ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ გადაცემა „ტაიმაუტში“ სტუმრობისას გაიხსენა, რომ ბავშვობაში განსაკუთრებული მონაცემებით არ გამოირჩეოდა და წარმატების მიღწევა 15–16 წლის ასაკში თავდაუზოგავმა შრომამ და მიზანდასახულობამ განაპირობა.
მისი თქმით, მამის რჩევით - „ყველაზე ბოლო გადი დარბაზიდან“ - თბილისში გადასვლის შემდეგ დარჩენილი 7 თვე მაქსიმალურად გამოიყენა, რასაც 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული 3 ოქროს მედალი და სპორტში საბოლოოდ დარჩენის გადაწყვეტილება მოჰყვა:
- როგორ მიხვდეს მშობელი, რომ ბავშვს აქვს ძალოსნობისთვის კარგი მონაცემები?
ლაშა ტალახაძე: სიმართლეს გეტყვით, არანაირი მონაცემებით არ გამოვირჩეოდი. ალბათ მარტო მე მჯეროდა, რომ შემეძლო გარკვეულ შედეგზე გავსულიყავი. ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი, არანაირი მონაცემებით.
15-16 წლის ასაკში მოხდა ჩემი გარდაქმნა, იმის საშუალებით რომ თავდაუზოგავად ვშრომობდი. როდესაც თბილისში წამოვედი, შევუერთდი თანატოლებს, სულ რამდენიმე თვე გვქონდა რომ კარგ ფორმაში შევსულიყავი და ჩემ ასაკობრივ შეჯიბრებაზე მიმეღო მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატზე. 7 თვე მქონდა დარჩენილი და მაქსიმალურად უნდა გამომეყენებინა ეს დრო.
მამაჩემის სიტყვები მახსოვს: „ყველაზე ბოლო გადი დარბაზიდან. ყველაფერი გააკეთე იმისთვის, რომ ღირსეულად დაიკავო ადგილი ახალგაზრდულ ნაკრებშიო“. სულ მიტრიალებდა ეს სიტყვები თავში. 7 თვეში ისეთი შედეგი დავდე, ჩემი თავის მეც მიკვირდა. პირველივე საერთაშორისო შეჯიბრებაზე, 17 წლამდე ევროპის ჩემპიონატზე 3 ოქროს მედალი მოვიპოვე. ეს უკვე იყო იმის მაგალითი, რომ ამ სპორტში ბოლომდე და აუცილებლად უნდა დავრჩენილიყავი.
მეტის გასაგებად, იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕მსახიობი, მომღერალი და ტელეწამყვანი ლაშა რამიშვილი 46 წლის გახდა