Digest Logo

„კაცი ფაქტობრივად მკვდარია...დაღუპული ბიჭი მისი ნათესავია... ბავშვი სისხლისგან დაიცალა“ - ტრაგედიის დეტალები

1768807972
უბედური შემთხვევა

ტრაგედია დატრიალდა ძველით ახალ წელს ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ღვირიშში, გიორგობიანების საცხოვრებელ სახლში. იმ საბედისწერო დღეს, 10 წლის მოზარდის, გეგი ხეცურიანის სიცოცხლე ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა.

როგორც ირკვევა, სოფელში ჩასულმა ბავშვებმა სახლში ოჯახის უფროსის, გიზო გიორგობიანის ცეცხლსასროლი იარაღი იპოვეს, ცეცხლსასროლი იარაღი ხელში ეჭირა გიზო გიორგობიანის შვილიშვილს და ამ დროს შემთხვევით გასროლილი ბრმა ტყვია სოფელში სტუმრად ჩასულ გიზო გიორგობიანის ცოლის დისშვილიშვილს, გეგი ხეცურიანს მოხვდა.

მართალია სასწრაფოს ბრიგადამ დაჭრილი ბავშვის გადარჩენა სცადა, მაგრამ მოზარდი კლინიკაში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ბავშვს არტერია ჰქონდა დაზიანებული და ის სისხლისგან დაიცალა.

ტრაგედიის დეტალებზე ჟურნალი „კვირის პალიტრა“ წერს.

„უმძიმესია მომხდარი და ყველა შეძრულია ამ ფაქტით. სიტყვები ზედმეტია ასეთ დროს. გეგი 10 წლის იყო, მეხუთე კლასელი. პირადად ვასწავლიდი სკოლაში და მართლა არაჩვეულებრივი ბავშვი იყო, ძალიან მოსიყვარულე, ნიჭიერი, პოზიტიური, დიდი მიზნები და ოცნებები ჰქონდა. აბსოლუტურად ყველაფერში ნიჭს ავლენდა. ჰუმანიტარული საგანი იქნებოდა ეს თუ ტექნიკური, სპორტი ძალიან უყვარდა და უნდოდა დიდი ფეხბურთელი გამოსულიყო, დისციპლინაშიც გამორჩეული იყო. ამბობდა, ძალიან მომწონს ვარსკვლავები და კოსმოსშიც უნდა გავფრინდეო. სამწუხაროდ, ძალიან ადრე მოუწია გაფრენა უფალთან. წარმოუდგენლად დიდი ტრაგედიაა. როგორც შევიტყვე, სოფელ ღვირიშში იყვნენ ძველით ახალ წელს ჩასულები. ცაგერის სოფელია. ბაბუად ეკუთვნის ვისთანაც იყვნენ სტუმრად, თუმცა დედის მამა, ან მამის მამა არ იყო. (ბებიის დის სახლში იყო სტუმრად, ავტ) 

ნათესავის სახლში იყვნენ ჩასულები და იქ დატრიალდა ტრაგედია. მეორე ბავშვს, ნათესავს გაუვარდა იარაღი და გეგის მოხვდა. საუბედუროდ, ბრმა ტყვიას შეეწირა. ეს არის უდიდესი ტრაგედია, საშინელება. როგორც ვიცით, დაჭრილი გამოაქანეს ქუთაისის კლინიკაში სასწრაფოს მანქანით, მაგრამ გზაში დაიღუპა. ასეთი უბედურება რატომ უნდა ხდებოდეს. თვითონ გეგის ოჯახი ქუთაისში ცხოვრობს, გუმათის დასახლებაში. ასეთი პატარა ბიჭი იყო და ყველას ისე შეაყვარა თავი, რომ ყველა განადგურებულია ამ ამბით. ყველას ისე უყვარდა, დიდებთანაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა, დიდებთანაც მეგობრობდა და პატარებთანაც. ერთმა ციცქნამ საიდან შეძლო ასე ყველასთვის თავი შეეყვარებინა, არ ვიცი. მართლა მერცხალივით ბიჭი იყო. ამ თემაზე უკვე აღარ შემიძლია საუბარი, პირადად ვასწავლიდი სკოლაში და ისეთი თბილი იყო, რომ ვუსწორებდი დავალებას, მოვიდოდა და მხარზე თავს დამადებდა. მოგეხუტებოდა, ისეთი მოსიყვარულე იყო, ისეთი, სულ გასცემდა უდიდეს სითბოს და სიყვარულს. ძალიან დიდი ტკივილია, შოკშია ყველა, საშინელება მოხდა”, - ამბობს გეგი ხეცურიანის პედაგოგი ცირა ჩუბინიძე.

გეგი ხეცურიანი ქუთაისის მე-8 საჯარო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლე იყო. ძალიან განიცდის ყველა მომხდარს.

არსებული ინფორმაციით, ტრაგედიის ადგილას მალევე მივიდნენ სამართალდამცველები და იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით დააკავეს გიზო გიორგობიანი. სწორედ მას ეკუთვნის ცეცხლსასროლი იარაღი, საიდანაც გასროლა მოხდა. როგორც ჩვენთან საუბარში ადგილობრივი ჰყვება, დაკავებული მამაკაცი სოფელში მარტო ცხოვრობდა, მისი შვილი და შვილიშვილები ქუთაისში ცხოვრობენ. ახალ წელს სოფელში იყვნენ ჩასულები.

„გიზო გიორგობიანის სახლში დატრიალდა ეს დიდი ტრაგედია. სოფელ ქვედა ღვირისში ცხოვრობს. გიზო დაკავებულია, მაგრამ დაკავება რად უნდა, კაცი ფაქტობრივად მკვდარია, რომ მოკლა ალბათ მისთვის უკეთესი იქნება, ისეა განადგურებული ეს ადამიანი. ისეთ დღეში იყო, იკლავდა თავს. გარდაცვლილი ბიჭუნა მისი ნათესავია. მისი ცოლის დის შვილიშვილია. პირდაპირი ბაბუა არ არის. მე რომ მივედი ტრაგედიის ადგილას, პოლიცია უკვე მისული იყო. საშინელება ტრიალებდა, ბავშვი წაიყვანა სასწრაფომ, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მაგრამ გზაში დაიღუპა. პოლიციას ტრაგედიის ადგილი შემოღობილი ჰქონდა და იქ აღარ გვიშვებდნენ, ისმოდა გიზოს განწირული ხმა. ისეთ დღეში იყო. როგორც ირკვევა, ბავშვებს უპოვიათ იარაღი, გარეთ გაუტანიათ და გაუვარდა ერთ ბავშვს და მოხვდა ტყვია მეორეს. ვისაც იარაღი ეჭირა ის გიზოს შვილიშვილია, როგორც ვიცი, 2- 3 წლით უფროსია გარდაცვლილ ბავშვზე. ბავშვებმა მოიპარეს თოფი და გამოუტანიათ გარეთ. გიზო მარტო ცხოვრობს და რადგან სახლში არ ჰყავდა არავინ, ეტყობა არ ჰქონდა სათანადოდ იარაღი შენახული. მერე ეტყობა გადაავიწყდა, რომ შეენახა. თორემ ისეთი ყურადღებიანი კაცია, ნუ იტყვით.

ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ ადგილას იყო როგორც ჩანს ეს იარაღი. რატომ გამორჩა შენახვა, არ ვიცი, არადა ისეთი კაცია, სრულწლოვანმა რომ სთხოვო მას იარაღი დამაჭერინეო, ხელს არ მოგაკიდებინებს. მე რომ მეთქვა, არ მომცემდა. სანადირო თოფზეა საუბარი. სოფელში ნადირობენ ხოლმე და მასაც ჰქონდა სანადირო თოფი. ახლა ბოლო დროს ჯანმრთელობიდან გამომდინარე ცოტა შეუძლოდ არის გიზო და სანადიროდ წასული არც მინახავს. სოფელ ღვირიშის სკოლაში სიმღერის მასწავლებელია. ძალიან წესიერი, პატიოსანი კაცია. ეს რა მომივიდაო და თვითონ თავს იკლავს, საშინელ დღეშია.

ეს ტრაგედია ვის უნდოდა, არავის, უბრალოდ, ცელქი ბავშვები არიან და მოხდა უბედურება. გიზოს შვილიშვილიც, ვისაც გაუვარდა იარაღი, ის ბავშვიც საშინელ დღეშია. რაც მოხდა ეს არის უდიდესი ტრაგედია. გიზო რომ მომკვდარიყო იმ წუთებში ალბათ ის ერჩივნა. მთელი სამეზობლო, ვინც გაიგო, ყველა იქ გარბოდა. სასწრაფო რომ გამოიძახეს, მალევე მოვიდა პოლიცია. ვუსამძიმრებ გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს ამ დიდ ტკივილს. სოციალურ ქსელში წავიკითხე კომენტარები, სადაც ადანაშაულებენ ადამიანები გიზოს ისე, რომ დეტალები არ იციან და ტყუილებს წერენ. ცეცხლზე ნავთს ასხამენ. არადა უდიდესი ტრაგედიაა მომხდარი... განადგურებულია ყველა, უბედური შემთხვევაა და ეს მთელი სიცოცხლის მანძილზე იქნება მძიმე დაღი, როგორც მისთვის, ასევე მისი შვილიშვილისთვის. სხვა დეტალები არ ვიცი და არ მინდა ჭორის დონეზე ვილაპარაკო.

სოციალურ ქსელში რომ წერენ იმ ხალხს მინდა მივმართო, იქნებ დაფიქრდნენ, იმ კაცისთვის რამხელა ტრაგედიაა რაც მოხდა. ისედაც მთელი ცხოვრება ამ დარდში იქნება და დამუნათება რა საჭიროა. გული მოგვიკლა ყველას ამ ამბავმა. ვუსამძიმრებ ბავშვის მშობლებს, შემზარავი ტრაგედიაა. საუბარიც გვიჭირს ამ თემაზე”,- ამბობს ადგილობრივი „კვირის პალიტრასთან“.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება 2 მუხლით. როგორც შსს-ში აცხადებენ, სისხლის სამართლის საქმე 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და ასევე 238-ე მუხლით, ცეცხლსასროლი იარაღის მათ შორის, სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის (თოფის) დაუდევრად შენახვა. იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდება გიზო გიორგობიანს წაუყენეს. გამოძიება გრძელდება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„სულიწმიდა მტრედის სახით გადმოვიდა მასზე..ამის მხილველნი კი ჭეშმარიტად რწმენაში მოექცნენ“ - გიორგი ლობჯანიძე ნათლისღების დღესასწაულზე

🎥 „სიყვარულის დრო მოდის...“ - მიმდინარე კვირის ასტროპროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

⭕„ნეგატივის განეიტრალებისთვის შეგიძლიათ ჩაცმულობაში გამოიყენოთ თეთრი ფერი“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი

წყარო: kvirispalitra.ge