წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის ხატი გურიაში, ერკეთის დედათა მონასტრის მფარველად არის მიჩნეული. მონასტერი შემოქმედის ეპარქიაში მდებარეობს.
მონასტერი 2006 წელს, მთავარანგელოზ მიქაელის ხსენების დღეს გაიხსნა. ის დაფუძნებულია მთის მწვერვალზე IX-X საუკუნეში აგებულ მთავარანგელოზთა უძველეს ტაძართან.
მონასტერში ინახება სამოცამდე წმინდა ნაწილი, მათ შორისაა ხუთი დიდმოწამის, წმინდა გიორგის, წმინდა დიდმოწამე მინას, წმინდა ბარბარეს, წმინდა მარინეს და წმინდა მკურნალი პანტელეომონის წმინდა ნაწილები.
ასევე, კიევ-პეჩორის ლავრიდან ჩამობრძანებული წმინდა ნაწილები.
მონასტრის ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდეა სასწაულებრივად გადარჩენილი უძველესი სახარება, რომელსაც მიუხედავად ქარიშხლისა, წყლისა და ათასი განსაცდელისა, ერთი გვერდიც არ აკლია. აქვეა უძველესი ვაზის კარი, რომელიც მონასტერს საუკუნეების განმავლობაში ამშვენებდა.
გადმოცემის თანახმად, მონასტერი კომუნისტების დროს დაიკეტა და არსებული სიწმინდეების ნაწილი მონასტრიდან გაიტანეს, ნაწილი გაანადგურეს. მონასტერს ფუნქცია შეუცვალეს. წმინდა მთავარანგელოზის ხატი კი ერთ-ერთ შემოსასვლელში დაკიდეს და მას კარის ფუნქცია მისცეს. მოგვიანებით კომუნისტებმა კარის ჩამოხსნა მოინდომეს, თუმცა ის ვერ ჩამოხსნეს და მისი შუაზე გაჭრა გადაწყვიტეს.
გადმოცემის თანახმად, როგორც კი ხატს ნაჯახი დაარტყეს, ადამიანი, რომელმაც ხატი დააზიანა, ადგილზე გარდაიცვალა. გარშემო მყოფები ამ ფაქტმა შეაშინა და მონასტრიდან გაიქცნენ. ასე გადაარჩინა ხატმა მონასტერი კომუნისტების მხრიდან სრულ გაძარცვას და განადგურებას.
ცოტა ხნის წინ ერკეთის დედათა მონასტერს პოლონელი ბლოგერები სტუმრობდნენ. მონასტრის და სასწაულმოქმედი ხატის შესახებ მათი ჩანაწერები და ფოტოები სოციალური ქსელების მეშვეობით უკვე პოლონელებისთვისაც გახდა ცნობილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 რა არის ჩიყვი და რა სიმპტომებით უნდა ამოვიცნოთ ის? - ექიმის რჩევები
🎥 ევროპის ჩემპიონატზე გასული საქართველოს 21 წლამდე ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა