„17 მაისს ჩვენ ოჯახის სიწმინდისთვის გამოვდივართ, მთელი საქართველო, დიდი და პატარა, ვისაც კი შეუძლია, ყველა იქ უნდა ვიყოთ, თბილისში, რომ ეს ბოროტების მანქანა დავძლიოთ ჩვენი ერთსულოვნებით“, - ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ ცაგერის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა და მრევლს ერთიანობისკენ მოუწოდა.
მიტროპოლიტი სტეფანე ასევე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსაც გამოეხმაურა.
„უფალი უშვებს ამ განსაცდელებს ჩვენთვის, რომ ადამიანმა გამოარკვიოს თავად საით დგას, ეშმაკის თუ უფლის მხარეს. ამ ვითარებაში ველოდი, რას გვეტყოდნენ „ევროვიზიაზე“. გვითხრეს, რომ კაბიანი, შიშველ ფეხებიანი ბიჭი გახადეს გამარჯვებული, ყოველგვარი პრობლემის გარეშე. საქართველომაც მას მისცა ხმა. თუ ვერ გავარკვიეთ, სად ვდგავართ, სად მივდივართ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში შეიძლება აღმოვჩნდეთ. ეს გადარჩევის პროცესი უკვე მკვეთრად მიმდინარეობს. ვიღაცები [უცხოეთიდან] მოდიან, ხელებს გვიგრეხენ, როგორც მათ უნდათ, ისე უნდათ ვიმოქმედოთ. თავი უნდა დავუთმოთ და აღითქვამენ, რომ შეგიყვან სადღაც სამოთხეში, რომელიც არსებობს მიწაზეო და სინამდვილეში არ არსებობს. ფუჭი მირაჟებით ამდენი ხალხი დაბრმავებული დარბის ზევით-ქვევით. უფალმა თქვა, შეიცან ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებს. უფალს არ უთქვამს, ლოზუნგს რომ შემოგიგდებენ, ის იყვირე და ამით გათავისუფლდებიო. გითხრა, შენი გონება აამუშავე და ტყუილად არ ხარ ადამიანი, უნდა იაზროვნო, არჩევანი შენ გააკეთო. შენი გონება უნდა აამუშაო და გაიგებ სად უნდა იდგე. დღეს უფალი უკან გაწიეს და რაღაც სიგიჟეებს აკეთებენ. ახლაც, ამ დღეებში არაერთხელ ითქვა ეკლესიიდან, როგორ არის მართალი და რა არის ღვთის წინაშე ჭეშმარიტი ეკლესიიდან ითქვა. 17 მაისს ჩვენ ოჯახის სიწმინდისთვის გამოვდივართ, მთელი საქართველო, დიდი და პატარა, ვისაც კი შეუძლია, ყველა იქ უნდა ვიყოთ, თბილისში, რომ ეს ბოროტების მანქანა დავძლიოთ ჩვენი ერთსულოვნებით. უნდა ვიყოთ ქაშუეთში, თუ არ დავეტევით, გარეთ ვიქნებით. რამდენადაც შესაძლებელია, თუ გინდა მთელი ქუჩა და მოედნები გაივსოს, იყოს. გახმოვანება ჩაირთვება და ყველა დადგება იმ პარაკლისზე, რომელიც ერის სიცოცხლისთვის უნდა ითქვას. უწმინდესის ლოცვა-კურთხვევაა, რომ ვინც ვერ წამოვა, ადგილებზეც იყოს პარაკლისი. ახლა არის ის მომენტი, როდესაც უნდა იყოს ერთობა. არა ერთობით ბოროტებაში, არამედ ერთობით ღვთის წინაშე. იქ უნდა დავიცვათ ჩვენი ღირებულებები, რომლითაც ჩვენ ქრისტიანები ვართ. ღვთის წინაშე უნდა გამოვჩნდეთ, უფალმა უნდა დაგვინახოს, რომ ჩვენ ის კეთილი ნაყოფი, რომელიც მან დათესა. ახლა არის მომენტი, როდესაც უნდა ვიყოთ ერთობით ღვთის წინაშე“, - აღნიშნა მეუფე სტეფანემ.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ მამარდაშვილის შესანიშნავი სტატისტიკა და საუკეთესო შედეგი ლა ლიგაში