
ჟურნალისტი გოდერძი შარაშია ის ადამიანია, ვისთან ურთიერთობასაც მხოლოდ პოზიტივი მოაქვს. მართალია, მისი მკაცრი გარეგნობა არ ემთხვევა მის თბილ და იუმორით სავსე ხასიათს, მაგრამ ამაზე თავად ხუმრობს – ამბობს, რომ ბევრს უთქვამს მისთვის, შორიდან სულ სხვანაირი ჩანხარ, ახლოდან რომ გაგიცანი, რადიკალურად სხვა ხარო.
ამჯერად გოდერძი შარაშია ჟურნალ „თბილისელებთან“ ოჯახსა და კარიერაზე საუბრობს:
გოდერძი შარაშია: ზოგს რა სჭირდება ბედნიერებისთვის და ზოგს რა უხარია და რა ხდის ბედნიერს. მე ბევრი რამე არ მჭირდებოდა. თავს, აბსოლუტურად ბედნიერად ვთვლი, რადგან მყავს ისეთი ოჯახი, როგორიც მინდოდა, მყავდა ისეთი მამა და მყავს ისეთი დედა, როგორიც მინდოდა, მყოლოდა, ირგვლივ – ისეთი ადამიანები და მეგობრები, ვისაც ვენდობი, მაქვს ოჯახური იდილია და მყავს არაჩვეულებრივი შვილი. ვფიქრობ, რომ მთავარი ბედნიერება მაინც ოჯახური სიმყუდროვეა და ამ მხრივ, ნამდვილად ბედნიერი ვარ. ყველაფერი მქონდა და მაქვს, რაც ადამიანს ბედნიერს ხდის. თუმცა, ისეც არ არის, კონფლიქტი არ მქონოდა ან ადამიანი არ დამეკარგა. ყოფილა შემთხვევა, ადამიანი, რომელზედაც ვფიქრობდი, რომ მეგობარი და დასაყრდენი იყო, შევცდი და არ ყოფილა ისეთი, როგორიც მეგონა. ასე რომ, ზოგჯერ მქონია ზედმეტი წარმოდგენები ადამიანებზე, რამაც მერე გულისტკენა გამოიწვია. თუმცა, მთლიანობაში, ყველა, ვინც დღემდე ჩემ გვერდით დამრჩა, ბედნიერს მხდიან.
– რომ არა ჟურნალისტი, როგორ გგონია, ვინ იქნებოდი?
– პროფესიით ხელოვნებათმცოდნე ვარ, თუმცა, იმ პროფესიაში რაშიც ახლა ვარ, ძალიან დიდი შრომა ჩავდე. „ბიბისის“ ერთწლიანი კოლეჯის პროგრამა მაქვს გავლილი – მოქმედი პროდიუსერისა და ჟურნალისტის. გავიარე ყველა ევროპული და აზიური ჟურნალისტიკის კურსები, რადგან მინდოდა, ამ პროფესიაში ხელწამოსაკრავი არ ვყოფილიყავი. ბევრი ვიშრომე, რომ დღევანდელობამდე მოვსულიყავი. ჟურნალისტი რომ არ ვყოფილიყავი, ალბათ, არქეოლოგი გამოვიდოდი. თუმცა, თავიდან მსახიობობა მინდოდა, მაგრამ ერთმა მსახიობმა გადამაფიქრებინა.
– გარეგნულად მკაცრი შეხედულება გაქვს. თუმცა, ვინც ახლოს გიცნობს, იცის, რომ რადიკალურად განსხვავებული ხასიათის ხარ.
– არ მიკვირს, ამას რომ მეუბნებით, რადგან ხშირად უთქვამთ, ეკრანზე, მიუხედავად იმისა, რომ გვაცინებ და იუმორით სავსე ხარ, მაინც როგორი მკაცრი გარეგნობით ზიხარო. მეც ვამჩნევ, რომ ჩემი გარეგნობა, აბსოლუტურად განსხვავებულია ჩემს სახასიათო ბუნებასთან (იცინის). ფაქტია, ასეა და ბევრს უთქვამს. ადამიანი არ არსებობს, ვისთანაც გასაღების გამონახვა და ურთიერთობა არ შეიძლება, მაგრამ ცოტა მიჭირს ისეთ ადამიანთან ურთიერთობა, ვისაც იუმორი არ აქვს და წაღიღინება არ შეუძლია. ზოგადად, საზოგადოებაში პოზიტიურ ადამიანებს ვეძებ, თუმცა, ცხოვრებაში ის ხისტი ადამიანებიც საჭიროა, რომ შემოგიძახონ.
არ ვიცი, კარგია თუ ცუდი, მაგრამ არასოდეს ვიმახსოვრებ წყენას და არ ვიცი სიტყვაზე აყოლა. გაწონასწორებული ხასიათი მაქვს, აფექტური არ ვარ და თუ ვინმე ცუდად იქცევა, მირჩევნია, „შევატოვო“ ის სიტყვები, რაც თქვა და არ ავყვე. ამის გამო ზნეობრივად ბევრჯერ მომიგია. ძალიან ემოციური ვარ, მაგრამ მირჩევნია, ასე მოვიქცე და ამით მეტად გამოჩნდეს მისი სახე, ვიდრე უზნეობაში ჩავყვე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„საოცარი ქალი ხარ...“ - შორენა ბეგაშვილი ახალ კადრებს აქვეყნებს