დღეს, 17 სექტემბერს ლეგენდარული მსახიობის სესილია თაყაიშვილის დაბადების დღეა. იგი 118 წლის გახდებოდა.
სესილია თაყაიშვილი 1906 წელს დაიბადა. 1926 წელს დაამთავრა აკაკი ფაღავას დრამატული სტუდია თბილისში და იმავე წელს ჩაირიცხა რუსთაველის სახელობის თეატრში. 1930-1966 წლებში მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი იყო.
თაყაიშვილი ქართული თეატრის რეალისტური სამსახიობო ხელოვნების ბრწყინვალე წარმომადგენელია. მის შემოქმედებას ახასიათებს გულწრფელობა, ფსიქოლოგიური სიღრმე, მაღალი პროფესიული კულტურა, დახვეწილი იუმორი, ჩინებული სამსახიობო ტექნიკა. განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია სახასიათო როლების შესრულებაში. ქართულ სცენაზე 120-მდე როლი განასახიერა.
სესილია თაყაიშვილი 90-იანების ბავშვების ბებიაა. მისი სამსახიობო ნიჭის მიღმა ბევრი საიდუმლო და ცხოვრებისეული ტრავმები იდგა.
„ჩემი გმირები უკეთ მოგითხრობენ ჩემზე ვიდრე მე, რადგან თითოეულ როლში სულის ნაწილს ვაქსოვ“, - ამბობდა სესილია ერთ-ერთ ინტერვიუში.
იგი წერილებში დეტალურად აღწერდა თავის მდგომარეობას, ზოგჯერ საკუთარი თავის ქებასაც არ ერიდებოდა. აი რას წერდა დედას:
„ერთხელ შევეკითხე მძღოლს, რატომ მაყენებთ უხერხულ მდგომარეობაში-მეთქი? იცი, რა მითხრა? როგორ, ჩვენთვის ბედნიერებაა, რომ ჩვენს მანქანაში ჯდებითო. მე ვუპასუხე, ფული ყოველთვის აიღეთ და ერთი თხოვნაა, თქვენ გამასვენეთ-მეთქი. აი, ჩემი სიხარული. ეტყობა, ეს მაძლებინებდა, ამ უბრალო ხალხის დამოკიდებულება. ეს შეიძლება უმნიშვნელო ფაქტია, მაგრამ ამაში ბევრი რამ არის ჩაქსოვილი. უბრალო ხალხი, მშრომელი რომ დაგაფასებს, ეს რასაკვირველია, ბედნიერებაა.
საოცარი დამბადე, დედა, რატომ მერიდება ქების? ვცდილობ იმ წამსვე გადავიტანო ლაპარაკი სხვა თემაზე. თავაღებული გატუტუცებული ქებით არასდროს მივლია აქ, ამქვეყნად. შეიძლება ესეც მიზეზი იყო იმისა, ყველას აბუჩად ასაგდები ვეგონე, იუმორი კი მრავლადაა ჩაქსოვილი ჩემში შენგან. ეს იუმორი რომ არა, ალბათ ვერც მივაღწევდი სიბერემდე, მაგრამ ეს იუმორიც დამღლელი აღმოჩნდა. სხვას რომ არ ვუმხელ, ჩემთვის ვაზროვნებ და მეცინება, ვის გავუზიარო? ეს პირველი წერილია დედიკო.
თუ ვიცოცხლე, ბევრ რამეს გიამბობ. იყავი მშვიდად, შენ თუ გეწერა სიკვდილი, ბედნიერი წახვედი, იმიტომ რომ, შვილები თავს გევლებოდა.
„ჩემო დედიკო! მაპატიე რომ ვეღარ დავდივარ შენთან. დამნაშავე ვარ, იქნებ მსჯი, დედა! ძალიან მიჭირს, მიშველე თუ იოტისოდენა გიყვარვარ! მიშველე, არ ვიცი, რა დავაშავე, რატომ ვარ ასეთ დღეში. დავიღალე, დედა, დავიღალე. დედა... ცხოვრებამ მომკლა, რატომ შენთან ერთად არ წამიყვანე, რამდენი მაქვს გადატანილი უშენოდ, რომ იცოდე. შემიბრალე დედიკო, გეხვეწები.... შემიმსუბუქე დარდი.... ვიცი, მიგატოვე, არ გაქცევ ყურადღებას, მაგრამ თვითონ მე ხომ ავად ვარ. მიშველე, დედიკო", - წერდა სესილია თაყაიშვილი.
სესილიას ანდერძი
„ვგრძნობ, ძალიან ცუდად ვარ, არ მცილდება ნახველში სისხლი. უსაშველო ხველა, ვიხრჩვები. რა კარგია, კაცი რომ დიდი სიცხით არის ავად, გრძნობა ეკარგება და კვდება. რა ცუდია, ყველაფერი გტკივა, დადიხარ ძლივს და არ კვდები.
ვთხოვ ჩემიანს ყველას, შემისრულონ თხოვნა. არავითარ შემთხვევაში თეატრში არ გადამიყვანონ, ჩემი არგადაყვანით შეწყდება თეატრში ხშირი სიკვდილი. მერწმუნეთ, არავითარ შემთხვევაში, მუხლმოდრეკილი გეხვეწებით.
დიდუბე არ მიყვარს და გთხოვთ, ნუ გამომიძებნით ადგილს. საბურთალოში თუ შეძლებთ, მაგრამ გთხოვთ ორ ადგილს იმიტომ, რომ ჩემს გვერდით მოხვდება, ვინც ჩემს შემდეგ წავა ოჯახიდან და არ ვიქნები მარტო. იწამეთ თხოვნა. რა საჭიროა საპატიო ყარაული, ნუ დაღლით ხალხს, არავითარი სიტყვები! ვიყავი, ვშრომობდი და დასრულდა ჩემი ცხოვრება! იმედია, ასე მშვიდად და წყნარად მიაბარებთ ჩემს ნეშტს ცივ მიწას“, - წერდა მსახიობი ანდეერძში.
პატიება ვერ შეძლო, მაგარამ... - ამბავი სესილია თაყაიშვილის ერთადერთ სიყვარულზე
სესილიას მეუღლე მსახიობი ვასო გოძიაშვილი იყო. ვასო სესილიაზე ერთი წლით პატარა იყო. როდესაც მას სესილია გაუცინია, პირველივე ნახვით მოხიბლულა. მერე, საღამოს სახლში გაუცილებია - „მეუბნებოდა - ეს ცა, ეს ვარსკვლავები, ყველაფერს შენ გჩუქნიო. უცებ ეზოდან ფინია გამოვარდა, ყეფა დაიწყო ვასომ წინ დამიყენა მეფარებოდა და შიშისგან ყვიროდა, ვაიმე დედა, გადი ძაღლოო.... მე სიცილი ამივარდა და ვუთარი, წეღან ყველაფერს მჩუქნიდი, ახლა კიდე, პირველივე ქუჩის ფინამ შეგაშინა და მე ამომეფარე-მეთქი“, - სიცილით იხსენებდა სესილია.
წყვილს ერთადერთი შვილი - დათო გოძიაშვილი შეეძინა. ვასო მექალთანე აღმოჩნდა, სესილია - ერთგული. ოჯახი 6 წლის თავზე დაინგრა - სესილა სიამაყით ამბობდა - მეორე სართულიდან გადმოვუყარე ჩემოდნებიო. პატიება ვერ შეძლო მაგრამ სიყვარულს ბოლომდე უერთგულა.
სესილია აღარ დაქორწინებულა, ვასომ კი რამდენიმეჯერ შექმნა ოჯახი. მსახიობს პირად თემაზე საუბარი არ უყვარდა.
პირადზე კი არა, პროფესიულ თემებზეც ერიდებოდა ინტერვიუებს და ემალებოდა კორესპონდენტებს....
სესილია თაყაიშვილს არ უყვარდა თავისი თავის ხილვა ფილმებში და გადაღებებზეც დისკომფორტს განიცდიდა:
„არ მიყვარს კინოაპარატი, იგი თავიდანვე მაშინებს, მთელი ფიქრი და გრძნობა მასთან არის დაკავშირებული, მაგრამ მერე დრამატურგიული სახე ნთქავს ყოველივეს და ერთადერთი ამოცანა, - მოვატყუო, გამოვთიშო ჩემი შეგნებიდან ეს აპარატი - მთლიანად მიპყრობს. როგორც კი არ ვგრძნობ ხოლმე აპარატს, მუშაობა გაცილებით მიადვილდება.
არ მიყვარს ჩემი თავი ეკრანზე, რადგან ვიცი, რაც გაკეთებულია, ვერ დააბრუნებ, ვერ გაასწორებ და არ მინდა კიდევ ერთხელ დავრწმუნდე, რომ შეიძლებოდა გაცილებით უკეთ მეთამაშა“, - ამბობდა სესილია თაყაიშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 როგორ უნდა მოვიქცეთ 18 სექტემბრიდან, მთვარის დაბნელების პერიოდში? - ანზორ ოდიშარიას რჩევები