Digest Logo

„ახლობელმა მითხრა, შენი შვილი დადის და იძახის, დედაჩემი მილიონერიაო“ - რას ჰყვება ნუცა შანშიაშვილი

1723008118
ნუცა შანშიაშვილი

გამარჯვებები, წარმატება და აღიარება ნუცა შანშიაშვილის ცხოვრების სტილია, მაგრამ ახლა უკვე შვილის გამარჯვებებს ზეიმობს. 11 წლის ნიკუშა საბრძოლო ხელოვნებით არის დაკავებული და ცოტა ხნის წინ საერთაშორისო შეჯიბრებაზე ოთხი ოქროს მედალიც მოიპოვა. 

ნუცა შანშიაშვილი: ნიკუშა ხუთი წლის ასაკიდან დადის კუნფუზე. კუნფუ, მარტო ვარჯიში არ არის, ეს არის მოძრობა, რომელიც შეიცავს შინაგან სტაბილურობას და ნიშნავს ადამიანის ფსიქოლოგიურ და სულიერ განვითარებას, ასევე, ძალიან ლამაზ ბრძოლას, რომელიც ბუნებასთან საოცრად ჰარმონიაშია. ეს იშვიათი ხელოვნებაა, ამიტომ ამერიკაში ძალიან ცოტა პროფესიონალ პედაგოგს თუ შეხვდებით. ნიკას ხუთი წლის ასაკიდან ერთ-ერთი უძლიერესი ოსტატი ამზადებს. ეს არ არის მისი პირველი შეჯიბრება. ძალიან ბევრი ჯილდო აქვს აღებული, მაგრამ წელს უკვე ვაშინგტონში გამართულ საერთაშორისო შეჯიბრებაზე მიიღო მონაწილეობა, სადაც მონაწილეები მთელი მსოფლიოდან ჩამოვიდნენ. გასაოცარი ამბავი იყო. შოუ ნიკამ გახსნა. ძალიან ვინერვიულე, შეჯიბრებას უამრავი ადამიანი ესწრებოდა და მას პატარა ნიკუშა ხსნიდა. საერთო ჯამში, ბავშვმა ოთხ სხვადასხვა ნომინაციაში აიღო ოქროს მედალი.

– ეს საერთოდ სხვა სფეროა, მაგრამ კონკურსი არც თქვენთვის არის უცხო და რამდენად განსხვავებული ყოფილა შვილისთვის გულშემატკივრობა?

– აბსოლუტურად იდენტურად ვნერვიულობდი. შეიძლება, უფრო მეტადაც, ვიდრე საკუთარ თავზე. განსხვავება ისაა, რომ სპორტში რაც უფრო მეტი კონკურსი გაქვს გავლილი, მით უფრო მეტს აღწევ, ხელოვანს ერთი, მაქსიმუმ ორი კონკურსი გქონდეს. როდესაც კონკურსში ერთხელ გაიმარჯვებ, ანუ, კარიერის დასაწყისში, მერე კონკურსები გვერდზე უნდა გადადო და ხელოვნებას ემსახურო. კონკურსი პოპულარიზაციისთვის გჭირდება და ეს ხელოვანმა ცხოვრების სტილად არ უნდა გაიხადო. მე 1995 წელს გამოვედი კონკურსზე, სადაც ლაურეატი გავხდი, იმ რაოდენობის პოპულარობა მივიღე, რაც საჭირო იყო და დავიწყე ჩემი სოლოპროექტების შექმნა. სპორტში კონკურსებს სულ სხვა დატვირთვა აქვს, გამარჯვების შემთხვევაში, ყოველ ჯერზე შენს უპირატესობას ამტკიცებ და ვითარდები.

– რამდენად ემოციური იყო ნიკუშა ამ პროცესში?

– ნიკუშა საკმაოდ მშვიდია. რა თქმა უნდა, ნერვიულობდა, მაგრამ გამოსვლისას ძალიან მობილიზებული იყო. ბავშვი რომ სცენაზე გამოვიდა, ჯადოსნური ამბავი მოხდა. გენებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. გენეტიკურად მოჰყვება მსახიობობის ნიჭი და სცენაზე რომ გამოდიოდა, სანამ ვარჯიშს იწყებდა, სახე ისე ეცვლებოდა, თითქოს იქ დიდი არტისტი იდგა. ჟიური უკვე გაღიმებული უყურებდა. თავიდანვე ყველა მონუსხა. ჯერ მოძრაობაც არ ჰქონდა დაწყებული და ხალხი უკვე მის დანახვაზე იყო კმაყოფილი. თავი ძალიან მაღალ დონეზე წარმოადგინა.

– საერთოდ, მე მიყვარს ყველაფერი, რაც ინდუიზმს, ჩინეთს, იაპონიას, ტიბეტს ეხება. ძალიან საინტერესოა უძველესი ვარჯიშები, რომელიც პირდაპირ კავშირშია სულიერ განვითარებასთან. რაც შეეხება კუნფუს, ჩემი სცენური პარტნიორისგან, რომელიც ასევე, ჩემი მეუღლის მეგობარია, ვიცოდი, რამდენად დიდი ძალა ჰქონდა კუნფუს. მაშინ ნიკუშა ჯერ არც მყავდა. როცა ნიკუშა გაჩნდა, მერე შემთხვევით ვნახეთ კუნფუს ძალიან კარგი პედაგოგი, თუმცა, მე მჯერა, რომ შემთხვევით არაფერი ხდება და ასე დაიწყო ყველაფერი.

– როგორი ბიჭია ნიკუშა, ჰგავს დედას?

– ძალიან ჭკვიანი ბავშვია. დამიჯერებთ, რომ ყველაფერზე ვეკითხები აზრს?! ხანდახან გიჟს მეძახიან – ყველაფერზე პატარა ბავშვს როგორ ეკითხები აზრსო? არადა, მე ყოველთვის ისე ვიქცევი, როგორც ჩემი შვილი მირჩევს. გარდა ჭკუისა, ძალიან კარგად განვითარებული ინტუიცია აქვს. ძალიან პატარა იყო, ვკითხე, რა ჩავიცვა, დედიკო-მეთქი. გარეთ ძლიერი მზე იყო და მეუბნება, დედა, ქოლგა წაიღეო. გარეთ 40 გრადუსი იყო და რად მინდა ქოლგა-მეთქი, გავოცდი. გამოვედი და 15 წუთში კოკისპირული წვიმა დაიწყო.

ძალიან ლამაზი პლასტიკა აქვს. მე არაფერს დავაძალებ, მაგრამ ძალიან მინდა, რომ მსახიობობას გაჰყვეს. იგივე კუნფუ ძალიან დაეხმარება ამ გზაზე. ცოტა ცეკვა იცის, ცოტა – სიმღერა და საოცარი პლასტიკა აქვს, ეს ყველაფერი გამოადგება, როგორც უმაღლესი კლასის „ჰოლივუდის“ ვარსკვლავს. ქართულ ცეკვაზე დამყავდა და იქ მითხრეს, რომ ბავშვების ასარჩევად მივიდა მათთან ამერიკული ფილმის გადასაღები ჯგუფი და ნიკა აურჩევიათ. მე ვფიქრობ, რომ მსახიობი გარდამავალი ასაკის შემდეგ უფრო ვითარდება, ამიტომ, სიმართლე გითხრათ, ამ ასაკში არ მოვინდომეთ. თან, ქასთინგი, რომ ნიკუშა ეკრანზე ენახათ, სკოლის გამოცდებს დაემთხვა და დრო არ დავაკარგვინეთ. „ჰოლივუდის“ ინდუსტრიაში მოხვედრა 9 წლის ბავშვისთვის ნიშნავს, რომ მან სხვა ცხოვრება უნდა დაიწყოს და მთლიანად ამოვარდეს ჩვეული რეჟიმიდან. ვარჩიე, რომ მომავალში თვითონ აერჩია გზა. თუ მოინდომებს, დარწმუნებული ვარ, რომ დიდი მსახიობი გამოვა. თვითონ უკვე ძალიან დიდი ხანია, ამბობს, რომ ექიმობა უნდა – მინდა, ბევრ ხალხს დავეხმაროო. თუმცა, ყველაფერს განვითარება სჭირდება. დღევანდელ პლასტმასის სამყაროში ძალიან რთულია ბავშვის გაზრდა. ნიკუშა ახლა 11 წლისაა.

– როგორ მიდგომებს იყენებთ აღზრდის პროცესში?

– როდესაც მინდა, ბავშვს ტელეფონი თუ კომპიუტერი წავართვა, გაჯეტიდან მოვწყვიტო, ჩემს თავს ვახსენებ, რომ მე, თავად, ტელეფონი ჩემი ხელის გაგრძელებად წარმომიდგენია და რომ დიდი ხნის წინ ხალხი წიგნს ებრძოდა, ჯადო ეგონათ. ფიქრობდნენ, რომ ხალხს გააფუჭებდა. ეს ცივილიზაციის მორიგი ეტაპია. ერთი მხრივ, ძალიან რთულია, მაგრამ შეგუება და ბალანსია საჭირო, რა თქმა უნდა, მთელი დღე გაჯეტებს არ უნდა დაუთმოს, მაგრამ გლობალურად, მგონია, რომ გაჯეტებივე უნდა იყოს მათი განათლების წყარო და ცუდი კი არა, მათგან მათთვისვე საჭირო ინფორმაცია უნდა მიიღონ. ამიტომ, ვერ ვიტყვი, რომ ამას ვუკრძალავ, ვთხოვ, რომ მაქსიმალურად დოზირებულად მოიხმაროს. ვცდილობ, ვარჯიშებით და სხვა აქტივობებით დავტვირთო, გართობისთვის ჰქონდეს დრო. გამიმართლა, რომ ძალიან მეგობრული ბავშვია.

– მეგობრობთ თუ უფრო მკაცრი დედა ხართ?

– არა, მე აბსოლუტურად არ ვარ მკაცრი. ოჯახში მკაცრი უფრო მამა გვყავს. მე მეგობარი ვარ. არ ვიტყვი: შვილო, აბა, ახლა ეს გააკეთე! ვეტყვი: ნახე, ეს ასე ჯობს. ვფიქრობ, ასე უფრო კარგი იქნება და ასე შემდეგ. არაფერს ვუკრძალავ, ვცდილობ მეგობრულად ავუხსნა, რომ რაღაცები არ არის საჭირო. ვეუბნები, რომ ვერაფერს დავაძალებ, მაგრამ ვუხსნი, რომ სწორი და არასწორი გაარჩიოს ერთმანეთისგან, ძალიან ფრთხილად, მეტაფორულად ვესაუბრები იმაზე, რაც ჩვენ გარშემო ხდება, რომ არჩევანი არ დავუკარგო. არ მინდა, მონა გაიზარდოს, თავისუფლების შეგრძნება უნდა ჰქონდეს. არ მინდა, ბავშვს ბავშვობიდანვე შეზიზღდეს ოჯახის ფორმულირება და სამომავლოდ ოჯახის შექმნის სურვილი დაუკარგოს.

ნიკუშა მზიამ გამიზარდა. მან ყველაფერი დატოვა, ნიკასთან ჩამოვიდა და ერთმანეთზე გიჟდებიან. ყველაფერში არჩევანის, თავისუფლების გზას ვადგავართ, გარდა ჭამისა. მზია სულ ჭამას აძალებს, ტრადიციული ქართველი ბებიაა (იცინის).

– რომ ხედავს, როგორ უყვართ და აფასებენ დედამისს, რას ამბობს?

– ძალიან მეხმარება. ბოლო კონცერტზეც ასე იყო, აუდიტორიაში სკამებს ანაწილებდა. ძალიან ამაყია ჩემით. ერთი პერიოდი, ახლობელმა მითხრა, ნუცა, ბავშვი დადის და იძახის, დედაჩემი მსოფლიოში ერთ-ერთია მილიონერებს შორისო (იცინის). მერე დავჯექი და ავუხსენი: საიდან მოიტანე, ხომ იცი, ხანდახან შეიძლება, ფული საერთოდ არ გქონდეს-მეთქი. არა, შენ იტყუები, მილიონერი ხარო (იცინის). იმდენად ამაყია, რომ ეს მდგომარეობა ბევრ ფულთან გააიგივა (იცინის).

– როგორია მისი დამოკიდებულება საქართველოსადმი?

– გიჟდება საქართველოზე. დადის და ამბობს, მე კახელი ვარო. მზია იმდენს უყვებოდა კახეთზე, ბავშვმა ასე ჩათვალა. საქართველოს ყველა კუთხეზე იცის, მაგრამ გადაწყვიტა, რომ ქიზიყელი კახელია (იცინის).

მზია მაღლაკელიძის უდიდესი წვლილია, რომ ბავშვი კითხულობს და საუბრობს ქართულად. ნიკამ იცის სამი ენა: ქართული, რუსული, ინგლისური და სწავლობს ჩინურ ენას. ბოლოს შეიძლება, დიპლომატი გამოვიდეს. ძალიან სწორად შეუძლია ურთიერთობის წარმართვაც. ძალიან პატარა რომ იყო, ჯერ ძლივს რომ ლაპარაკობდა, ძალიან უყვარდა მეტროს მატარებლების ყურება. ამერიკაში ხომ გახსნილი მეტროებია. მე ცოტა მეზარებოდა მისი მეტროს საყურებლად წაყვანა და ეტყობა, ფიქრობდა, როგორ მოენდომებინა ჩემთვის იქ წასვლა. ერთხელაც, მეუბნება, დედა, ახედე, ცაზე რა არისო და მატარებლების მხარეს მანიშნებს. მზეს ხომ ხედავო? კი-მეთქი. ჰოდა, ის მზე მატარებლებთან არის და წამო, სწრაფად ავიდეთ, რომ რუჯი მიიღოო (იცინის). ამ ასაკიდან რა დონის დიპლომატია, ხომ ხვდებით? იქ კარგად გაშავდებიო, მარწმუნებდა (იცინის). ვნახოთ, რა იქნება რომ გაიზრდება. ყველაფერი უფლის ნებაა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ამ ბავშვებს რომ ვხედავდი დიდი თავებით, ჰიდროცეფალიით, სიმსივნეებით, 6 თვის განმავლობაში ვსვამდი, არ გიმალავთ“ - რას იხსენებს ოთარ ტატიშვილი

🎥 საჭიროებს თუ არა მკურნალობას და ყოველთვის საშიშია თუ არა ლიმფური კვანძის გადიდება? - მაია ბუწაშვილის განმარტება

🎥 „ჩვენი გუნდის თვალის ჩინი“ - „ლევანტე“ გიორგი ქოჩორაშვილის ახალ ვიდეოს აქვეყნებს