Digest Logo

„მომენატრა ის დრო, როცა ადამიანები ერთმანეთზე მეტად ზრუნავდნენ, უყვარდათ, უფრთხილდებოდნენ“ - რას იხსენებს ზურა შევარდნაძე

1765110264
ზურა შევარდნაძე

ქართველი ფლორისტი, მწერალი და ტელეწამყვანი, ზურა შევარდნაძე, რომელიც ცნობილია თავისი ყვავილებისადმი განსაკუთრებული სიყვარულითა და ბაღის მოვლისადმი მიძღვნილი შრომით, სოციალურ ქსელში ხშირად უზიარებს საზოგადოებას ამა თუ იმ რჩევებს და სახალისო ისტორიებს მისი წარსულიდან.

ამჯერად ზურამ სოციალურ ქსელში წარსული გაიხსენა:

„დიდი ბებია ბაბუებით დაწყებული, ჩემი ბებია ბაბუებიანად ყველა მახსოვს. აღარცერთი აღარაა და ყველას შეცხადებას, გასვენებას და ტირილს შევესწარი.

ჩემი დროის გურიაში ბავშვებს დიდად არ მოარიდებდენ და ყველაფრის თანაზიარი, მომსწრე ვიყავით. ყველაფერს ვაკვირდებოდი ინტერესით და ბევრი რამე მახსოვს. ახლა აღარ მგონია იყოს რამე ამის მაგვარი დარჩენილი ამიტომ ეგება ღირდეს გახსენებად.

სასაფლაოდან რომ დავბრუნდებოთ ჭიშკართან მეზობლის ბიჭი დაგვხვდებოდა ხელში დიდი, ემალის ჩაიდნით , მხარზე ტილოგადაკიდებული და ყველა ხელზე წყალღვინოს გადაივლებდა, გახამებულ ტილოზე შეიწმედდასავით ხელს.

ეზოში უსათუოდ რომელიმე მსხმოიარე, ნაყოფისმომცემი ხე დახვდებოდა ჭირისუფალს მოჭრილი. მეზობლები წყვეტდენ ამას რომელი ხე მოჭრილიყო. აუცილებელი ის იყო რომ ჭირისუფალს მოჭრილი ხის დანახვაზე გული დაწყვეტოდა, გულსაკლავი უნდა ყოფილიყო. დარდი მიცვალებულზე არ გაჩერება და ხეზე გადიარსო იტყოდენ. ხშირად შევსწრებივარ ამ ამბავს და გულიც ხშირად დამწყვეტია ჩემსასაც და სხვისასაც.

ამ მეორე ამბავს პირველთან უსათუოდ უნდა ჰქონდეს კავშირი, მაგრამ მე არ მყოფნის ცოდნა და არ ვიცი რა და როგორაა.

ბავშვი რომ დაიბადებოდა 40 დღეს ახლობლები, ნათესავები მეზობლები არ შეიმჩნევდენ, არ მიულოცავდენ, აცლიდენ ქალს მოლოგინებას ბავშვს სათუოდან გამოსვლას. ამ ორმოცი დღის შიგნით მოდიან ბიძები, ნათლია მეზობლები და უკითხავად, შეუთანხმებლად, ჩუმად რგავენ ახალდაბადებულის ეზოში, მის სახელობაზე მსხმოარე ხეს. სარსაც დაურჭობენ, მიაკრავენ და იმაზეც იზრუნებენ გაიხაროს.

ასე ჩუმად და უკითხავად დარგული ბევრი ხე ვიცი ასკანაში და ჩემს ეზოში ხომ ვიცი და ვიცი. დათიკო ბაბუას სახელობაზე ჭანჭათელი ბიძანების დარგული თავრეჯულა მსხალი ახლაც დგას, ზურიკო ბაბუას დაბადებაზე ტიტიკო შევარდნაძის დარგული საივანობო მსხლის ხეც ვიცი სატურიაში. დემირა, ნაცარა და სახაჭუნა ვაშლები შალიკო ქუთათელაძეს დაურგავს ჩვენსას მამაჩემის გაჩენის დღეს.

ნიკო ბიძიას ჩემს სახელობაზე იალტის ბლები და აფხაზურა ლეღვი დაურგავს წინა ეზოში ჭასთან.
რამ გამახსენა ახლა ეს ამბავი არ ვიცი, მაგრამ გამახსენდა და დავწერე, ეგება მომენატრა ის დრო როცა ადამიანები ერთმანეთზე მეტად ზრუნავდენ, უყვარდათ, უფრთხილდებოდენ“, - წერს ზურა შევარდნაძე

.

ასევე დაგაინტერესებთ:

„მერაბ დვალიშვილი ურეკავს დედას და დედა ეუბნება: „მაგის მეტი სანერვიულო არ მოგცეს ღმერთმა ახლა შენ“ - რას წერს გიორგი კეკელიძე

„მისი ენერგია მჭიდრო კავშირშია განადგურებისა და ხელახლა დაბადების თემებთან“ - ხათუნა ნოელი ვენერასა და ანტარესის შეერთებაზე

🎥 „საოცარი გოგო ხარ, უხდები ნიუ-იორკს“ - თამო ვაშალომიძე აშშ-ს ქუჩებში პოზირებს