Digest Logo

„ჩემს ირგვლივ ყველაფერი იყო შავი... დედაჩემს თეთრი ფრთები ჰქონდა, რომელიც გადამაფარა და ყველაფერი გათეთრდა, ამ დროს მოვყევი ავარიაში“ - კლინიკური სიკვდილი და მემკვიდრეობითი ნიჭი ეზოტერიკაში, ექსკლუზიური ინტერვიუ ნინა სუსლოვასთან

1717510010
ნინა სუსლოვა

ბავშვობის ასაკიდან, როცა მან დაკვირვება, გაანალიზება და ფიქრი დაიწყო, გაუჩნდა სამყაროს მიმართ ინტერესი. ჰქონდა შეკითხვები, რომლებზედაც პასუხებს ვერ იღებდა, რადგან მის ირგვლივ მსგავსი თემებით დაინტერესებული ადამიანები არ არსებობდნენ. 

სკოლის პერიოდიდანვე ჰქონდა შეგრძნებები, ინტუიცია, რომელიც არასდროს ღალატობდა და ყოველთვის იცოდა რა დროს რა უნდა მომხდარიყო. 

„დაიჯესტი“ ახალგაზრდა ეზოტერიკოს ნინა სუსლოვას უფრო ახლოს გაგაცნობთ, რომელმაც ჩვენთან გულწრფელად და საინტერესოდ ისაუბრა.

ვინ არის ნინა სუსლოვა? 

- პირველ რიგში ვარ ეზოტერიკოსი, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ეს სფერო ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, არ განვსაზღვრავ როგორც ეზოტერიკა და მე. ვიტყვი, რომ ეს არის ერთი მთლიანობა, რომელსაც კი არ ვიყენებ, არამედ ვცხოვრობ სამყაროს პრინციპებით, ისე რომ ვიყო სამყაროსთან ჰარმონიაში. ვარ ადამიანი, რომელიც ითვალისწინებს სამყაროს რიტმს, მის მინიშნებებს და მითითებებს. 

როგორია სამყაროსთან ჰარმონიაში ყოფნა? 

- ყველაზე მნიშვნელოვანია მიმღებლობა. მიმღებლობა არის რაც არ უნდა მოხდეს, არ არსებობს ცუდი და კარგი. პირობითი დაყოფა არ არსებობს, რაღაც შეიძლება იყოს კარგი და ცუდი. ყველაფერი ხდება რაღაცის გამო. როდესაც ადამიანს მიმღებლობის მაღალი შეგრძნება აქვს, არ ეწინააღმდეგება მოვლენებს. თუ მოხდა რაღაც ცხოვრებაში ნეგატიური, ან პოზიტიური, ერთსაც და მეორესაც თავად ვაძლევთ მნიშვნელობას. ვიღაცისთვის ის ცუდი შეიძლება იყოს კარგი და პირიქით .შესაბამისად, როდესაც ადამიანი ბოლომდე იღებს იმას, რაც მის გარშემო ხდება, ძირითად შემთხვევაში ის უკვე ჰარმონიაშია სამყაროსთან. სამყარო შემდეგ თავად აჩვენებს მიმართულებებს და გზას, როგორც უნდა განვითარდეს. 

რამდენი ხანია აღნიშნულ სფეროში ხართ და რატომ გადაწყვიტეთ ეზოტერიკა გექციათ პროფესიად?

ბავშვობიდან მაინტერესებდა, იმ ასაკიდან, როცა ფიქრი დავიწყე, ყოველთვის მაინტერესებდა ყველაფერი, რაც იყო მისტიკური, საიდუმლო და იდუმალი, ის რაც ძირითად შემთხვევაში არავინ იცოდა. პროფესიული კუთხით დაახლოებით 12 წელია ამ სფეროში ვარ. 

ყოველთვის ვიცოდი, მქონდა შეგრძნებები, ინტუიცია, ვგრძნობდი წინასწარ ცუდი რომ უნდა მომხდარიყო. მნიშვნელოვანი მომენტების წინასწარი შეგრძნება მქონდა ბავშვობიდან. მითქვამს ხშირად მშობლებთან, ნათესავებთან და მართლდებოდა სულ. 

პატარაობიდან ძალიან კარგად ვგრძნობდი სხვების შეგრძნებებს, რას ფიქრობდა კონკრეტულ მომენტში. შინაგანი ქვეცნობიერის შეგრძნება მქონდა, რომ რაღაც ამ მიმართულებით წავიდოდი და გავყვებოდი. 

პატარა ასაკში, ბავშვისთვის ეს ყველაფერი რთული არ ყოფილა? 

ბავშვობაში ყველას აქვს ეს შეგრძნებები, ძირითად შემთხვევაში ასეა. აი, თუ გაგიგიათ ბავშვები ვიღაცასთან მიდიან, ვიღაცასთან არ მიდიან, ვიღაც მოსწონთ, ვიღაც არ მოსწონთ. ბავშვი ყოველთვის გრძნობს ადამიანის ენერგიას, აურას. მაგრამ როგორც კი ბავშვი იზრდება, ეს შეგრძნებები ებლოკება, რადგან ადამიანი არ არის იმისთვის მზად, რომ ხედავდეს, აღიქვამდეს და გრძნობდეს. 

არიან ადამიანები, რომლებსაც ეს უნარები რჩებათ და არ ებლოკებათ. თუ ადამიანი მზად არ არის, ამას ეწინააღმდეგება და ცოტა სხვანაირი დამოკიდებულება უჩნდება. მე არასდროს მქონია შიშის ფაქტორი, პირიქით, სულ ინტერესი მქონდა.

მახსოვს სკოლაში რომ დავდიოდი, კითხვები, რაც მქონდა, პასუხებს ვერ მცემდნენ და მეუბნებოდნენ რაში გაინტერესებსო. სულ მიკვირდა, როგორ შეიძლება არ გაინტერესებს ის, რაც არ იცი. მაშინ მივხვდი, რომ ყველა ადამიანს მსგავსი ინტერესი არ ჰქონდა და არ აინტერესებდა რაღაცის მიღმა რა ხდება. იქ სადაც წერტილი ისმება, ხშირად გაგრძელება აღარ აინტერესებდათ. მე ყოველთვის მაინტერესებდა იმის იქით რა ხდებოდა.

ბედნიერი ხართ, რომ სამყარომ ეს შეგრძნებები არ დაგიბლოკათ? 

- რა თქმა უნდა.

როგორ გახდით პროფესიონალი ეზოტერიკოსი, სად ისწავლეთ. 

- ჩემი პირველი პროფესია, საიდანაც ყველაფერი დაიწყო, არის ქიმია. როდესაც ჩავაბარე და სწავლა დავიწყე, მივხვდი, რომ ძალიან დიდი კავშირია ქიმიასა და ეზოტერიკას შორის. ერთ დროს, როგორც ალქიმიკოსები იდევნებოდნენ და თვლიდნენ, რაღაც საშინელებებს ჩადიოდნენ, ისეა ეზოტერიკაც. იყვნენ ადამიანები, ვინც ფიქრობდნენ, რომ ეს არ იყო ჭეშმარიტება. დღეს ქიმია არის ჩვეულებრივი მეცნიერება, სხვა დამოკიდებულება გვაქვს, ეზოტერიკის მიმართ დამოკიდებულებაც იცვლება, სხვანაირი ცნობიერება და აღქმა მოდის. 

ამ ყველაფრის შემდეგ ინტერესი გამიმძაფრდა უფრო სიღრმისეულად შემესწავლა. სწავლის თვალსაზრისით სულ ვვითარდები, ეს ისეთი სფეროა, პიკის მიღწევა შეუძლებელია. ვვითარდებოდი ბავშვობიდან მოყოლებული. 

როგორი იყო თქვენი შეგრძნებები, როცა მისტიკურ შეკითხვებზე პასუხები მიიღეთ?

- ეს ყველაფერი ხდებოდა ეტაპობრივად. არ ყოფილა ისე, რომ ყველა კითხვაზე ერთნაირად მიმეღო პასუხები. რეალურად, არასდროს მიფიქრია, რომ ამ შეკითხვებზე პასუხებს ვერ მივიღებდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველაფერს გავიგებდი იმაზე, რისი ინტერესიც მქონდა. ამ ყველაფრისთვის შეიძლება საჭირო იყო ადამიანი, ან სწორი დრო, როცა თავისთავად მოხდებოდა ეს ყველაფერი. 

რა წინაღობები გხვდებოდათ/გხვდებათ თქვენს პროფესიაში? 

- წინაღობა არ არსებობს და შემიძლია განვმარტო რატომ?! ყველა ადამიანის ცხოვრებაში ხდება რაღაც, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს, წინააღმდეგობა, რომელიც აღიქმებოდეს ისე, რომ გადალახო და დაძლიო. თუ დავუბრუნდებით იმ აზრს, რომ ადამიანს მიმღებლობა უნდა ჰქონდეს, რეალურად ეს ყველაფერი ხდება ადამიანის განსავითარებლად. შესაბამისად, ნებისმიერი მოვლენა, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში ხდება ხდება რაღაცის გამო და არა უბრალოდ. სამყარო ვითარდება, ჩვენც ვითარდებით და მივყვებით მის რიტმს და ციკლს. 

რამდენად დაფასებულია თქვენი პროფესია საქართველოში?

- რაც დრო გადის უფრო ფასდება. დრო იცვლება, სამყარო ვითარდება და მასთან ერთად ვითარდება ყველაფერი, რასაც სამყარო მოიცავს. 

ერთ დროს არ იყო მეცნიერება, თუმცა დრო გავიდა და მის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა. ანალოგიური პროცესი ხდება ეზოტერიკაშიც. იცვლება ერა, ვიცით, რომ გადავედით მერწყულის ერაში, დაიწყო ახალი ციკლი, ამ ცვლილებასთან ერთად მოდის სამყაროს ახალი ტენდენციები, ღირებულებები, სისტემა, რომელსაც ადამიანები თავისთავად ფეხს უწყობენ. ბევრად უფრო მარტივია ინფორმაციის მოპოვება საჯაროდ აღნიშნულ პროფესიაზეც. განვითარებასთან ერთად ვითარდება ეს სფეროც და ხდება უფრო საინტერესო. ადამიანების დამოკიდებულებაც ხდება უფრო რეალური და არა ისეთი, როგორიც ადრე იყო, ეშინოდათ, რადგან არ იცოდნენ რას ნიშნავდა. 

ყველაზე დიდი მოტივაცია თქვენს საქმიანობაში? 

- ადამიანების ბედნიერება, სწორი მიმართულების მიცემა.

როგორია კონკურენცია ეზოტერიკაში და როგორ უმკლავდებით?

- სიმართლე გითხრათ არასდროს მიფიქრია ამ თემაზე. კონკურენციას ვერ აღვიქვამ, როგორ შეიძლება ჩაითვალოს კონკურენციად ის, როცა ვიღაცას ადამიანების დახმარება სურთ. ეს არის შესაძლებლობა, რომელიც სამყაროსგან გეძლევა, სხვას დაეხმარო და ადამიანი, რომელიც გამოსავალს ვერ ხედავს, არ იცის კონკრეტულ სიტუაციაში როგორ მოიქცეს, შენ დაანახვო გზა. 

კონკურენცია ნაკლებად, როცა შენ ფიქრობ როგორ დაეხმარო სხვას და ის სხვაც ამას ფიქრობს, ეს ცუდი ნამდვილად არ არის. 

როგორია საზოგადოების ინტერესი ეზოტერიკაზე?

- უფრო და უფრო იზრდება ინტერესი. შეიცვალა ის, რომ ადრე ადამიანებმა არ იცოდნენ რეალურად რას ნიშნავდა ეზოტერიკა, მაგალითად, წინათ ეს გაიგივებული იყო მკითხაობასთან. შიშის ფაქტორის გამო ადამიანის ქვეცნობიერს ნეგატიური დამოკიდებულება უჩნდება, მაშინ როცა შენ შეგიძლია მოიპოვო ინფორმაცია, ეს შიშის ფაქტორი ქრება და ჩნდება ინტერესი. 

ადამიანების დამოკიდებულება ნამდვილად შეცვლილია.

გაიხსენეთ, ყველაზე მისტიკური შემთხვევა თქვენი ცხოვრებიდან?

- იყო ერთი ასეთი შემთხვევა, ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი. ეს მოხდა მაშინ, როდესაც კლინიკური სიკვდილი გადავიტანე.

მოვყევი ავარიაში, მანქანა დამეჯახა, თუმცა ეს იმდენად მნიშვნელოვანი არ იყო, რამდენადაც იმ მომენტში მეგონა მოვკვდი. ზუსტად მაგ დროს კი დედაჩემმა ღამე ნახა სიზმარი, სადაც ვიყავი მე, ჩემს ირგვლივ ყველაფერი იყო შავი, დედაჩემს ჰქონდა თეთრი ფრთები, რომელიც მე გადამაფარა და ყველაფერი გათეთრდა.

მაგ მომენტში როცა დედაჩემმა ეგ სიზმარი ნახა, მე მაგ დროს მოვყევი ავარიაში და მეგონა მოვკვდი. ვიტყვი, რომ ყველაზე ემოციური და დასამახსოვრებელი მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, რამაც კიდევ უფრო მეტად შეცვალა ჩემი დამოკიდებულება სამყაროსთან მიმართებაში, სიცოცხლესთან დაფასებაში. 

კლინიკურმა სიკვდილმა კი დამანახვა სამყაროს ღირებულებები. მჯერა, რომ რომ არა დედაჩემი, სხვანაირად დასრულდებოდა ყველაფერი. 

როგორია თქვენი ყოველდღიურობა? 

- ძირითადად, თითქმის მთელი დრო და ენერგია მიდის ამ მიმართულებით. სხვა რამით არ ვარ დაკავებული, არც ქმარი მყავს და არც შვილები. 

როგორია მშობლების დამოკიდებულება თქვენი პროფესიის მიმართ? 

- არასდროს ჰქონიათ ნეგატიური დამოკიდებულება, პირიქით. არის შემთხვევა, როცა საგვარეულოდან მოგყვება ეს შესაძლებლობა, ეს ხდება მაშინ, როდესაც ადამიანს დაბადებიდანვე აქვს შესაძლებლობები. დედაჩემსაც ყოველთვის ჰქონდა შესაძლებლობები, იცოდა ყოველთვის როდის მივიდოდი სახლში, სად ვიყავი, როგორ ვიყავი, რას ვაკეთებდი. ერთი განსხვავება ისაა, რომ დედაჩემი ამ მიმართულებით არ წავიდა. შეგრძნებები ჰქონდა, შესაბამისად, წინააღმდეგობა ვერ ექნებოდათ, რადგან თავადაც იცოდა რას ნიშნავდა ეს ყველაფერი.

ალბათ, ერთ-ერთი სასურველი სტუმარი ხართ ყველასთვის. რა შეკითხვებს გისვამენ ისინი ძირითადად? როგორია თქვენი დამოკიდებულება ამ შემთხვევაში? 

- ძალიან კარგი კითხვაა, მართლა. ეს მე ძალიან მკაცრად მაქვს გამიჯნული.  ეზოტერიკა კი არის ჩემი ცხოვრების ნაწილი, მაგრამ ნებისმიერ თემაზე რაც არ უნდა იყოს, კითხვაზე პასუხს სიამოვნებით გავცემ, მაგრამ როცა მეუბნებიან რას მეტყვი მომავალზე, რა მოხდება, მაშინ ვმიჯნავ და ვპასუხობ, რომ პირადი შეკითხვის შემთხვევაში შეუძლიათ ჩემთან ოფისში მოვიდნენ, სადაც ამის შესაძლებლობა იქნება. 

როცა სტუმრად ხარ და იქ იწყებ საუბარს, ეს არის არასწორი დამოკიდებულება შენი საქმის მიმართ. კი არ ვამბობ იმას, რომ თუ ადამიანს რაღაც აინტერესებს, არ ვეტყვი, უბრალოდ უნდა იყოს რაღაც ზღვარი, რა შეიძლება და რა არ შეიძლება.

თქვენი სიტყვები ერთ-ერთ ინტერვიუში ასეთია: „სამყარო ყველას აძლევს საშუალებებს, რომელიც უნდა გამოვიყენოთ“. როგორ მივხვდეთ, სამყარო როდის გვაძლევს შანსებს, რაიმე ღვთიურ ნიშანს უნდა ველოდოთ? 

- ყველა ადამიანი უნდა იყოს ბედნიერი. ყველას ეძლევა შესაძლებლობა იყვნენ ბედნიერები, მიაღწიოს იმას, რისი სურვილიც აქვს. ამის შესაძლებლობა აბსოლუტურად ყველა ადამიანს ეძლევა,  თუმცა კი არ უნდა ეძებო და ეძიო, თითქოს შანსი გაუშვი ხელიდან, ეს ხდება ყოველდღე. ადამიანებს ხელს რაც უშლით არის ნეგატივი და არასწორი დამოკიდებულება სამყაროსთან. რაც გამოიხატება იმაში, რომ მაგალითად ამბობენ, შენ რა გენაღვლება, შენ შეგიძლია, მე არ შემიძლია, კონცენტრირდებიან ნეგატივზე და ვეღარ ხედავენ იმ დადებითს, რასაც მათ სამყარო აძლევს.

როგორ ხდება შანსის ხელიდან გაშვება? მაგალითად, ვნერვიულობთ რაღაცაზე დიდხანს, მე სულ ვამბობ, რომ ნერვიულობას რეალურად აზრი არ აქვს. გაქვს 2 გამოსავალი ან შეგიძლია ადგე და სიტუაცია გამოასწორო, ან ვერაფერს ცვლი. არც ერთ შემთხვევაში ნერვიულობას აზრი არ აქვს. 

პირობითად, მაინც ვნერვიულობთ და გამოვიდა ის, რაზედაც ამდენი ვინერვიულეთ, აი, ბედნიერების მომენტი, სიხარული ძალიან მინიმალურია. მაგალითად, თუ ნერვიულობდა 1 თვე, გაუხარდა 1 წუთი, შეიძლება ის 1 წუთიც არ დახარჯა.

როცა ადამიანი უარყოფით ენერგიას გამოყოფს და ვერ აბალანსებს დადებითით, ხდება ზუსტად ის, რომ მის ცხოვრებაში უფრო მეტი უარყოფითი მოვლენები ხდება. ადამიანი რაც უფრო ბედნიერია, (ბედნიერებაში ვგულისხმობ, როცა კარგად აფასებს იმას, რაც აქვს) ის აუცილებლად მიიღებს უფრო მეტსაც. 

თუ ვიღაცამ 100, 1 000 ლარი მოიგო და იტყვი მე 100 მოვიგე, მაგრამ იმან 1 000მოიგო, მე რატომ ვერ შევძელი, თავისი ბედნიერით კი არაა ბედნიერი, სხვისი ბედნიერებითაა უბედური, აქაა ყველაზე დიდი პრობლემა.

რა რჩევას მისცემდით „დაიჯესტის“ მკითხველს?

- ყველა მნიშვნელოვანია, ცხოვრების დაფასება, მიმღებლობა. ადამიანს ამაზე უკეთესის გაკეთება არ შეუძლია. რაც უფრო ბედნიერები იქნებით და მეტ პოზიტივს გასცემთ, უფრო დადებითად შეიცვლება თქვენი ცხოვრება. ნეგატივი ყოველთვის გიშლით ხელს რომ იყოთ წარმატებული, ბედნიერი და გქონდეთ ის, რაც გსურთ. იცხოვრეთ საკუთარი ცხოვრებით და ნუ იქნებით ორიენტირებული სხვის ცხოვრებაზე. ადამიანი, რომელიც თავისთავზეა ორიენტირებული ის ყოველთვის აღწევს მიზანს და ისრულებს სურვილს! 

მიმდინარე წლის შეფასება:

- ძალიან მნიშვნელოვანი წელია, რადგან შესაძლებელია რადიკალური, მოულოდნელი ცვლილებები მოხდეს. ასეთია წლის ტენდენცია. თუმცა ის ვინც სწორად იქცევა და მართალია, არ იყენებს ცუდ გზას, შეძლებენ წარმატების მიღწევას. არ შეუშინდეთ მოულოდნელობებს და ყველაფერი მიიღეთ ისე, როგორც არის.  დრაკონს უყვარს მოულოდნელობები, სიურპრიზები. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„რა რძალი აარჩია ჩვენმა ბიჭმა“ - ილია თოფურიას მეუღლე, ახალ ფოტოებს აქვეყნებს

⭕ანჯელინა ჯოლი იუბილარია - ამერიკელი კინო ვარსკვლავის პირადი ცხოვრება და კარიერა

🎥 „ემოცია რაც მე დამრჩა ამ პროექტში მონაწილეობის დროს არაფრისგან არ მიმიღია“ - ნონა გაფრინდაშვილი ემოციები და შთაბეჭდილებები მეგა შოუ „ვინ ვინ არის“ შესახებ