იღბალი და შრომისმოყვარეობა – რომელს რა წვლილი მიუძღვის ადამიანის ცხოვრებაში, როგორია ამ საკითხზე ფოტოგრაფ გოგა ჩანადირის აზრი და რა ეხმარება პირადად მას წარმატების გზაზე, ამაზე მისგან შევიტყობთ.
გოგა ჩანადირი: ვფიქრობ, რომ ადამიანების ცხოვრებაში იღბლის როლი იმაზე ნაკლებია, ვიდრე ჩვენ ველით. ადამიანი იღბალს თვითონ ქმნის, ანუ, თუ არაფერი გააკეთე და უიღბლობას დააბრალე ის, რომ შედეგს ვერ მიაღწიე, ეს არასწორი მგონია. გამოდის, რომ მაშინ თავში უნდა დაგეცეს მანქანა, კარგი სახლი, ბევრი ფული და ასე შემდეგ. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს ასე არ ხდება?! ადამიანები შრომის შედეგად მოიპოვებენ ამ სიკეთეებს. ხშირად იტყვიან ხოლმე ვინმეზე „რა ცუდი იღბალი ჰქონია“, ან „რა ძლიერი მეტოქე შეხვდაო“. მოდი, შენ იყავი ყველაზე ძლიერი და მერე იღბალიც შენს მხარეს იქნება. ასე რომ, იღბალს ზედმეტად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ.
– წარუმატებელი მცდელობების შემდეგ საკმაოდ რთულია, არ გატყდე და კიდევ სცადო. ასეთ მომენტებში რა გეხმარებათ, რომ ფარ-ხმალი არ დაყაროთ?
– უამრავი ადამიანის გამოცდილება – სხვებმა ხომ არ დაყარეს ფარ-ხმალი?! ხომ გააგრძელეს ბრძოლა უკეთესობისთვის, მიზნის მისაღწევად?! თუ იმას იფიქრებ, ჯანდაბას, აღარ გავაკეთებ, არ გამოდისო, არაფერი გამოვა, მიზანს ვერასდროს მიაღწევ. შეიძლება, რაღაც მომენტში „გაგივარდეს“ და მარტივად გამოვიდეს, მაგრამ ადამიანები მხოლოდ ერთი მიზნისთვის ხომ არ ვცხოვრობთ, ცხოვრებაში ბევრი მიზანი გვაქვს, რომ უკეთესობისკენ შევცვალოთ ყველაფერი და ყველა ადამიანს აქვს შემთხვევა, როცა არ უმართლებს. ცნობილი საქმიანი ადამიანები ავიღოთ, ყოველთვის არ მოაქვს საქმეს წარმატება, მაგრამ წარუმატებლობის შემდეგ მცდელობებს, ზოგჯერ იმაზე უკეთესი შედეგის მოტანა შეუძლია, ვიდრე მანამდე წარმოგვედგინა. ყურების ჩამოყრა არ ღირს. არც სხვაზე გადაბრალებაა საჭირო. რა დონეზეც გინდა, მიაღწიო წარმატებას, იმ დონეზე მაინც უნდა გაისარჯო. თუ არ გაისარჯე, სხვას ნურაფერს დააბრალებ, ნურც გარემო ფაქტორებს.
ვიღაცამ შეიძლება, თქვას, როგორ არა, მე ვშრომობო და ასეც იყოს, მაგრამ ეს ყველაფერი ფუჭი შრომა იყოს. ქვა უნაყოფოდ არ უნდა ააგორო, შრომა სწორად უნდა წარმართო. მთავარი ეგ არის. ჭკუას არავის ვასწავლი, უბრალოდ, მე იმ დონეზე ვაღწევ შედეგს, რა დონეზეც ვთხოვ ჩემს თავს და რა დონეზეც ვმოქმედებ.
ხშირად მეუბნებიან, რატომ არ აპიარებ საკუთარ თავსო. ეს არ არის ჩემი მოტივაცია. „საქმემან შენმა წარმოგაჩინენ“ – მე უფრო ამ იდეის მომხრე ვარ. შეიძლება ვიღაცები საქმესაც კარგად აკეთებენ და თავსაც კარგად ირეკლამებენ, მაგრამ მათ ასე მოსწონთ. მე უფრო აკადემიურ ხაზს მივყვები და ვფიქრობ, რომ დრო წარმოაჩენს, როგორი გულწრფელი და სწორი იყავი, გააკეთე თუ არა რაიმე ფასეული ადმიანებისთვის, ქვეყნისთვის, ღმერთისთვის. მე ასე ვუყურებ. ზოგჯერ მესმის, რომ ადამიანი რაც მეტ ეპატაჟს მიმართავს, უფრო აღწევს შედეგს. მესმის, არავის ვაკრიტიკებ, ყველას თავისი გზა აქვს, დაე, ყველა გზა გამართლებული იყოს, თუ ეს ადამიანებსა და ღმერთს ემსახურება.
– ამ გზაზე რამდენად უფრთხილდებით საკუთარ ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას?
– ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არ უნდა ამოწურო საკუთარი რესურსი. რაღაც დონეზე ვუფრთხილდები, თუმცა ყოველთვის არ გამომდის. ერთი, რაც ვისწავლე, ისაა, რომ თუ სხვას არ დაადანაშაულებ, გულში ბოღმას არ ჩაიდებ, ნაკლები სანერვიულო გექნება. თუ არ ნერვიულობ, ესე იგი, მენტალურ ჯანმრთელობას დიდ სარგებელს აძლევ. ბევრ რამეზე აღარ ვნერვიულობ და ცოტა უფრო მშვიდად ვუყურებ გარკვეულ საკითხებს. თუ შემიძლია, რამე შევცვალო, თუნდაც სხვისი გაფუჭებული იყოს, რატომაც არა? ნერვიულობას და შორიდან ყურებას, სჯობს ხელები დაიკაპიწო და შენ თვითონ გააკეთო. ფიზიკურად ხანდახან დიდი შრომა მიწევს, ხშირად ძილი არ მყოფნის და ასეთ დროს ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ფიქრი, ძნელია, თუმცა როგორც არ უნდა იყოს, ჯანმრთელობა არ უნდა დაგვავიწყდეს და ვცდილობ, ეს ჩემს თავს ხშირად შევახსენო.
ასევე დაგაინტერესებთ:
წყარო: tbiliselebi.ge