„დავიბადე 1986 წლის 11 სექტემბერს, თბილისში. პროფესიით ვარ მუსიკოსი და მომღერალი. ამჟამად ვიმყოფები ამერიკაში, კერძოდ ნიუ-იორკში. 7 წლის წინ დავტოვე საქართველო.
2013 წელი იყო, როცა პირველად გამიღო ამერიკამ თავისი კარი. მაშინ ტურისტად ვიყავი ჩამოსული, მეგობრებთან ერთად. ამის შემდეგ ძალიან მოვიხიბლე ამ ქვეყნით, მომნუსხა და შემიტყუა“, - ამის შესახებ ნინი წიკლაურმა გადაცემაში „ნიუ-იორკში თამიასთან“ ისაუბრა.
- რატომ გადაწყვიტე დაგეტოვებინა საქართველო?
საქართველოში ნამდვილად კარგად ვიყავი კარიერული კუთხით, ყველაფერი დალაგებული მქონდა, მაგრამ შემდეგ მოხდა ასეთი რამ - საცხოვრებლად ამერიკაში წამოსვლა ფაქტობრივად მე არ გადამიწყვეტია. გადაწყვიტა ღმერთმა და სიტუაციამ დამიტოვა აქ, მაჩუქა შვილები. შვილები გახდა მიზეზი იმისა, რის გამოც დავრჩი ამერიკაში და ვთქვი უარი ჩემს წარმატებულ კარიერაზე საქართველოში. ჩემი შვილი - საბა ტუღუში გახდა ამერიკული ცხოვრების მიზეზი.
დავორსულდი და საბა გაჩნდა ამერიკაში, მაგრამ თავის დროზე არ გაჩნდა. ადრე მოუნდა გაჩენა და ეს გახდა მიზეზი, რის გამოც ვერ წავედი აქედან. საბა არ გამატანეს და მის გარეშე წასვლა გამორიცხული იყო.
- რატომ არ გაგატანეს ბავშვი?
ადრე დაიბადა და ჰქონდა პრობლემები, არ გამატანეს სახლში და მოგვიწია ინკუბატორული ცხოვრება. სევდიანად დაიწყო ჩემი ამერიკული ცხოვრება, მაგრამ ახლა აღარ ვუყურებ სევდიანი თვალით. რომ არა საბა და აქ არ დავრჩენილიყავი, ბევრი კარგი რამ არ მოხდებოდა. საბას მოჰყვა ილია.
- ბავშვთან იყავი მარტო, რამდენად რთული იყო პრობლემებთან გამკლავება?
ჩვენ ზუსტად გვქონდა დაგეგმილი დროული მშობიარობა და მეუღლე ასწრებდა აქ ჩამოსვლას, თუმცა საბამ დაასწრო. ფსიქოლოგიური სტრესი იყო მისი აქ არ ყოფნა. რთულია პრობლემებთან მარტო ყოფნაც. ჩემი მეუღლის ჩამოსვლის შემდეგ ჩვენი ცხოვრება სხვა საფეხურზე გადავიდა, სანერვიულო ორზე გაიყო.
- ბავშვები გაზარდე დამოუკიდებლად, არასდროს გყოლია ძიძა და არ გითქვამს მუსიკაზე უარი. ვითარდებოდი კარიერის მხრივაც, როგორ გაიხსენებ ამ პერიოდს?
ყველა ადამიანის კარგი მაგალითი მინდა ვიყო, ვისაც ჰგონია, რომ ბავშვები აფერხებენ ამერიკაში ცხოვრებას. დღემდე ორივე ბავშვი დამყავს რეპეტიციებზე. სამსახურშიც კი მიმყავდა, რამდენიმე თვის ბავშვი. მეუღლე სულ მუშაობდა და შვილები ჩემს ხელებს ქვეშ იყო. ფაქტობრივად, რეპეტიციებზე გავზარდე ჩემი შვილი. ისე მივეჩვიე, რომ ვეღარ წარმომიდგენია საბას და ილიას გარეშე სადმე წავიდე.
- 7 წლის შემდეგ მოახერხე საქართველოში დაბრუნება ბავშვებთან ერთად, როგორი იყო სამშობლოსთან შეხვედრა, მოლოდინები და რეალობა?
ეს ყველაზე სენსიტიური საკითხია. რაც წარმომედგინა არაფერი იყო, ათმაგად ემოციური აღმოჩნდა იმ გადაწყვეტილების მიღება, რომ საქართველოში წავსულიყავი. რომ გავაანალიზე როდის ჩამოვედი და როდის მიწევდა წასვლა, მივხვდი, რომ საკმაოდ დიდი დრო იყო გასული.
ყველაზე ემოციური ის იყო, რომ საბასთან და ილიასთან ერთად ჩავდიოდი, როცა იქიდან მარტო წამოვედი. ბებო და დედა მყავს საქართველოში დარჩენილი და რომ წარმოვიდგინე, ბებიაჩემის სახე ჩემი შვილების დანახვაზე, წინასწარ ვიტირე.
რომ ჩავედი და კარი გაიღო, მანდ მივხვდი, რომ უსუსური ვიყავი. ემოციების კონტროლი ვეღარ მოვახერხე და შვილებს ხელი მაგრად მოვკიდე. ძალიან გამიჭირდა, როცა მშობლები დავინახე. მივხვდი, რომ ძალიან დიდი დრო იყო გასული. დედაჩემს უფრო ბევრი ჭაღარა ჰქონდა.
საქართველომ მიმიღო ჩემი შვილებიანად. ჩემი უბანი სულ სხვანაირი მახსოვდა, ბარაკებით, დაბალი სახლებით, რომ ჩავედი და ჩემს ქუჩაზე დავდექი, ვერ ვიცანი, ყველაფერი სხვანაირი დამხვდა. ვთქვი, რომ აქ ჩემი ბავშვობის სუნია -მეთქი. ამას ვერავინ და ვერაფერი შეცვლის. უკან წამოსვლა ძალიან გამიჭირდა. ერთ თვეში უნდა დავბრუნებულიყავი, მაგრამ გავაფუჭე ბილეთი და ოთხ თვეში დავბრუნდი.
საქართველოში სუნიც სხვანაირია, სახლში ვგრძნობდი თავს.
- რა გენატრებოდა ყველაზე მეტად და რა გააკეთე პირველი საქართველოში ჩასვლისას?
ბებიაჩემის შემწვარი კარტოფილი და ტყემალი მენატრებოდა ყველაზე მეტად. ამდენი წლის განმავლობაში, სულ მესიზმრებოდა ჩემი სახლის კარის ჭრაჭუნის ხმა. ასეთი იყო ჩემი მოგზაურობა საქართველოში.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 22 ივლისი ყველაზე თბილი და მზრუნველი ადამიანების, ბებიების დღეა