Digest Logo

„დიადი ადამიანია, ძალიან კეთილი და უნიჭიერესი, ზუსტად ამ თვისებებმა გადამაწყვეტინა მასთან თანამშრომლობა“ - კრისტობალ ბალენსიაგას ფავორიტი მოდელი დემნაზე

1757266957
დემნა გვასალია

ბალენსიაგას მოდის სახლის კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია ცნობილია ჩვენებებზე ექსტრავაგანტური სიურპრიზებით, რიგით მესამე Haute Couture კოლექციის ჩვენებისას კი მან თავად კრისტობალ ბალენსიაგას ფავორიტი მოდელი, დანიელ სლავიკი მიიწვია. 2022 წელს პარიზის ჩვენებაზე დანიელ სლავიკი ზუსტად იმ კაბით გამოვიდა, რომელიც 1966 წელს ლეგენდარულმა დიზაინერმა კრისტობალ ბალენსიაგამ შეუკერა. „დანიელი ბალენსიაგას საყვარელი მოდელი იყო, ის 1960-იანი წლების ყველა კატალოგშია. ჩემთვის მის აქ ყოფნას დიდი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს“, - თქვა დემნა გვასალიამ ერთ ინტერვიუში.

დანიელ სლავიკის დახმარებით მიეცათ საშუალება ბალენსიაგას მოდის სახლის შემოქმედებითი ჯგუფის წევრებს ემოგზაურათ ბალენსიაგას წარსულში, საარქივო ფოტოების გარდა, შემოქმედებითი ჯგუფი მთლიანად სლავიკის მონათხრობს დაეყრდნო. როგორ შეიკერა ლეგენდარული კაბა მეორედ და როგორი იყო კრისტობალ ბალენსიაგა მუშაობის პროცესში? - დანიელ სლავიკმა პარიზიდან „კვირის პალიტრის" კითხვებს უპასუხა:

- ბევრი მოგონება გაკავშირებთ ბალენსიაგასთან, რადგან 1968 წლამდე ითანამშრომლეთ, ზუსტად მანამდე, როდესაც 74 წლის დიზაინერი პენსიაზე გავიდა და დახურა თავისი მოდის სახლი.

- კრისტობალი იშვიათად საუბრობდა ხოლმე, როდესაც ატელიეში შემოვიდოდა, სიჩუმე დგებოდა. ის პერფექციონისტი იყო, შეეძლო კოსტიუმის 10-ჯერ ან სულაც 20-ჯერ გადაკეთება, სანამ სრულყოფილ შედეგს არ მიიღებდა. პენსიაზე გასვლისა და მოდის სახლის დახურვის წინ ბოლო ჩვენება გამართა, ჩვენების ბოლოს მედიის წარმომადგენლები და სტუმრები ფეხზე წამოუდგნენ შეძახილებით: კრისტობალ, კრისტობალ!" თვალის მოკვრას ცდილობდნენ. იმ დღეს კრისტობალი დიდი ხნით ადრე წავიდა, რადგან ჟურნალისტებთან შეხვედრა არ სურდა. თავისებური კაცი იყო, დაფასებული ყველასგან - კლიენტებისა თუ პრესის წარმომადგენლებისგან.

ბალენსიაგას მოდის სახლის დახურვის დროს მე ასაკით ერთ-ერთი ყველაზე პატარა მოდელი ვიყავი. კრისტობალს არ სურდა შემოქმედებითი ჯგუფი და მოდელები უსამსახუროდ დარჩენილიყვნენ, ამიტომ ყველას დასაქმებაზე იზრუნა. ასეთი საოცარი ადამიანი იყო. ერთხელ ატელიეში ჩაზომებისას შიმშილისგან გული წამივიდა, რადგან დიეტაზე ვიყავი. ბატონმა ბალენსიაგამ მკითხა, რა დაგემართაო? დიეტაზე ვარ-მეთქი, ვუპასუხე. მითხრა, დანიელ, თქვენ კი არ უნდა იყოთ დიეტაზე, მე უნდა ჩაგაცვათ ისე, რომ გამხდარი გამოჩნდეთო. მაშინვე შეუკვეთა რესტორანში ბიფშტექსი და შემწვარი კარტოფილი, რომ მესადილა, თავზე მედგა და მიყურებდა, სანამ ბოლო ლუკმა არ შევჭამე.

- 50 წლის შემდეგ დემნამ მიგიპატიჟათ თავის ჩვენებაზე.

- ის კაბა ბალენსიაგას კლასიკის ინტერპრეტაციაა, რომელიც ერთხელ მონაკოს პრინცესა გრეის კელის ეცვა. დემნას ვუთხარი, რომ ეს კაბა ყველაზე მეტად მიყვარდა, როდესაც მოდელი ვიყავი. გრეის კელიმ ბალენსიაგას ჩვენებაზე მნახა და იმდენად მოეწონა, რომ იყიდა და თავისი დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებაზე ჩაიცვა. ის ხშირად ყიდულობდა იმ კაბებს, რომლებითაც მე გამოვდიოდი ჩვენებებზე. დემნას ეკუთვნის კაბის ინტერპრეტაცია, ეს ნამდვილად არაორდინარული ნაბიჯი იყო. დემნას პიროვნება ემოციურად ძალიან ახლოს არის ჩემთან. ის დიადი ადამიანია, ძალიან კეთილი და უნიჭიერესი. ზუსტად ამ თვისებებმა გადამაწყვეტინა მასთან თანამშრომლობა. დემნას ეს ნაბიჯი იყო კრისტობალ ბალენსიაგასადმი პატივისცემისა და მისი შემოქმედებით აღტაცების გამომხატველი. როდესაც ჩვენებაზე გამოსვლა შემომთავაზა, თავიდან ვყოყმანობდი, რადგან აღარ ვარ სამოდელო ასაკში. შემდეგ ვიფიქრე და მივხვდი, რომ ამით დემნას სურდა კრისტობალის ხსოვნისთვის პატივი მიეგო. ძალიან ამაღელვებელი იყო იმ კაბის ჩაცმა 60 წლის შემდეგ. ჩვენების ბოლოს დემნამ ის კაბა მაჩუქა.

ასევე დაგაინტერესებთ:

„არსებობს რამდენიმე, რომელიც განსაკუთრებით მკვეთრად ერევა ჩვენს ცხოვრებაში“ - რომელია ბედის მატრიცაში ყველაზე „რთული“ ან „კარმული“ კოდი

„სამყაროში დრო არ არსებობს, დროის ფენომენი ადამიანისთვის არის შექმნილი“ - რას წერს ხათუნა ნოელი

🎥 „გამოიყენეთ ეს უნიკალური შანსი, სანამ დაბნელების, ცვლილებების პორტალი ღიაა...“ - ასტროლოგის რეკომენდაციები!

წყარო: www.beaumonde.ge