„ნიუ ჰოსპიტალსის“ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ციბაძის განცხადებით, ვაკის პარკში დაშავებული ერთ-ერთი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სასიცოცხლო ფუნქციები ნორმაშია.
როგორც ექიმმა განაცხადა, მიმდინარეობს ბავშვის სასიცოცხლო ფუნქციების 24-საათიანი მონიტორინგი.
„ჩვენთან ამ წუთისთვის ჩატარებულია უკვე გულის, ტვინის, შინაგან ორგანოებზე ყველანაირი კვლევა. პათოლოგიური ცვლილებები ნაკლებადაა დაფიქსირებული, ამიტომ შედარებით იმედიანად ვართ. ჯერ რაიმე პროგნოზის გაკეთება ძნელია, რადგან 24 საათიც არ გასულა შემთხვევის მომენტიდან და ბავშვის მდგომარეობა რჩება მძიმე. მიდის 24-საათიანი მონიტორინგი სასიცოცხლო ფუნქციების და ა.შ.
72 საათი უნდა გავიდეს, სტაბილური მდგომარეობა უნდა ჰქონდეს, გაღვიძების მცდელობა უნდა გვქონდეს და შემდეგ შეფასდეს ნევროლოგიურად, რომ რაღაც პროგნოზებზე ვისაუბროთ. ჯერ ძალიან ადრეა. ამ ეტაპზე სედაციის ქვეშ არის და იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე”, - აცხადებს ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი დავით ციბაძე.
ცნობისთვის, 13 ოქტომბერს ვაკის პარკში უბედური შემთხვევა მოხდა. მოზარდებს, რომლებიც პარკში თამაშობდნენ, ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მის ამოსაღებად ჩასულებს კი დენმა დაარტყათ.
სამივე მათგანი სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ერთ-ერთის, 13 წლის გოგოს გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ორი მოზარდიდან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის იაშვილის კლინიკაშია მოთავსებული, ხოლო მეორე „ნიუ ჰოსპიტალში“ ექიმების დაკვირვების ქვეშ, ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება.
ასევე დაგაინტერესებთ👇