Digest Logo

ვიტამინების დეფიციტი, რომელიც წონაში კლების პროცესს აფერხებს - რა ნიშნებით შეიძლება ამ პრობლემის ამოცნობა

1776420701
ვიტამინები ვიტამინები

ზოგჯერ წონის კლების შეფერხების მიზეზი არა კვების რაციონი ან ვარჯიში, არამედ ორგანიზმში არსებული ფარული დეფიციტებია - სწორედ იმ ვიტამინებისა და მიკროელემენტების ნაკლებობა, რომელთა გარეშეც ნივთიერებათა ცვლა ეფექტურად ვერ მუშაობს.

ბევრი ვერ ითვალისწინებს, რომ წონის კლების შეფერხებას მხოლოდ კალორიების სიჭარბე კი არა, არამედ მეტაბოლური დარღვევებიც განაპირობებს. ვიტამინებისა და მიკროელემენტების დეფიციტის დროს იმ ფერმენტების მუშაობა ირღვევა, რომლებიც ენერგეტიკულ, ცხიმოვან და ცილოვან ცვლაზე აგებენ პასუხს. ასეთ პირობებში კუნთები რთულად აღდგება და ვარჯიშის დროსაც კი ძალის მომატებას ვერ ახერხებს. ცხიმოვანი ქსოვილი შესაძლოა, ენერგიის ალტერნატიულ წყაროდ იქცეს, რაც შინაგან ორგანოებში მის დაგროვებას იწვევს. ყოველივე ეს მეტაბოლურ გადატვირთვას განაპირობებს, რაც წონის კლებაზე უარყოფითად აისახება.

გარდა ამისა, ვიტამინებისა და მიკროელემენტების დეფიციტი ჰორმონალურ ბალანსზეც ზემოქმედებს - მათ შორის ინსულინის, კორტიზოლისა და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონეზე, რომლებიც ნივთიერებათა ცვლის რეგულაციაში გადამწყვეტ როლს ასრულებენ. სწორედ ამიტომ, კალორიების დეფიციტისა და რეგულარული ვარჯიშის პირობებშიც კი, წონა ხშირად უცვლელი რჩება.

წონაზე მოქმედი საკვანძო მიკრონუტრიენტები:

B ჯგუფის ვიტამინები

B ჯგუფის ვიტამინები ენერგიით მომარაგების, ნეირომედიატორების სინთეზისა და ნივთიერებათა ცვლის პროცესების უმნიშვნელოვანესი მონაწილეები არიან. ამ ჯგუფში შედის B1, B2, B3, B5, B6, B7, B9 და B12 - თითოეული მათგანი საკუთარ ფუნქციას ასრულებს, თუმცა ისინი მეტაბოლიზმის გამართულ მუშაობას ერთობლივად უზრუნველყოფენ.

მათი ნაკლებობისას ნივთიერებათა ცვლა ნელდება, რაც შრომისუნარიანობის დაქვეითებას, დაღლილობას, ემოციურ არასტაბილურობასა და დატვირთვებთან ადაპტაციის გაძნელებას იწვევს. ასეთ მდგომარეობაში კვების რეჟიმის დაცვა და აქტივობის შენარჩუნება რთულდება, რაც, შესაბამისად, წონის კლების პროცესსაც აბრკოლებს.

დეფიციტის მხოლოდ თვითშეგრძნებით დადგენა რთულია, თუმცა არსებობს ნიშნები, რომლებსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ: მუდმივი დაღლილობა, ენერგიის ნაკლებობა, ტკბილეულისადმი ლტოლვა, ძილის ხარისხის გაუარესება, თმის ცვენა ან ფრჩხილების მტვრევადობა. ეს სიმპტომები ყოველთვის კონკრეტულ დეფიციტზე პირდაპირ არ მიანიშნებს, თუმცა გამოკვლევის საფუძველი ნამდვილად ხდება. დიაგნოსტირების ყველაზე ზუსტი გზა კი ლაბორატორიული ანალიზები გახლავთ.

ქრომი

ქრომი წონის რეგულაციაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, თუმცა უნდა გვახსოვდეს: ის ცხიმს პირდაპირ კი არ წვავს, არამედ ნივთიერებათა ცვლაზე სხვა მექანიზმების მეშვეობით მოქმედებს.

ქრომის ნაკლებობისას უჯრედების ინსულინისადმი მგრძნობელობა ირღვევა, რის გამოც გლუკოზა რთულად აითვისება და სისხლში დიდხანს რჩება. ამან შესაძლოა შაქრის დონის მერყეობა, მომატებული დაღლილობა, ენერგიის კლება და შიმშილის გრძნობა გამოიწვიოს, რაც ხშირად წახემსების სურვილითა და ტკბილეულისადმი გამოკვეთილი ლტოლვით ვლინდება. გარდა ამისა, ქრომი ირიბად ცხიმოვან ცვლაზეც მოქმედებს - ის ორგანიზმს მიღებული ენერგიის ეფექტურად გამოყენებაში ეხმარება და ცხიმის სახით მის ჭარბ დაგროვებას აფერხებს.

ქრომი წონის კლების პირდაპირი საშუალება არ არის, თუმცა ბალანსირებული კვებისა და რეგულარული ფიზიკური დატვირთვის პირობებში, ის მეტაბოლიზმის გაუმჯობესებასა და კუნთოვანი თუ ცხიმოვანი მასის კონტროლს უწყობს ხელს.

სელენი

სელენი ის მიკროელემენტია, რომელიც ნივთიერებათა ცვლის რეგულაციაში ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებისა და ანტიოქსიდანტური სისტემის მეშვეობით დიდ როლს თამაშობს.

თუ ფარისებრი ჯირკვალი ეფექტურად მუშაობს, ორგანიზმი ენერგიას უფრო სწრაფად ხარჯავს, კალორიები მარტივად იწვის, მარაგების დაგროვებისკენ მიდრეკილება იკლებს და აქტივობის საერთო დონე იმატებს. ფარისებრი ჯირკვლის აქტივობის დაქვეითება კი ნივთიერებათა ცვლის შენელებას იწვევს. ამ ფონზე ისეთი სიმპტომები იჩენს თავს, როგორიცაა ქრონიკული დაღლილობა, კონცენტრაციის დაქვეითება და წონის თანდათანობითი მატებისკენ მიდრეკილება.

გარდა ამისა, სელენი მონაწილეობს ორგანიზმის ანტიოქსიდანტური სისტემების მუშაობაში, რომლებიც უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან იცავენ. ეს მეტაბოლური პროცესების სტაბილურობისა და ყველა ქსოვილის, მათ შორის ცხიმოვანი და კუნთოვანი ქსოვილების ნორმალური ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია.

რკინა

რკინა ენერგიის გამომუშავებასა და ჟანგბადის ცვლაში საკვანძო როლს ასრულებს. მისი ნაკლებობისას გამძლეობა იკლებს, ჩნდება დაღლილობა და უენერგიობის შეგრძნება, რის გამოც ფიზიკური აქტივობის დონე ეცემა. ასეთ მდგომარეობაში ორგანიზმს ცხოვრების საჭირო რიტმისა და ენერგიის ხარჯვის შენარჩუნება უჭირს, რაც წონის კლების პროცესს ანელებს.

ამასთანავე, რკინა, სელენის მსგავსად, ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური მუშაობისთვისაც აუცილებელია. იგი მონაწილეობს ფარისებრი ჯირკვლის იმ ჰორმონების (T3 და T4) გამომუშავებაში, რომლებიც ნივთიერებათა ცვლას არეგულირებენ.

დეფიციტის დადგენა ფერიტინის დონეზე სისხლის ანალიზის ჩაბარებითაა შესაძლებელი. რკინა საუკეთესოდ C ვიტამინთან ერთად აითვისება, ყავა და ჩაი კი, პირიქით, მის შეწოვას აფერხებს.

როგორ მივხვდეთ, რომ წონის „გაყინვა“ ვიტამინების დეფიციტებითაა გამოწვეული?

არსებობს რამდენიმე ნიშანი, რომლებიც მიგვანიშნებს, რომ მიზეზი მხოლოდ კვებასა თუ ვარჯიშში კი არა, არამედ ორგანიზმის საერთო მდგომარეობაში მდგომარეობს:

  • იცავთ კალორიულ დეფიციტს, თუმცა წონა არ იცვლება ან ძალიან ნელა იკლებს;
  • ნორმალური ძილის პირობებშიც კი, მუდმივად გრძნობთ დაღლილობასა და ენერგიის ნაკლებობას;
  • მძაფრდება ლტოლვა ტკბილეულისა თუ სწრაფი ნახშირწყლების მიმართ;
  • გამძლეობა იკლებს და ჩვეული რეჟიმით ვარჯიში რთულდება;
  • ვლინდება გუნება-განწყობის ცვალებადობა, გაღიზიანებადობა ან შფოთვა;
  • უარესდება ძილის ხარისხი.

ამიტომ, თუ მსგავსი სიმპტომები ხანგრძლივად აღგენიშნებათ, ჯობს, ექიმს მიაკითხოთ და შესაბამისი კვლევა ჩაიტაროთ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ლაშა შავდათუაშვილმა მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი იპონით დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ფინალშია!

🎥 ანგელოზის გზავნილი 17 აპრილისთვის: რას წერს ეზოტერიკოსი

🎥 ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო: მოვუწოდებთ საზოგადოებას, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა, არ აჰყვნენ დეზინფორმაციულ კამპანიას

წყარო: www.beaumonde.ge