Digest Logo

„ბავშვებისთვის ძალიან სენსიტიურია... მეუბნებოდა, შენ წასული ხარ ერთი წელი და 32 დღე“ - როგორია ვახო ბიჭიკაშვილის ცხოვრება ემიგრაციაში

1720518201
ვახო ბიჭიკაშვილი

იუმორისტი ვახო ბიჭიკაშვილი, რომელიც წელიწადზე მეტია აშშ-ში ცხოვრობს, გადაცემის „ნიუ-იორკში თამიასთან“ სტუმარი იყო, სადაც მან იქაურ ცხოვრებაზე, სირთულეებზე, ოჯახსა და შვილებთან განშორებაზე გულწრფელად და ემოციურად ისაუბრა.

როგორც თავად ამბობს, იუმორისტს ყველაზე მეტად შვილები ენატრება და იმედოვნებს, განშორება მალე დასრულდება.

რაც შეეხება მიზეზს, რის გამოც ვახომ საქართველო დატოვა, არის კარიერული წინსვლა და განათლების მიღება.

„ძალიან მენატრებიან შვილები, დანარჩენი ვფიქრობ, ცხოვრებისეული გამოწვევაა. საინტერესოა ეს გამოწვევა და ამიტომ ვარ კარგად. 

დამოკიდებულება მქონდა ამერიკის მიმართ ბავშვობიდან, აქ სხვანაირად გადის დრო. ძირითადად პანდემიის დროს მივიღე ასეთი გადაწყვეტილება, ხომ არ გავაკეთო ისეთი რამ, რაც ჩემს ოჯახს წინ წასწევდა. ამაზე ფიქრი დავიწყე ლეგალურად, არ მინდოდა მაქინაციებით გამოსულიყო. მქონდა შესაძლებლობა ვიზით ჩამოვსულიყავი ამერიკის შეერთებულ შტატებში. 

1 თვეში მივხვდი, რომ შემეძლო ადაპტაცია აქაურ სამყაროსთან, ვისწავლო, მივიღო სტატუსი არა ტურისტული, არამედ სტუდენტი გავმხდარიყავი. დაბრკოლება იყო ენის ბარიერი, ამიტომ ავირჩიე ინგლისური ენის კოლეჯი და გავდივარ 2 წლიან კურსს, რომლის დასრულების შემდეგ მინდა ნიუ-იორკის კინო აკადემიას მივუახლოვდე.

ამ ყველაფერს მაკეთებინებს ჩემი ოჯახი, რომელიც მე საქართველოში დავტოვე. ძალიან დიდი ხელშეწყობა მაქვს მათგან, რომ მე აქ მყარად ვიყო და დავაბიჯებდე. მიუხედავად დროის უქონლობისა, მაინც სულ შვილებთან ვიყავი მაქსიმალურად. ამ ფანჯარას კი, სიცარიელეს, ვავსებ მათი დგომით, რომ მამა ამას შეძლებს, რადგან მამა ყოველთვის ფრონტის ხაზზე, საიდანაც სულ გამარჯვებული ვბრუნდები“.

- გაიხსენე დღე, როდესაც მეუღლეს საბოლოოდ უთხარი შენი გადაწყვეტილების შესახებ, რომ ამერიკაში მიდიოდი საცხოვრებლად?

ამ ინტერვიუს მთავარი კითხვაა ეს, ასე ვფიქრობ. კონკრეტულად არ გვისაუბრია, რომ ამ დღეს უნდა წავიდე და გადავცხოვრდე. ეს ყველაფერი მას შემდეგ მოხდა, რაც აქ ვიყავი მაშინ გადავწყვიტე. აქ ჩამოვედი როგორც ტურისტი და შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, რომ უფრო მივსულიყავი იმ ოცნებებისკენ. მიზეზი ის, რის გამოც ჩემს ქვეყანაში ვერ დავეტიე, არის ის, რომ კარიერული წინსვლა და განათლება მიმეღო. დიდი სურვილი გამიჩნდა, რომ ენა კარგად ვიცოდე, კომუნიკაცია მქონდეს ამ საზოგადოებასთან, რომელიც იღებს ფილმს და იმ საქმეს, რომელიც მე ძალიან მიყვარს, ბავშვობიდან ვემსახურე მე ამ საქმეს. ვაპირებ „სივის“ გაგზავნას ისეთ შოუებში როგორებიცაა „ჯიმი ფელონის შოუ“. ოცნებების ასრულების დასაწყისი მაქვს აქ. ეს ყველაფერი მაშინ ვუთხარი მეუღლეს. მეუღლესაც აქვს ვიზა, ხშირად ჩამოდის და საბედნიეროდ გვაქვს შეხვედრები. 

- ფიქრები, მიზნები და ოცნებები, რომელიც ამერიკასთან მიმართებაში გაქვს, სად დაიბადა, საქართველოში თუ აქ? 

ეს იყო ჩემი ოცნების პროფესია, რასაც ვემსახურები. ბავშობიდან მინდოდა თეატრში, კინოში, ტელევიზიაში, რადიოში. ეს იყო ღრმა ბავშვობის ოცნება, რომელიც საქართველოს მასშტაბის პირობებში, რა თქმა უნდა, ავიხდინე. არსებობს ქვეყანა, რომელიც ამ ყველაფრის დედა მშობელია, გაქვს საშუალება და შესაძლებლობა, რომ სცადო მიხვიდე აქამდე, ეს იყო ინსპირაცია და ბედნიერი წუთები ჩემს გონებაში, რომ შემეძლო ამ ნაბიჯების გადადგმა. 

- როგორია ემიგრანტი ვახოს ცხოვრება ნიუ-იორკში? 

ძალიან საინტერესო, ბევრ რაღაცას ვაკეთებ. გავიარე 10-თვიანი ბრუკლინი, რომელმაც ძალიან ბევრი რამე მომცა და მაზიარა. ყველას ვეტყვი, რომ არ არსებობს სიტყვა ემიგრაციის რომელიმე სიტყვით ჩანაცვლება, ვამბობდი არ ვარ ემიგრანტი და ვარ დედამიწელი. პირველი ტატუ, რომელიც ამერიკაში გავიკეთე, მაწერია დედამიწელი. ეს არის ჩემი შინაგანი შეგონება, თუმცა ხარ ემიგრანტი, როდესაც შენ შენი მიწიდან, სამყაროდან, ოჯახიდან მოშორებული ხარ. ვეცადე ემიგრანტობა არ წასულიყო სევდაში, მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდს ყველა გადის პირველი 6 თვე, თუნდაც აქ ყოფნით. 

უამრავი ადამიანი გავიცანი,  რომელიც ღირსეულად ემსახურება აქაურ საქმიანობას იმიტომ, რომ გადარჩეს, გადაარჩინოს ოჯახი და სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ქართველი დღეს ამ რეალობის წინაშეა. ეს თანამდევი სევდაა, მაგრამ ვეცადე აქედან გამოვსულიყავი. მე კი არ ვოცნებობ, მივდივარ მიზნამდე, ამიტომ რადგან მივდივარ ამ მიზნამდე, ეს არის ჩემი „ხუშტური“, ახირება, რომელიც სისრულეში უნდა მოვიყვანო. ამან გაამარტივა და შეამსუბუქა ჩემი აქ ყოფნა. 

- განსაკუთრებული დამოკიდებულება გაქვს ემიგრანტების მიმართ, მათ ძალიან უყვარხარ, რას გვეტყვი მათზე? 

ნამდვილად ბევრი ემიგრანტი გავიცანი, დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი მათგან ყველა მიმართულებით, ფინანსური იქნება თუ არაფინანსური. სრულიად უცხო ადამიანებისგან ვიღებდი ამას. რომ მხვდებოდნენ ასეთი დამოკიდებულება იყო, ამბობდნენ ესეც აქ ჩამოვიდა? რას აკეთებ? რას საქმიანობ? თითქოს შეცოდების მომენტი ვიგრძენი და ვცდილობდი შეკითხვებზე თავი კი არ დამეხსნა, არამედ პირიქით. ვუხსნიდი, რომ მეც ამ ომში ვარ, შენი ჯარის ნაწილი ვარ, შენთან ერთად ვიბრძვი, არ ვთაკილობ არაფერს. 

ჩამოსვლის დღიდან არ გავჩერებულვარ, სარესტორნო ბიზნესშიც ვიმუშავე დისტრიბუციის კუთხით, საღამოები მიმყავდა რესტორანში, იყო აპლიკაციით მუშაობა, საჭმელების მიტანა სხვადასხვა ობიექტებიდან. იმისთვის, რომ თავი გადამერჩინა, ყველაფერი ვცადე. როცა ოჯახიდან წამოსული ხარ, გაქვს პასუხისმგებლობა, გყავს შვილები, შენ კიდევ ოჯახმა იქიდან გიგზავნოს აქ, რომ შენი ხუშტურები აისრულო, ცოტა არარეალურად მომეჩვენა. 

საქართველოში გაკეთებული საქმე აქ თუ დამხვდებოდა ნამდვილად არ მეგონა. ხშირად ვერ ვხვდები, მაგრამ როცა ბრუკლინში მიწევს ჩასვლა, დიდი ჩახუტებით მესალმებიან, უცნობი ადამიანები. ყველა ემიგრანტს, უმძიმესი შრომის, გრაფიკის, ყოფის მიუხედავად, უდიდესი მადლობა, რომ მოდის ჩემს ღონისძიებაზე, დაგეგმილ შეხვედრაზე. 

უნდა ვთქვა, რომ აქაც არიან ისეთი ქართველები, ვისაც სხვანაირი ერთობა აქვს, არ დადგომა გვერდით, ფეხის დადება. მათ ვეტყვი, რომ შეგვიძლია ეგ რაღაცები მოვხსნათ. არ ჩამოვანგრიოთ ეს საყრდენი კედელი, რადგან საქართველოში ბევრს „დაერხევა“, იქნება შიმშილობა, რადგან ქართველების ბედი აქაურ ხელფასებზე და გზავნილებზე დგას. 

- როგორია შენი ერთი დღე ემიგრაციაში? 

დატვირთული დღეა, ვიღვიძებ დილის 7 საათზე. ბოლო პერიოდში წონის კლება დავიწყე, საათობრივ კვებაზე გადავედი, ამიტომ დილით ვიწყებ რუტინით. შემდეგ მივდივარ კოლეჯში, სადაც 5-საათიანი ლექციები მაქვს. აქედან მივდივარ კომპანიაში, ჩემს მეგობრებთან, სადაც ჩვენი პირველი შემეცნებითი, გასართობი, ქართული „პროდაქშენი“ შევქმენით. შემდეგ ვბრუნდები სახლში, ვმეცადინეობ, თუ მაქვს თავისუფალი დრო მაქვს, ვმუშაობ დღიურ ჯაფებზე, რომ გამოვიმუშაო თანხა. 

- მონატრება? 

თანამდევი შეგრძნებაა, ვარ პატრიოტი, მიყვარს ჩემი ქვეყანა, მაგრამ ვფიქრობ, რაც გარდაუვალია, აუცილებლად მოხდება. ჩემი მონატრება არის კონკრეტული ადამიანების, უფრო კონკრეტულად კი ჩემი შვილების. იმედია მალე დასრულდება. 

- გაქვს შემთხვევები, როცა გრაფიკიდან გამომდინარე შვილებთან დაკავშირებას ვერ ახერხებ? 

კი, არის ასეთი შემთხვევები. ჩემს ზარს სულ ელოდებიან, მაგრამ დროში ძალიან დიდი სხვაობაა და ხდება ისე, რომ გაიღვიძეს მე ვიძინებდი. ვცდილობ არ იყოს ასეთი მომენტები. 

- რთულია იყო ემიგრანტი და ემიგრანტის შვილი, როგორი მამაა ვახო ბიჭიკაშვილი? 

ბავშვებისთვის ძალიან სენსიტიურია, პირველი მომენტი იყო თვლა, რამდენი ხანი ხარ წასული. მეუბნებოდა, შენ წასული ხარ ერთი წელი და 32 დღე. ჩემი აქ ყოფნა გავხადე ზეიმი, საჩუქრებით, კონტაქტით, ურთიერთობით, რომ დრამატული ნაწილი არ შემოვიდეს. ამ ხაზით მივყვები სანამ პატარები არიან. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ბევრი ტრაგედიის მიუხედავად, ბედნიერი ვარ...“ - დალი ჩიტალაძის ემოციური ინტერვიუ ოჯახზე, ბავშვობასა და 84 წლის დედაზე

⭕ ნინო ჩხეიძემ შვილთან ერთად პარიზული დღეები მოიწყო - ფოტოები ზღაპრული მოგზაურობიდან

ბუდუ ზივზივაძე ოჯახთან ერთად მოგზაურობას განაგრძობს - ფეხბურთელის ცოლი შვილის უსაყვარლეს კადრებს გვიზიარებს