2025 წელს ბევრჯერ ვთქვით ერთი და იგივე ფრაზა - „აღარ არის, გარდაიცვალა“. წავიდნენ ისინი, ვინც ქმნიდნენ ეპოქას, აყალიბებდნენ აზრს, გვაძლევდნენ ხმას, სიტყვას, მუსიკას, ძალას. მათი გარდაცვალება მხოლოდ პირადი ტრაგედია არ ყოფილა - ეს იყო საზოგადოებრივი დანაკარგი.
არსებობენ ადამიანები, რომლებიც ისტორიაში სამარადისოდ რჩებიან და მათი კვალი არასდროს იკარგება. მათი იდეები, ნამუშევრები და გავლენა მარად იცოცხლებს ჩვენს ყოველდღიურობაში, ჩვენს არჩევანში, ჩვენს მეხსიერებაში.
ეს წელი არა მხოლოდ დაკარგვის, არამედ გახსენების წელიც იყო - იმის გააზრების, თუ რამდენად დიდია ერთი ადამიანის გავლენა მაშინ, როცა ის გულწრფელად ემსახურება საკუთარ საქმეს.
წლის მიწურულს, „დაიჯესტი“ გთავაზობთ, თვალი გადავავლოთ იმ ცნობილი ადამიანების სახელებს, რომლებიც გასული 12 თვის განმავლობაში დაგვტოვეს და მიღმიერ სამყაროს შეუერთდნენ.
საქართველო
მანანა მენაბდე - მუსიკოსი, მომღერალი, მწერალი, მხატვარი და მსახიობი.
მუსიკოსი, მომღერალი, მწერალი, მხატვარი და მსახიობი მანანა მენაბდე 2 სექტემბერს, პანკრეასის კიბოს დიაგნოზით გარდაიცვალა. დაიბადა 1948 წელს დები იშხნელების ოჯახში. კარიერის დასაწყისში კონცერტებით მოგზაურობდა ორკესტრ „რეროსთან“ ერთად. ის მსმენელს სთავაზობდა ქართული, რუსული და ევროპული სიმღერების უნიკალურ ინტერპრეტაციებს. მისი მუსიკალური ნაწარმოებები პირველად გაისმა ფილმში „დღეს ღამე უთენებია“ (1982), რომელმაც კანის კინოფესტივალზე მაყურებლის პრიზი მოიპოვა, სადაც მანანა მენაბდე ასრულებდა მთავარ როლსა და მღეროდა საკუთარ სიმღერებს. 1986 წელს მონაწილეობდა ფილმში „არსენას ლექსი“ და 1991 წელს, ტელეფილმში „სიბრძნე სიცრუისა“.

მუსიკოსი - მამუკა ჩარკვიანი
21 აგვისტოს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 69 წლის ასაკში გარდაიცვალა მუსიკოსი მამუკა ჩარკვიანი. იგი თვითნასწავლი ქართველი მუსიკოსი იყო, რომლის სიმღერები მალევე პოპულარული გახდა. 1995 წლიდან აქტიურად გამოდიოდა ქართულ ესტრადაზე და ასრულებდა ძირითადად საკუთარ სიმღერებს მამის, ჯანსუღ ჩარკვიანის, ლექსებზე. აქვს გამოცემული ალბომები და მიღებული მრავალი ჯილდო, მათ შორის სიმღერის ფესტივალ „ლიგას“ პირველი პრემია, XX საუკუნის საუკეთესო სიმღერის პრიზი და ოქროს დისკი. 2014 წელს ფილარმონიის წინ გაიხსნა მისი ვარსკვლავი.

მსახიობი - დონარა გვრიტიშვილი
23 ოქტომბერს, 69 წლის ასაკში, საზოგადოებისთვის საყვარელი მსახიობი დონარა გვრიტიშვილი გარდაიცვალა.
ცნობილია, რომ გვრიტიშვილი მძიმე დაავადებას ებრძოდა. მან ხუთი წელი ამერიკაში გაატარა, სადაც სიმსივნე დაუდგინეს და სათანადო მკურნალობა გაუწიეს. გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე სამშობლოში რეაბილიტაციის მიზნით დაბრუნდა.

ელდარ შენგელაია - რეჟისორი
ლეგენდარული რეჟისორი ელდარ შენგელაია 92 წლის ასაკში, 4 აგვისტოს გარდაიცვალა. კინორეჟისორის განათლება მიიღო კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტში. 1957–1959 წლებში მუშაობდა კინოსტუდია „მოსფილმში“, ხოლო 1960 წლიდან „ქართული ფილმში“. სადებიუტო ფილმი „თეთრი ქარავანი“ 1963 წელს გადაიღო თამაზ მელიავასთან ერთად. მისი ცნობილი ფილმებია: „ლეგენდა ყინულის გულზე“, „თოვლის ზღაპარი“, „მიქელა“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „შერეკილები“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“, „სავარძელი“, „ჭა“. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, მათ შორის საქართველოს ლენინური კომკავშირის პრემია, შოთა რუსთაველის სახელობის პრემია, წმინდა გიორგის ოქროს და ვერცხლის ორდენები და თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

დეკანოზი - აკაკი მელიქიძე
20 დეკემბერს, დეკანოზი, თბილისის მეტეხის ტაძრის წინამძღვარი აკაკი მელიქიძე გარდაიცვალა.
ცნობისთვის, დეკანოზი აკაკი მელიქიძე იყო ერთ-ერთი სასულიერო პირი საქართველოში, ვინც კვეთებულის ლოცვას კითხულობდა.

რუსუდან ჩხაიძე - კომპოზიტორი
24 დეკემბერს ქართული ესტრადის თვალსაჩინო წარმომადგენლის, მომღერალ ანრი ჯოხაძეს დედა, კომპოზიტორი რუსუდან ჩხაიძე გარდაიცვალა. იგი არა უბრალოდ დედა, არამედ ანრის ყველაზე ერთგული და უანგარო ფანი გახლდათ.

მსახიობი ბერტა ხაფავა
17 თებერვალს გარდაიცვალა ქართველი მსახიობი ბერტა ხაფავა, რომელსაც გულის პრობლემები ჰქონდა. იგი დაიბადა 1941 წლის 15 მაისს და 1966 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. გადაღებულია მრავალ მხატვრულ ფილმში, მათ შორის: „ნატვრის ხე“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „არაჩვეულებრივი რეისი“, „ზოგი ჭირი მარგებელია“, „ბებია ყველასათვის“, „ორფეოსის სიკვდილი“, „სიყვარული და კარტოფილი“, „დარჩი ჩემთან“ და „გრძელი ნათელი დღეები“.

კინორეჟისორი - ელდარ მდინარაძე
11 ნოემბერს გარდაიცვალა ტელეკომპანია „იმედის“ სამხატვრო ხელმძღვანელი, კინორეჟისორი ელდარ მდინარაძე. მან სოხუმის სუბტროპიკული ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი 1973 წელს და შოთა რუსთაველის თეატრალური ინსტიტუტის კინოფაკულტეტი 1982 წელს დაამთავრა. გადაღებული აქვს დოკუმენტური ფილმები, მუშაობდა ტელევიზიაში, იყო „მზის“ გენერალური დირექტორი (2003–2005) და პროდიუსერი 70-მდე სატელევიზიო ფილმისა, მათ შორის ანიმაციური ფილმისა „გავარდნილები“. მიღებული აქვს კინოფესტივალების პრიზები. 2025 წელს ოზურგეთის საპატიო მოქალაქედ დაჯილდოვდა.

ნიკო ლეკიშვილი - თბილისის ყოფილი მერი
თბილისის ყოფილი მერი ნიკო ლეკიშვილი 3 იანვარს, 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას ეკავა მაღალი სახელმწიფო პოზიციები: 1993–1995 წლებში იყო თბილისის მერი, 1995–1998 წლებში, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო მინისტრი. 1990–1991 წლებში იყო უზენაესი საბჭოს წევრი და ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე. ასევე იყო საქართველოს პარლამენტის წევრი სხვადასხვა მოწვევებში (1992–1995, 1999–2004, 2004–2008).

ლაშა ბასლანძე - პროდიუსერი
27 ოქტომბერს რესტორან „ქვევრის“ მფლობელის, პროდიუსერის ლაშა ბასლანძის მოულოდნელმა გარდაცვალებამ საზოგადოება დაამწუხრა. იგი შვილთან ერთად იტალიაში მოგზაურობის დროს შეუძლოდ გახდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
40 წლის ქველმოქმედი 4 ნოემბერს დაკრძალეს. მისი მეუღლე ცნობილი მომღერალი, ტელეწამყვანი სალომე ბაკურაძეა, რომელთანაც ერთი საერთო შვილი ჰყავს.

სერაფიმე ჯოჯუა - მიტროპოლიტი
5 ნოემბერს, 64 წლის ასაკში გარდაიცვალა მიტროპოლიტი სერაფიმე ჯოჯუა. იგი დაიბადა 1961 წლის 15 თებერვალს სოხუმში და სწავლა განაგრძო თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტზე. 1992 წელს აკაკი ვარძიაში ბერად აღკვეცეს და სერაფიმე საროველის სახელით უწოდეს. შემდგომ ბერ-დიაკონად აკურთხეს სიონის საპატრიარქო ტაძარში. 2002 წლამდე ხელმძღვანელობდა ბორჯომისა და ახალქალაქის ეპარქიას, ხოლო შემდგომ ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიას.

გიორგი (გოგი) დოლიძე - კინომცოდნე, კინორეჟისორი
კინომცოდნე, კინოკრიტიკოსი, კინორეჟისორი, ლიტერატორი, ჟურნალისტი და პროფესორი გიორგი (გოგი) დოლიძე 6 ნოემბერს გარდაიცვალა. მისი რეჟისორობით 1981–1987 წლებში აღდგენილია 18 ძველი ქართული მხატვრული ფილმი, მათ შორის „ორი მონადირე“, „ხანუმა“, „ამოკი“, „კრაზანა“, „კომუნარის ჩიბუხი“, „საბა“, „უგუბზიარა“ და „ნამდვილი კავკასიელი“. იყო ნ. ნიკოლაძის სახელობის პრემიის ლაურეატი. 2005 წლიდან ხელმძღვანელობდა ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის „ჩოხოსან რაინდთა დასის“ გამგეობას და იყო საზოგადოების ჟურნალ „რაინდის“ გამომცემელი და მთავარი რედაქტორი.

ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ლევან გაჩეჩილაძე
20 აგვისტოს, 61 წლის ასაკში გარდაიცვალა ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ლევან გაჩეჩილაძე. იგი მძიმე დაავადებას ებრძოდა.
გაჩეჩილაძე იყო საქართველოს მეხუთე და მეექვსე მოწვევის პარლამენტის წევრი და არჩეული იყო მეშვიდე მოწვევის პარლამენტშიც. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატად, მიიღო ხმათა 25.7%. პოლიტიკურ კარიერას დაიწყო 1999 წელს, იყო პარტია „ახალი მემარჯვენეების“ წევრი და თბილისის საკრებულოს წევრი. „ვარდების რევოლუციის“ დროს მისი განსხვავებული პოზიციის გამო დატოვა პარტიის თავმჯდომარის პოსტი.

გოგი თოფაძე - ქართველი ბიზნესმენი
ქართველი ბიზნესმენი გოგი თოფაძე 16 თებერვალს, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. განათლებით იყო ქიმიკოსი, იგი მუშაობდა სამეცნიერო-კვლევით სფეროში და ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი ჰქონდა. სხვადასხვა წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის საპნის ქარხანას, „თბილლუდს“ და ლილოს ლუდის ქარხანას. 1994 წელს დააარსა ლუდის კომპანია „ყაზბეგი“. 1997 და 1998 წლებში დასახელდა საქართველოს საუკეთესო ბიზნესმენად.

მსახიობი მერაბ ბრეკაშვილი
15 აგვისტოს, 61 წლის ასაკში გარდაიცვალა ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი მერაბ ბრეკაშვილი. იგი ხანგრძლივ ავადმყოფობას ებრძოდა. თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მსახიობმა კარიერა სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის თეატრში დაიწყო, სადაც 27 წლის განმავლობაში არაერთი გამორჩეული როლი შექმნა. მისი ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ნამუშევარია აფხაზის როლი გურამ ოდიშარიას პიესაში „ზღვა, რომელიც შორია“. წელს მოზარდ მაყურებელთა თეატრმა გამოსცა მერაბ ბრეკაშვილის 40-წლიანი შემოქმედებითი ცხოვრების ამსახველი ალბომი.

მხატვარი - დავით პოპიაშვილი
21 ნოემბერს გარდაიცვალა ცნობილი მხატვარი დავით პოპიაშვილი.
იგი ქართული კულტურისა და თანამედროვე მხატვრობის თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო. მისი მოულოდნელი გარდაცვალება ბევრი ადამიანისთვის დიდი დანაკლისია.
აკაკი სიხარულიძე - ჟურნალიტი
ჟურნალისტი აკაკი სიხარულიძე - 8 ოქტომბერს გარდაიცვალა.
მან 1982 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. წლების განმავლობაში ეკავა სხვადასხვა ხელმძღვანელი პოზიცია ახალგაზრდულ და ჟურნალისტურ სტრუქტურებში, იყო საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარე და გაზეთ „საქმის“ რედაქტორი. მისი ინიციატივით დაარსდა ეროვნული თანხმობის დარბაზი და დამკვიდრდა ქართული ჟურნალისტიკის დღის (21 მარტი) აღნიშვნის ტრადიცია. არის საერთაშორისო ჟურნალისტიკის, სამართლისა და ბიზნესის ინსტიტუტის დამაარსებელი და რექტორი. 1998 წელს დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. 2013 წელს დაინიშნა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად.

დირიჟორი - პაპუნა ღვაბერიძე
2 ოქტომბერს დირიჟორი პაპუნა ღვაბერიძე გარდაიცვალა. პაპუნა ღვაბერიძე 1969 წელს თბილისში დაიბადა. განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, სადაც შეისწავლა საგუნდო, საოპერო და სიმფონიური დირიჟორობა და მოგვიანებით იქვე ასოცირებული პროფესორიც იყო. კარიერა დაიწყო ნიკო სულხანიშვილის სახელობის ეროვნულ საგუნდო კაპელაში. მუშაობდა ქუთაისის ოპერის თეატრის მუსიკალურ ხელმძღვანელად და მთავარ დირიჟორად, ასევე მიწვეული დირიჟორის სტატუსით. დადგმები აქვს საქართველოსა და საზღვარგარეთ, მათ შორის თბილისის ოპერის თეატრში. 2019–2024 წლებში დირიჟორობდა სპექტაკლებს რიგაში, იტალიაში, ინგლისში და იაპონიაში, მონაწილეობდა საქართველოს სახელმწიფო ბალეტის საერთაშორისო გასტროლებში.

ალეკო თეთრაშვილი - მსახიობი
მსახიობი ალეკო თეთრაშვილი 29 იანვარს გარდაიცვალა. მიზეზი გულის პრობლემა გახდა.
„ჩემი ალეკო აღარ მყავს“ - წერდა მომღერალი და კომპოზიტორი დათო არჩვაძე და ვიდეოს აქვეყნებდა, სადაც მსახიობი დავით არჩვაძის კაპელას შემადგენლობაში „თბილისოს“ მღეროდა.

19. 87 წლის ასაკში გარდაიცვალა რეჟისორი მედეა კუჭუხიძე.
მედეა კუჭუხიძის მიერ დადგმული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია:
მარჯანიშვილის თეატრში: ვ. კანდელაკის „სოკრატე“, ლ. თაბუკაშვილის „ძველი ვალსი“, ჩ. დიკენსის „დიდი იმედები“, ლ. როსებას „პრემიერა“, და „პროვინციული ამბავი“, ჯ. იოსელიანის „ტაკიმასხარა“, და „საქართველოს უკანასკნელი დედოფალი“, გონძა მონ ჩიკამაცუს „შეყვარებულთა თვითმკვლელობა ციურ ბადეთა კუნძულზე“, ლ. ტოლსტოის „ანა კარენინა“, კ. ჩაპეკის „დედა“, გ. ხუხაშვილის „მთაწმინდის მთვარე“, ე. დე ფილიპოს „კომედიის ხელოვნება“, ა. მიუსეს „სიყვარული სახუმარო არ არის“, პ. კაკაბაძის „სამი ასული“, „ტყის ქალები“, „პორტოპოლოს ტუსაღები“, კ. გოცის „ლურჯი ურჩხული“, ტ. უილიამსის „იაგუნას ღამე“, ა. აფიონოგენოვის „შიში“, კ. ვოიტილას „ოქრომჭედლის სახელოსნოს წინ“, ძი-იუნის „დიადი მცირეში“ და სხვა; სოხუმის ქართულ თეატრში: ე. შვარცის „თოვლის დედოფალი“, ვ. კორასტილიოვის „მე მჯერა შენი“, ნ. დუმბაძის „მე ვხედავ მზეს“; სანკულტურის თეატრში: ბლაჟეკის „უხვი საღამო“; გრიბოედოვის თეატრში: გუდრიჩის, ჰაკეტის „ანა ფრანკის დღიური“; რუსთაველის თეატრში: ტ. უილიამსის „შუშის სამხეცე“.
მსახიობი ოთო ქათამაძე
ახალგაზრდა მსახიობი ოთო ქათამაძე 24 აგვისტოს გარდაიცვალა. ანევრიზმის გასკდომის შემდეგ იგი უგონო მდგომარეობაში ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, ექიმებს მოუწიათ რამდენიმე ურთულესი ოპერაციის ერთდროულად ჩატარება, რის შემდეგაც ტვინის შეშუპება განუვითარდა და კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მსოფლიო
რომის პაპი ფრანცისკე
კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი, რომის პაპი ფრანცისკე 21 აპრილს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი დაკრძალეს სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში. დაკრძალვის ცერემონიას 200 ათასზე მეტი ადამიანი დაესწრო. ღონისძიებას საერთაშორისო სახელმწიფოების მეთაურები ესწრებოდნენ, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაში იყვნენ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და საპატრიარქოს წარმომადგენლები.

ჩარლი კირკი
11 სექტემბერს კონსერვატორი კომენტატორი ჩარლი კირკს საჯარო შეხვედრაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს და ადგილზე გარდაიცვალა. მისი პანაშვიდი Arizona State Farm-ის სტადიონზე გაიმართა, რასაც დაახლოებით, 60 ათასზე მეტი ადამიანი დაესწრო. გარდაცვლილი ქრისტიანული პრინციპების ქადაგებით გამოირჩეოდა.

მიშელ ტრახტენბერგი - ამერიკელი მსახიობი
ამერიკელი მსახიობი მიშელ ტრახტენბერგი 27 თებერვალს 39 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი „უგონოდ და ურეაქციო“ ვითარებაში იპოვეს. ტრახტენბერგი სხვადასხვა ფილმიდან იყო ცნობილი, მათ შორის „ევროტური“.

დიზაინერი - ჯორჯო არმანი
იტალიელი დიზაინერი ჯორჯო არმანი 4 სექტემბერს, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.
იგი თანამედროვე იტალიური სტილისა და ელეგანტურობის სიმბოლო იყო.

მსახიობი - რობერტ რედფორდი
ამერიკელი მსახიობი რობერტ რედფორდი 16 სექტემბერს, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. რედფორდმა თავისი ყველაზე ცნობილი როლები შეასრულა ფილმებში „ბუტჩ კესიდი და სანდენს კიდი“, „აფერა“, „კონდორის 3 დღე“, „პრეზიდენტის მთელი გარემოცვა“. მან გადაიღო ფილმი „ჩვეულებრივი ადამიანები“, რომლისთვისაც მიიღო „ოსკარი“ კატეგორიაში „საუკეთესო რეჟისორი“.

კლაუდია კარდინალე - მსახიობი
მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ცნობილი იტალიური და ფრანგული კინოს წარმომადგენელი კლაუდია კარდინალე 23 სექტემბერს გარდაიცვალა შვილების გარემოცვაში. მან პოპულარობა მოიპოვა 1960-იანი წლებიდან; 1963 წელს მონაწილეობდა ფედერიკო ფელინის ფილმში „8½“ და ლუკინო ვისკონტის „ლეოპარდში“, რომელიც კანის კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა. 1993 წელს ვენეციის კინოფესტივალმა მას „ოქროს ლომი“ მიანიჭა, ხოლო 2002 წელს ბერლინის კინოფესტივალმა - საპატიო ჯილდო „ოქროს დათვი“. კლაუდია კარდინალე იყო იტალიის და საფრანგეთის უმაღლესი ორდენების კავალერი და 2011 წელს Los Angeles Times-ის სიაში შევიდა კინოს ისტორიაში 50 ყველაზე ლამაზ ქალში.

მსახიობი - დაიან კიტონი
ოსკარის მფლობელი მსახიობი დაიან კიტონი 12 ოქტომბერს, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაიან კიტონმა პოპულარობა ჯერ კიდევ 1970-იან წლებში, ცნობილ ფილმებში – „ნათლია“, „ენი ჰოლი“, „სიყვარული წესების გარეშე“ და „პირველი ცოლების კლუბში“ შესრულებული როლებით მოიპოვა. ოსკარზე ოთხჯერ ნომინირებულ მსახიობს კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო, როგორც საუკეთესო ქალ მსახიობს, 1978 წელს ფილმში – „ენი ჰოლი“ შესრულებული როლისთვის გადაეცა.

მუსიკოსი - ეის ფრეილი
17 ოქტომბერს, 74 წლის ასაკში გარდაიცვალა Kiss-ის ლეგენდა, გიტარისტი და მომღერალი ეის ფრეილი. დაიბადა 27 აპრილს, 1951 წელს ნიუ იორკში. ფრეილი ცნობილი იყო როგორც Kiss-ის ორიგინალური ლიდ-გიტარისტი და ჯგუფის წევრი Spaceman-ის სახელით. მისი ენერგიული სცენური ქცევა, უნიკალური იმიჯი და გიტარის სტილი ჯგუფის სიმბოლოდ იქცა. 1978 წელს გამოსცა სოლო ალბომი „Ace Frehley“, რომელიც მოიცავდა ჰიტს „New York Groove“. 2014 წელს Kiss-თან ერთად შეიყვანეს Rock and Roll Hall of Fame-ში. ეის ფრეილი სამუდამოდ დარჩა როკმუსიკის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გიტარისტის სახე, მისი სტილი და სცენური პერსონა კვლავ შთაგონებად რჩება ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის.

როკ-ლეგენდა - ოზი ოსბორნი
31 ივლისს მთელი მსოფლიო ლეგენდარული როკმუსიკოსის ოზი ოსბორნის გარდაცვალებამ დაამწუხრა. „ბნელეთის პრინცი“, როგორც მას უწოდებდნენ, 76 წლის ასაკში საკუთარ სახლში, ოჯახის გარემოცვაში გარდაიცვალა. იგი მძიმე სენს რამდენიმე წლის განმავლობაში ებრძოდა. ოზი ოსბორნი გახდა ერთ-ერთი იმ იშვიათი ვოკალისტთაგანი, რომელმაც არამარტო ხმა, არამედ მთელი ეპოქა შექმნა. მისი გავლენა იგრძნობა დღემდე თითქმის ყველა მეტალ და „ჰარდ როკ“ ჯგუფში.

კრის რეა - მუსიკოსი
ბრიტანელი მომღერალი და სიმღერების ავტორი კრის რეა 2025 წლის 22 დეკემბერს 74 წლის ასაკში გარდაიცვალა.
იგი ცნობილი იყო თავის მელოდიურ ბლუზურ‑როკ სტილზე, ჰიტებით როგორიცაა The Road to Hell და Driving Home for Christmas. მისი სიმღერები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა 1980-1990-იან წლებში. მუსიკოსმა მსოფლიო სცენაზე თავის გამორჩეული ხმა, გიტარის უნიკალური სტილი და ემოციური ტექსტები დატოვა, რაც მრავალი თაობის მსმენელს შთაგონებას აძლევდა.

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„თითოეული დღე შეესაბამება თითო თვეს... პირველი 12 დღის საიდუმლო“ - როგორ დავაპროგრამოთ 2026 წელი?