Digest Logo

ბრწყინვალე შვიდეული დაიწყო - რა უნდა ვიცოდეთ

1714975724
ბრწყინვალე შვიდეული

დღეიდან ბრწყინვალე შვიდეული დაიწყო. აღდგომის შემდეგი კვირა მსგეფსია და მორწმუნეებს ოთხშაბათსა და პარასკევს ყველანაირი პროდუქტის მიღება შეუძლიათ.

ბრწყინვალე შვიდეულის ყველა დღეს ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია სრულდება და მორწმუნეებს ზიარების მიღების შესაძლებლობა აქვთ.

ამასთან, წელს ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს გიორგობის დღესასწაული დაემთხვა.

აღდგომის ბრწყინვალე შვიდეული გვირგვინდება კვირიაკით, რომელსაც ეწოდება კვირაცხოვლობა, ანუ ახალი კვირა, ანუ აღდგომის განახლება. ამ დღიდან მოყოლებული, ყოველი კვირა დღე აღდგომის დღესასწაულია.

დღეიდან, აღდგომის მეორე დღეს მორწმუნეებისთვის ბრწყინვალე შვიდეული, ანუ მსგეფსი დაიწყო. მისი თითოეული დღე განსაკუთრებული მადლითაა აღსავსე.

წირვა-ლოცვა მხოლოდ ამ კვირისთვის დამახასიათებელი რიგით სრულდება, განსხვავებულია მიცვალებულის წესის აგება, ცვლილებაა ყოველდღიურ ლოცვებშიც.

ბრწყინვალე შვიდეულში არ იკითხება ფსალმუნები, პარაკლისები, დაუჯდომელი ლოცვები, ხოლო დილა-საღამოს ლოცვების ნაცვლად იკითხება პასექის ჟამნი.

ამ კვირაში ზიარებისათვის მომზადებაც შემსუბუქებულია: მარხვის დაცვა არაა საჭირო, ხორცის მიღება თვით ზიარების წინ დღესაც კი შეიძლება.

იცვლება მისალმების წესიც: აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ქრისტიანები შეხვედრისას „გამარჯობის“ ნაცვლად ერთმანეთს ახარებენ: „ქრისტე აღსდგა“ — „ჭეშმარიტად!“ „ჭეშმარიტად აღსდგა!“ „ჭეშმარიტად აღსდგა ქრისტე!“

კვირაცხოვლობას ტაძრებში დაჭრილი არტოსი – საგანგებოდ გამომცხვარი პური რიგდება, რომელიც აღდგომის დღიდან მთელი ბრწყინვალე შვიდეულის მანძილზე ეკლესიებში კანკელის წინ პატარა მაგიდაზე დევს და დიდი მადლით იმოსება. მორწმუნეები მას განსაცდელისას, სულიერი და ხორციელი უძლურების დროს იღებენ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს

როგორ აღნიშნავდნენ გიორგობას საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში – წინაპართა ტრადიციები

„6 მაისი მამაჩემის დაბადების დღეა...ძალიან მაკლია ის ლაპარაკი, სადღაც ჩაკარგული და უთქმელი სიტყვები“- გიორგი კეკელიძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს