22 თებერვალს, ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში გამთენიისას, ამავე კლინიკის სანიტარმა, კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა. გავრცელებული ცნობით, ახალშობილს ყელის და სახის არეში რბილი ქსოვილების დაზიანებები აღენიშნებოდა, რის შემდეგაც პოლიეთილენის პარკში მოათავსა და მის მოშორებას აპირებდა.
ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე „მთავართან“ ექიმმა, „მედინას“ კლინიკურმა დირექტორმა ჯუმბერ უნგიაძემ ისაუბრა:
„გუშინ გავუკეთეთ მეორე რეკონსტრუქციული ოპერაცია, რომლის აუცილებლობაც იყო იმის გამო, რომ ინფექცია კიდევ არ გავრცელებულიყო. მთელი პირის ღრუ, ქვედა ყბის ძვლების ოსტეოსინთეზი მოხდა... გაკეთდა უნიკალური ოპერაცია, პროგრესი არის, თუმცა ბავშვის მდგომარეობა ისევ მძიმეა, არავის ეგონა თუ მისი გადარჩენა მოხდებოდა. მას მკურნალობენ მოწვეული ექიმებიც, კონსილიუმი იყო მოწვეული, იაშვილის კლინიკიდან ჩამოვიდნენ მედიკოსები. ახალშობილს დასჭირდება პლასტიკური ჩარევა და სხვა ოპერაციებიც...“, - ამბობს ექიმი.
ცნობისთვის, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის „ე“ და „კ“ ქ/პუნქტებით.

ასევე დაგაინტერესებთ: