Digest Logo

„ადამიანებს შიგნიდან ვხედავ!“ – რას ჰყვება მაია ხორნაული საკუთარი ინტუიციის შესახებ

1750754412
მაია ხორნაული

მსახიობი მაია ხორნაული თანამედროვე ქართული სერიალების ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და საყვარელი სახეა. იგი, ასევე, ძალიან აქტიურია თეატრის სცენაზეც და ორივეს ერთად თავს არაჩვეულებრივად ართმევს.

მან ამჯერად ჟურნალ „თბილისელებთან“, სადაც კარიერასა და ცხოვრებაზე ისაუბრა:

– რამდენად ემოციური და გულჩვილი ადამიანი ხართ?

– საოცრად გულჩვილი ვარ, ალბათ, ემოციურიც, მაგრამ ფეთქებადი არა. უფრო გაწონასწორებული ადამიანი ვარ, მაგრამ ჩემი ფესვები და ხევსურისა და გურულის სისხლი თავისას შვება (იცინის). გულჩვილობას რაც შეეხება, ასაკთან ერთად, ესეც მემატება (იცინის). მაგალითად, შეიძლება წიგნის კითხვის ან სპექტაკლის ყურების დროს ძალიან ამიჩუყდეს გული. ჩემი მეგობრები რომ სცენაზე დგანან, ისე განვიცდი, როგორც საკუთარ თავზე და შეიძლება, ცრემლი წამომივიდეს. ამ მხრივ, ძალიან ემოციური ვარ, თორემ მოჩხუბარი არა.

– გიოცნებიათ, რომ მსოფლიო მასშტაბით ყოფილიყავით ძალიან ცნობილი და წარმატებული ადამიანი?

– იმდენად სასიამოვნო გრძნობაა, როცა ცნობილი და პოპულარული ხარ, ხალხს უყვარხარ და ეს ძალიან დიდ მოტივაციას გაძლევს როგორც პროფესიაში, ისე საერთოდ, ცხოვრებაში, რომ არავინ თქვას, ეს არ მსიამოვნებსო. არ მიფიქრია მსოფლიო წარმატებაზე, ამაზე ნამდვილად არ მიოცნებია, მაგრამ თუ ვიქნებოდი, რატომაც არა, ძალიან სასიამოვნო იქნებოდა, თუ ჩემი პოპულარობა ჩემი ქვეყნის ფარგლებს გასცდებოდა. რეალურად კი, მე იმითაც კმაყოფილი ვარ, რაც ჩემს ქვეყანაში მაქვს. ამაზეც არ მიოცნებია, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რაც მაქვს.

– რა გამოცადეთ ბოლო პერიოდში ცხოვრებაში პირველად?

– ცოდვა გამხელილი სჯობს და აი, ამ ასაკში დავიწყე კულინარიასთან შეჭიდება. ჩემდა სამარცხვინოდ უნდა ვთქვა, რომ აქამდე ამისთვის არ მეცალა და ინტერესიც არ მქონდა. ახლა ამ პროცესში ვარ, მცდელობები მაქვს და მე და კულინარია ნელ–ნელა ვმეგობრდებით. სულ მიკვირდა, რა სიამოვნებას პოულობდნენ ამ პროცესში და ვნახოთ, მე რა გამომივა.

– როგორი დამოკიდებულება გაქვთ ტყუილთან?

– საშინელი. არ შემიძლია ტყუილის თქმა. მადლობა ღმერთს, შვილებიც ისე გავზარდე, რომ არ იტყუებიან. არასდროს დამჭირვებია მათთვის მეკითხა, ხომ არ იტყუებით მეთქი. ზუსტად ვიცი, რომ არ მომატყუებენ. ერთხელ ვიღაცამ მითხრა, იქნებ, გატყუებენო და ვიცი, რომ ასეთი რამ გამორიცხულია.

ბავშვობაში ბევრი არასაზიანო ტყუილი მითქვამს და თუ დედას რამეს მოვატყუებდი, იმდენად მაწუხებდა ეს ამბავი, ცოტა ხანში აუცილებლად ვეტყოდი სიმართლეს. მართლა ძალიან ცუდად ვრეაგირებ ტყუილზე, ისიც მეყოფა, სცენაზე რომ ამდენს ვიტყუები (იცინის). ცხოვრებამ, ჩემმა პროფესიამ მასწავლა ადამიანების ამოცნობა. თითქოს რენტგენში ვატარებ ადამიანს, მაგრამ თუ ვინმე იტყუება, არაფერს ვეტყვი. ალბათ, იმიტომ, რომ კონფლიქტური ადამიანი არ ვარ. იტყუება და იტყუება, ალბათ, ამით იღებს სიამოვნებას, ასეთი ადამიანებიც არსებობენ, მაგრამ მთავარია, სხვა არ დააზარალონ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕კვარა VS მესი - მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე „პსჟ“ „ინტერ მაიამის“ შეხვდება

🎥 რა უნდა გავითვალისწინოთ მაშინ, როდესაც ბავშვს პირველად ვაგემოვნებინებთ მარწყვს? - პედიატრის რეკომენდაციები

⭕ირანის ნაკრებმა, შესაძლოა, მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ითამაშოს