ მივა ეკლესიაში, ის მისდა უნებურად განყენებულია ზიარებიდან. ეს ყველაფერი ჩვენი რწმენიდან მომდინარეობს – ესე იგი, ის არ არის იმ ხარისხში, როგორშიც უნდა იყოს; რაღაც ნაკლი აქვს მის რწმენას. ნუ იქნებით მხოლოდ რელიგიური ადამიანები: ეს მარხვა შევინახე, ის ვერ შევინახე, ახლა წავალ ეკლესიაში, ახლა – არა. თუ მორწმუნე ხარ, უნდა გინდოდეს ღმერთთან ურთიერთობა, მასთან მისვლა. როგორ შეიძლება, შენი საყვარელი არსება, ღმერთი არ მოგენატროს? თუ ღმერთი გიყვარს, არა მხოლოდ მარხვაში, ისედაც მოგინდება მასთან ყოფნა, საუბარი, სიახლოვე. თუ ადამიანს ეზარება წირვა-ლოცვაზე დასწრება, ზიარების მიღება, ის მცირედ მორწმუნეა. თუ გინდა, ხშირად მიხვიდე ღვთისმსახურებაზე, გინდა მოსმენა, დასწრება; თუ ისე მარტივად და ადვილად გადის წირვა, რომ ვერც იგებ, ესე იგი, შენ კარგი მორწმუნე ხარ. მაგრამ, როცა ერთი სული გაქვს, როდის დამთავრდება წირვა, როდის მორჩება ქადაგება, რომ დროზე წახვიდე სახლში, ესე იგი, შენ რელიგიური ადამიანი ხარ: იცი, რომ უნდა მიდიოდე გონებით, მაგრამ შინაგანად შორს ხარ ღმერთისგან.

– როგორ უნდა მოიქცეს ქრისტიანი, როდესაც მას მოუნათლავი ახლობლების მოხსენიება უნდა, მათთვის დახმარება?

– ადამიანს ადამიანის ცხონება არ შეუძლია. კარგია, როცა ქრისტიანი ზრუნავს თავის წინაპარზე, მაგრამ, თუ ის არ იყო მონათლული, მორწმუნე, მაშინ არ აქვს ჩვენს ლოცვას აზრი. მაგრამ ასეთი ხერხი გამონახა ეკლესიამ: თუ ადამიანი მონათლული არ არის, მას ნათლავს და ამატებს ფორმულის წინ: „თუ ნათელღებული არ არის, ნათელს იღებს სახელითა მამისათა, ძისათა და სულისა წმიდისა“. თუ ჩვენ არ ვიცით, ის მონათლული იყო თუ არა, მოხსენიების დროს შეგვიძლია ვთქვათ: „თუ მონათლული იყო, მოიხსენიე,” – ანუ, ეს მომენტი შეგვიძლია მარტივად გადავჭრათ და უარი არ ვთქვათ ჩვენი წინაპრების მოხსენიებაზე. ღმერთი არ გვეტყვის, რატომ ლოცულობდი მათთვისო, პირიქით, გვეტყვის: რატომ არ იხსენიებდით და რატომ ლოცულობდით მათთვისო. უბრალოდ, არ შეიძლება მათი კვეთაში მოხსენიება, თუ არ იცი, მონათლულები იყვნენ თუ არა ისინი. ღმერთი იმის გამო კი არ დაგვსჯის, ისინი რატომ მოვიხსენიეთ ლოცვებში, არამედ იმისთვის, რომ დავივიწყეთ ჩვენი წინაპრები. პავლე მოციქული ბრძანებს: ის ადამიანია გადასული რწმენიდან, ვისაც თავისი ახლობლები არ ახსოვსო. ახლობლებში იგულისხმებიან როგორც ცოცხლები, ასევე მიცვალებულებიც. თუმცა, ჩვენ არ შეგვიძლია არავის ცხონება, უბრალოდ, მათთვის ვევედრებით ღმერთს. უფლის მადლი, წმინდა სამებაა მაცხონებელი. თუ ჩვენ დავიჯერებთ იმას, რომ ვინმეს ცხონება შეგვიძლია, ესე იგი, ჩვენთვის ღმერთი აღარ იქნება საჭირო.

– სად გადის ზღვარი რწმენასა და ურწმუნოებას შორის?

– იაკობ მოციქული, მაცხოვრის ხორციელი ძმა, ბრძანებს, რომ რწმენა საქმეთა გარეშე მკვდარია. მარტო დოგმატების ცოდნა, იმის ცოდნა, რომ ღმერთი ერთია, მაგრამ სამსახოვანი, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი. ამ ყველაფერს ცხოვრების წესში დანერგვა სჭირდება. მორწმუნე ადამიანი არის თავმდაბალი, გლახაკი სულითა, მშვიდი, მოსიყვარულე. როგორ შეიძლება, ადამიანი მორწმუნე იყოს და ის იყოს ამპარტავანი, უხეში, უსიყვარულო, ბილწი, მოჩხუბარი?! ხე ნაყოფით შეიცნობა და ასეა მორწმუნე ადამიანიც. არის მოჩვენებითი სიმშვიდეც, სიყვარულიც; როცა განსაცდელი ეშვება, მერე ყველას რწმენა გამოაშკარავდება ხოლმე. თუ კარგად ჩავიხედავთ ჩვენს გულში, ბევრ რამეს დავინახავთ. როგორ შეიძლება, მორწმუნე ადამიანს სხვისი პატიება არ შეეძლოს, ან, ბაგეებით მიუტევოს ადამიანს და მის გულში მუდმივად იყოს წყენა?! როცა გავიგებთ, რომ ჩვენს მტერს რამე უბედურება შეემთხვა, ან მის შვილს, ოჯახს, გამოვისახავთ პირჯვარს და ვამბობთ: „სამართალი არსებობს.” როგორ შეიძლება, მორწმუნე ადამიანს სხვისი უბედურება უხაროდეს? ან, გაიგე, რომ შენი მტერი სამსახურში დააწინაურეს ან სახლი იყიდა და ამბობ: „სად არის ღმერთი? მე ვაპატიე და ცუდად ვარ, ის კი როგორ კარგად არის.” ასეთ დროს ჩვენ შორს ვართ პატიებისგან და, შესაბამისად, რწმენისგან. უფალი ბრძანებს: თუ გინდათ, რომ უფალმა გაპატიოთ თქვენი ცოდვები, თქვენ აპატიეთ მათ. ღმერთმა რომ გაპატიოს ისე, რომ შენ სხვას არ აპატიო, ვერ იგრძნობ, რამხელა სიხარულია ცოდვების პატიება. თუ გინდა, რომ ეს სიხარული შემოვიდეს შენში, ღმერთმა გაპატიოს, ღმერთი შემოვიდეს შენში, ჯერ შენ უნდა აპატიო შენს მსგავს თიხას. მთავარი დანაშაული ეშმაკისა და დაცემული ადამიანისა რა არის? – ის, რომ მათ მოინდომეს ღმერთის გარეშე არსებობა. ნუ დავიტოვებთ გულში ცოდვებს, ბოღმას, არპატიების სურვილს, თორემ, მერე ჩვენ გავხდებით ბოროტის ჭურჭელი.

⭕ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„აი, წესი შევასრულე, ლოცვები წავიკითხე და მზად ვარ ზიარებისთვის — არ ხარ მზად ზიარებისთვის“ - თეოდორე გიგნაძე

⭕ლეონარდო დიკაპრიოს თქმით „ტიტანიკი“ მეორედ არასდროს უნახავს

🎥 „ბრალდებული მარნეულში ერთ-ერთ რესტორანში, ფიზიკურად გაუსწორდა თანმხლებ პირს, რომელსაც მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება და მიიმალა“ - დაკავებულია ერთი პირი