Digest Logo

🎥 „45 წლის კაცი 14 წლის მოზარდს აიძულებდა, შესულიყო აბაზანაში და შიშველს ვიდეოზარი განეხორციელებინა“ - სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პედოფილიის ბრალდებით კაცი დააკავა

1744354996
კაცი დააკავეს

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა 14 წლის გოგოს მიმართ ჩადენილი პედოფილიის და გარყვნილი ქმედების ფაქტზე 45 წლის კაცი დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, Facebook-ის ყალბი გვერდების გამოყენებით, 14 წლამდე ასაკის ბავშვებს უკავშირდებოდა.

ბრალდებული მათ არასრულწლოვანი ბიჭის ან გოგოს სახელით ეცნობოდა, შედიოდა ბავშვებთან კომუნიკაციაში, რის შემდეგაც სექსუალური შინაარსის საკითხებზე იწყებდა საუბარს და მათგან გაშიშვლებას და ვიდეოზარის განხორციელებას მოითხოვდა.

„2025 წლის თებერვალში, ბრალდებული 14 წლის გოგონას Facebook-ით დაუკავშირდა, მოტყუებით მოიპოვა მისი ნდობა, რის შემდეგაც მუქარით აიძულა შესულიყო აბაზანაში, ჩართულიყო ვიდეოზარით, გაშიშვლებულიყო და ინტიმური მოქმედებები განეხორციელებინა, პარალელურად, მიმოწერის და ვიდეოზარით საუბრის დროს, თავადაც სექსუალური ხასიათის მოქმედებებს ახორციელებდა. ბრალდებული არასრულწლოვანზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას თვეების განმავლობაში ახდენდა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებული არასრულწლოვანის მომართვის შემდეგ, გამოძიება მყისიერად წარმართა და გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა მისი მობილური ტელეფონი და კომპიუტერული ტექნიკა. გაიშიფრა პედოფილიაში მხილებული პირის მიმოწერა და ყალბი პროფილები, რის შემდეგაც გამოძიებამ დუშეთის რაიონის მცხოვრები 45 წლის მამაკაცი დანაშაულში ამხილა.

ბრალდებულის ტელეფონში ნანახი იქნა სოციალური ქსელების ყალბი პროფილები, რომლის გამოყენებითაც მამაკაცს ათეულობით არასრულწლოვანთან განხორციელებული აქვს კომუნიკაცია. გარდა ამისა, ნანახი იქნა პორნოგრაფიული და პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას აგრძელებს, რომლის ფარგლებშიც შესწავლილი იქნება ბრალდებულის ყველა დანაშაულებრივი ეპიზოდი.

სამსახური გამოძიებას არასრულწლოვანების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით წარმართავს და ბავშვების უფლებებს საქმის ყველა ეტაპზე დაიცავს.

დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინიციატივით პედოფილიაში მხილებული პირების ელექტრონული რეესტრი შეიქმნება და ასეთი პირების მიმართ სასჯელის მოხდის და საპატიმროს დატოვების შემდეგ მკაცრი მონიტორინგი განხორციელდება.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური მოუწოდებს ყველა მოქალაქეს ინტერნეტსივრცეში პედოფილიის, სექსუალური გამოძალვის, პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟის შემთხვევებზე მიაწოდონ ინფორმაცია ცხელის ხაზის - 199 მეშვეობით“, - ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „არ ისაუბროთ თქვენ სამომავლო გეგმებზე, თუნდაც მეგობრებთან“- 11 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

⭕კვერცხი, პასქა და ჯეჯილი - რა სიმბოლური დატვირთვა აქვთ მათ

⭕ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ ფავორიტთა TOP 10-ში შევიდა