„ჩემი ჯენ Z შვილი დიდი ხანია თავის ჭკუაზე მატარებსო”, - თქვა სტეფანე მღებრიშვილმა და თავის ქალიშვილს, სტეფანიას, იგივე „ფანის” დასთანხმდა სცენაზე მასთან ერთად ემღერა.
„შვილის” ახალი ეპიზოდის გმირი სწრაფად გახდა პოპულარული. თუმცა 16 წლის ფანიკო აღიარებს, რომ ეს მშობლების დახმარების და რაც მთავარია, ნებართვის გარეშე გაუჭირდებოდა.
- რამდენ ხანს გმალავდნენ მშობლები როგორც მომღერალს?
ძალიან დიდი ხანი. თავიდან ძალიან ვბრაზდებოდი, „რა პონტია“ თავად გადიოდნენ სცენაზე და მე რატომ ვარ ასე. ახლა რაც დრო გადის ვხვდები, რომ ძალიან ბასტიბუბუ გამოვიდოდა, რაც არ მინდოდა. მადლობელი ვარ ძალიან. ახლაც იმიტომ არის ხოლმე, რომ სულ მათ ვეკითხები ეს გავაკეთო? ეს დავდო? ეს ვიმღერო? ვიცი, რომ ისინი გამოცდილები არიან. შეიძლება რაღაც მეწყინოს, მაგრამ დრო რომ გავა მივხვდები, რომ მართლები იყვნენ.
12-13 წლის ასაკში უკვე დაწყებული მქონდა სიმღერა. სკოლიდან მივდიოდით ევროპულ დღეებზე, რიყეზე და იქ გვქონდა კონცერტები. მასწავლებელს ვყავდი ამოჩემებული და მახსოვს, სოლოს მამღერებდა ხოლმე.
არ მახსოვს როდის მივხვდი, რომ სცენაზე ყოფნა მინდოდა.
- გინდა, რომ სცენაზე გამოხვიდე, იმღერო თუ პოპულარობა გინდა?
მინდა, რომ ვიმღერო. პოპულარობას აქვს თავისი მინუსებიც. პირადი სივრცე არ გაქვს მაგალითად, სულ გრძნობ, რომ გიყურებენ. დანარჩენზე ოქეი ვარ. მარტოობა მიყვარს.
- ეუბნებოდი მშობლებს, გამომიყვანეთ სცენაზეო?
არასდროს ვყოფილვარ ის ტიპი, რომ დავჯდე და ჩუმად, ჩემთვის რაღაც ჩავიკლა. თუ რაღაც მაწუხებს ვამბობ. მით უმეტეს მშობლებთან.
- ხშირად კამათობთ?
კი, რა თქმა უნდა. ეს ნორმალურია. ხანდახან ისეთ დებილობაზე ვკამათობთ, ვერც ავხსნი. აი, მაგალითად, მამაჩემმა არ იცის როგორ ამოაცვას ძაღლს შლეიკა. მე მეუბნება ხოლმე ჩააცვი, უნდა გავასეირნოო.
ასევე დაგაინტერესებთ