
იშვიათია ადამიანი, რომელიც გაწონასწორებული აზროვნებით, სულიერი სიმშვიდითა და პოზიტიური განწყობით ირგვლივ ისეთ გარემოს ქმნის, რომელიც შენც გაჯადოებს და სიმშვიდისა და პოზიტივის ნოტზე გაყენებს. სწორედ ასეთი ადამიანია ნუცა შანშიაშვილი, რომელიც თავს ბედნიერ ქალად მიიჩნევს და ამბობს, რომ წარმატების გასაღები, სწორედ ჩვენში, თითოეული ადამიანის, ხასიათში იმალება.
ნუცა უკვე რამდენიმე წელია, რაც ამერიკაში ცხოვრობს და განსაკუთრებულად უყვართ, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
უფიქრია თუ არა სამშობლოში დაბრუნებაზე, ამის შესახებ იგი ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს.
„საქართველო ჩემი სულის ნაკვეთი და ნაწილია, გულის ნახევარი. ამიტომ, იმაზე ფიქრი, რომ საქართველოდან შორს ვიქნები, ჩემთვის მიუღებელია.
დღესდღეობით, სამყარო იმდენად გლობალურია, ვერ იტყვი სადმე ჩავალ და სამუდამოდ დავრჩები საცხოვრებლად და არ წავალო. ნიკა რომ გაიზრდება, მერე დავფიქრდები სამომავლო გეგმებზე. ისე, ყველაზე მეტად მენატრება ჩემი სახელოსნო, მამაჩემის სახლ-მუზეუმი და ჩემი ვერის სახლიდან ხედი, საიდანაც მთელი თბილისი და სამების ტაძარი ჩანს.
გაგიკვირდებათ და ჩემს ცხოვრებაში არაფერს შევცვლიდი, ყველაფერი, რაც გამოვიარე, ჩემთვის უდიდესი გაკვეთილები იყო. ეს რომ არ გამომევლო, დღეს ის არ ვიქნებოდი, ვინც ვარ – იღბლიანი და ბედნიერი ვარ. არ დამავიწყდება, დიდი ხნის წინ, კიევში პირველი ჩემი სოლო კონცერტი რომ ჩატარდა, ძალიან პატარა ვიყავი და ინტერვიუ დაიბეჭდა ჟურნალში, სადაც ყდაზე ეწერა ჩემი სიტყვები: „მე მაქვს ბედნიერი ბედი“. ასე დავიწყე და მას მერეც ასე გრძელდება – მე ვარ ბედნიერი ბედის მფლობელი ადამიანი. შინაგანად ვგრძნობ ამას და აქვე მინდა, გითხრათ, რომ ხასიათი არის წარმატების მთავარი გასაღები.
როგორი ხასიათის მატარებელიც ხარ, ისეთი ბედი გეძლევა. ამას თუ მიხვდება კაცობრიობა, ნაკლები პრობლემები გვექნება. მე, შინაგანად, პოზიტივისა და კარგად ყოფნის იმდენად მოყვარული ადამიანი ვარ, რომ რა ცუდ სიტუაციაშიც არ უნდა ვგრძნობ, მაინც მოვძებნი ბედნიერებას და, ჩემი ხასიათის წყალობით, მე ჩემი ბედნიერება უკვე მოვძებნე“, - ამბობს ნუცა შანშიაშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
📸 ნუკი კოშკელიშვილის შვილი სკოლაში წავიდა - „მეორე კლასის პირველი დღე!“
წყარო: tbiliselebi.ge