მომღერალი ნუკა კვალიაშვილი ცნობილი მომღერლის, ეკა კვალიაშვილის ქალიშვილია. იგი საზოგადოებამ პროექტ „საქართველოს ვარსკვლავ” - ში მონაწილეობის შემდეგ გაიცნო და შეიყვარა.
მუსიკაში პროფესიონალი ადამიანები, ნუკას ახასიათებენ, როგორც გამორჩეული ხმის და ტემბრის მქონდე მუსიკოსს, რომელსაც მუსიკალური ნიჭი გენეტიკურად დაჰყვა. ნუკას მთავარი პროფესია მუსიკოსობასთან ერთად დედობაა - მას სამი არაჩვეულებრივი შვილი ჰყავს. იგი თან, მუშაობს და თან, ყველა საოჯახო საქმეს თავად აგვარებს, ამაში კი რასაკვირველია, საყვარელი მამაკაცი, მეუღლე გვერდით უდგას და ეხმარება.
ნუკას თქმით, მისი ცხოვრება დედობის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა.
ბავშვობა, ოჯახი, საყვარელი მამაკაცი, შვილები, ცხოვრების სირთულეები დედობა და დედასთან ურთიერთობის და სხვა საინტერესო თემაზე ნუკა „დაიჯესტთან“ გულახდილად საუბრობს.
ვინ არის ნუკა კვალიაშვილი?
ნუკა კვალიაშვილი: ნუკა არის პირველ რიგში კარგი ადამიანი და პიროვნება, შემდეგ კარგი დედა, მეუღლე, შვილი და მეგობარი. ამის იქით უკვე ხალხს მივანდობ, რამდენად კარგი მომღერალი ვარ და, ვარ თუ არა ჩემი საქმის პროფესიონალი.
რას საქმიანობთ ახლა, რა პერიოდი გაქვთ შემოქმედებით ცხოვრებაში?
ნუკა კვალიაშვილი: ვმღერი კორპორატიულებზე, დახურულ საღამოებზე, მაქვს საზღვარგარეთ გასვლები სიმღერის სფეროში, მოკლედ რომ ვთქვა, ვაკეთებ ჩემს საქმეს და ამის პარალელურად ვარ დიასახლისიც, ვზრდი სამ შვილს და ვაკეთებ იმაზე მეტს, რაც ჩემს ძალებს აღემატება.
როგორი ბავშვობა გქონდათ?
ნუკა კვალიაშვილი: ბავშვობის მოგონებები ძალიან კარგი მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ფინანსურად ჩემი ოჯახი არ იყო სტაბილურად გამართული, ბევრი კარგი მოგონება მაქვს ამ პერიოდთან, იმ გაჭირვებასაც და უბრალოებასაც თავისი ხიბლი ჰქონდა, იტალიურ ეზოში გავიზარდე, სადაც ძალიან შეკრული სამეგობრო წრე ვიყავით, ბავშვები თითქმის სულ ერთად ვატარებდით დროს თამაშში.
როგორი დედა ხართ, რა შეიცვალა თქვენ ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც დედა გახდით?
ნუკა კვალიაშვილი: რა დონეზეც მხიარული და ბავშვური ვარ, როცა მარტო ვარ, იმ დონეზე სერიოზული და გაწონასწორებული ვარ ბავშვებთან. გააჩნია სიტუაცია რას მოითხოვს. 360 გრადუსით ამოტრიალდა ყველაფერი კარგი გაგებით, მომემატა პასუხისმგებლობის გრძნობა, სერიოზულობა, ბევრ ცხოვრებისეულ დეტალზე ჩამაფიქრა და რაც მთავარია, ჩემი შვილები არიან ჩემი მოტივაცია. რაც არ უნდა ხდებოდეს, მათ გამო მე ყოველთვის ფეხზე ვდგები სულ რომ დავეცე და გადავიღალო, ძალიან დიდ როლს ასრულებენ ჩემს ცხოვრებაში. თუნდაც დღეს მე ასეთი ძლიერი ადამიანი რომ ვარ, ეს ყველაფერი მეტწილად მათი დამსახურებაა.
მოგიყევით თქვენ მეუღლეზე როგორია თქვენი სიყვარულის ისტორია?
ნუკა კვალიაშვილი: ჩვენ ერთმანეთი წლების განმავლობაში გვყავდა სოც. ქსელში, არასოდეს შეხება არ გვქონია ერთმანეთთან ამდენი წლის მანძილზე. ერთ დღესაც მომწერა და ვუპასუხე, აქედან დაიწყო ჩვენი კომუნიკაციაც. ადამიანებში მხიბლავს და ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ ინტელექტუალურ მხარეს, მიყვარს სიღრმისეული საუბრები სხვადასხვა თემებზე, იქნება ეს ფსიქოლოგია თუ სულიერების განვითარების ასპექტი. ზუსტად ამ კუთხით წარიმართა ჩვენი საუბარი თვეების მანძილზე. გოჩა, ჩემი მეუღლე არ იმყოფებოდა საქართველოში, გერმანიაში ცხოვრობდა იმ პერიოდში. საბოლოოდ შეგვიყვარდა ერთმანეთის შინაგანი სამყარო და ესეც დაიწყო ჩვენი ურთიერთობა, როდესაც ჩამოვიდა აეროპორტშივე მთხოვა ხელი, მეც ვთქვი „თანახმა ვარ“ და უკვე მეოთხე წელი დაიწყო ჩვენი ერთად ყოფნის. გვყავს შვილები და გვაქვს ბედნიერი ოჯახი.
არსებობს ასეთი გამოთქმა, „ძლიერი კაცის უკან ძლიერი ქალი დგას“ - ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას?
ნუკა კვალიაშვილი: ბევრი ძლიერი კაცი არსებობს, საერთოდ ქალის გარეშე, რომ ცხოვრობს და არავინ ჰყავს, ეს მე მაინც მგონია ადამიანზეა დამოკიდებული, თავიდანვე შენში თუ არ დევს ის სიძლიერე, ვერც გააღვიძებ.
ამბობენ ორი ქალი ერთ სამზარეულოში ვერ ეტევა, თქვენ რა ურთიერთობა გაქვთ დედამთილთან?
ნუკა კვალიაშვილი: მე ზოგადად ყველა ადამიანთან მაქვს კარგი ურთიერთობა და დამოკიდებულება, რადგან ვარ ის რაც ვარ და ამას ადამიანები ყოველთვის გრძნობენ. რაც შეეხება ჩემს დედამთილს მაქვს ზე-იდეალური ურთიერთობა. ისეთი ადამიანია, რომ უბრალოდ ვერ წარმომიდგენია ცუდი როგორ უნდა გქონდეს ან ჰქონდეს ადამიანს პ.ს. მე ჩემი სამზარეულო მაქვს ჩემს სახლში და ნინას, ჩემს დედამთილს თავისი, თავის სახლში. (იცინის)
როგორია თქვენი ურთიერთობა დედასთან ეკა კვალიაშვილთან?
ნუკა კვალიაშვილი: იდეალური ურთიერთობა მაქვს დედ-მამასთან, ვმეგობრობ, ვძმაკაცობ და ვდაქალობ. დედაჩემი ჩემი საყრდენი კედელია მორალური ან მატერიალური ჩავარდნის დროს, ვიცი თვითონ როგორც არ უნდა იყოს, რაღაცა რომ ვთხოვო მთებს შეუცვლის ადგილს ჩემ გამო.
როგორია თქვენი საოცნებო ცხოვრება?
ნუკა კვალიაშვილი: საოცნებო ცხოვრება წარმომიდგენია, რომ ყველაფერი იყოს მშვიდად, ლამაზად და წყნარად მთელს მსოფლიოში... ყველამ ვაკეთოთ ჩვენი საქმე და აღარ იარსებოს ბოროტებამ. თუ ოცნებას ვეხებით, ასე გამოიყურება ჩემი საოცნებო ცხოვრება.
რა არის თქვენი მოტივაცია და მამოძრავებელი ძალა?
ნუკა კვალიაშვილი: ჩემი ოჯახი, ჩემი საკუთარი თავი, ადამიანების სიყვარული, ცხოვრების წყურვილი.
გაიხსენეთ შემთხვევა, რომელმაც თქვენი ცხოვრება შეცვალა?
ნუკა კვალიაშვილი: ბევრი შემთხვევა მოხდა ჩემს ცხოვრებაში, რამაც ჩემი ცხოვრება შეცვალა, ბევრი კარგი და ცუდი... მაგრამ უპირველესია პირველი შვილის ყოლა. ნამდვილად რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება და ხედვები.
რას თვლით თქვენი ცხოვრების მთავარ მიღწევად?
ნუკა კვალიაშვილი: პროფესიული თვალსაზრისით ვთვლი, იმას რომ ამდენ ადამიანს როდესაც ვუყვარვარ და უყვარს ჩემი სიმღერა, უკვე ძალიან დიდი მიღწევაა, მით უმეტეს როდესაც არ თამაშობ რომ ეს შედეგი მიიღო.
არაპროფესიული ვთვლი, რომ მიღწევაა უკვე ის მდგომარეობა როდესაც შეგიძლია სულიერად ისე განვითარდე რომ შენი მთავარი მიზანი პირველ რიგში მატერიალური მდგომარეობა კი არა, სულიერი განვითარება იყოს.
უმთავრესი მიღწევაა ის რომ სამი უკარგესი, ჯანმრთელი შვილი გვყავს.
როგორ ფიქრობთ რა ცვლის ადამიანებს?
ნუკა კვალიაშვილი: მე მგონია, რომ ადამიანებს არაფერი არ ცვლის, ისინი იყვნენ ისეთები როგორებიც იყვნენ, უბრალოდ, როცა შანსი მიეცათ და საკუთარი რეალური სახე გამოამჟღავნეს კონკრეტულ მომენტში. ჩვენ ვფიქრობთ რომ ისინი შეიცვალნენ. როგორც ჟაკ ფრესკომ თქვა: ჩვენ ვიქმნით ილუზიებს ადამიანების მიმართ და ვაჯერებთ თავს რომ ისინი ისეთები არიან, როგორებიც ჩვენ გვინდა იყვნენ, საბოლოოდ იმედგაცრუებას ვიღებთ...რადგან ისინი იყვნენ ისეთები, როგორებიც იყვნენ და არა ისეთები, როგორი ილუზიაც ჩვენ შევუქმენით ჩვენს თავებს.
თუ გაქვთ ხოლმე ფინანსური პრობლემები, და როგორ აისახება ეს ემოციურ მდგომარეობაზე და როგორ ცდილობთ მასთან გამკლავებას?
ნუკა კვალიაშვილი: დღევანდელ ცხოვრებაში ფინანსური პრობლემა ყველას გვაქვს, ხან სტაბილურად ვართ ხან არა. მე ბავშვობიდან მაქვს ნანახი თუ რას ნიშნავს გაჭირვება და გამომუშავებული მაქვს ის მომენტი, რომ ხან ჩავარდნაა ხან გამართლება. ჩავარდნის მომენტში პოზიტიურად ვარ განწყობილი და არასოდეს არ ვყვები ნეგატიურ ემოციებს, ვინარჩუნებ დადებით განწყობას, რადგან ვიცი და ჩემს თავზეც გამოვცადე ჯონ კეჰოს წიგნი - „ქვეცნობიერს შეუძლია ყველაფერი“. როგორც მიმართავ საკუთარ თავს და ფიქრებს, ისე წარიმართება ყველაფერი.
რომ არა ის ვინც ხართ დღეს ვინ იქნებოდით?
ნუკა კვალიაშვილი: არ ვიცი ალბათ მხატვარი ვიქნებოდი ან გიტარას დავუფლებოდი. ბევრი რამ არის, რაც მიყვარს ხელოვნებაში და რაც კარგად გამომდის, უბრალოდ მათ შორის სიმღერა ყველაზე კარგად მეხერხება და მიყვარს.
დღევანდელ დღემდე მოსასვლელად, რთული გზა გაიარეთ?
ნუკა კვალიაშვილი: იმაზე რთული გზა გავიარე, რომ ალბათ ვერავინ, ვერ იფიქრებს და აზრად არ მოუვა არასოდეს რომ ეს ყველაფერი გავლილი მაქვს, რისთვისაც ყოველთვის მადლობას ვუხდი სამყაროს. პრობლემების და სირთულეების გარეშე ადამიანი ვერ განვითარდება, მე კი ამ სირთულეების ფონზე ძალიან ძლიერ ადამიანად ჩამოვყალიბდი. დეტალურად არასოდეს არ ვსაუბრობ ჩემს ცხოვრებაზე რადგან ჩემი სივრცეა. მე კიდე ისეთი ადამიანი ვარ, რომელიც თავის სივრცეში მხოლოდ იმ ადამიანებს უშვებს, ვინც უყვარს.
რა მოგისმენიათ საკუთარ თავზე განსაკუთრებულად კარგი და ცუდიც, რამაც გული გატკინათ?
ნუკა კვალიაშვილი: დავიწყებ იქიდან, რომ თუ არ ეხება სიტუაცია ჩემთვის ახლოზე ახლო ადამიანს, ვერავინ და ვერაფერი გულს ვერ მატკენს. ადამიანი უნდა ნიშნავდეს ჩემთვის რამეს, რომ მისმა სიტყვებმა ჩემს გულამდე და გონებამდე შემოაღწიოს, რაც არც ისე მარტივია. სიმართლე ვთქვა არ მახსენდება არაფერი უარყოფითი.
დადებითი კი ბევრი მახსენდება რისთვისაც ყველას ძალიან დიდ მადლობას ვუხდი. რასაც არასოდეს არ ვეგუები არის უსამართლობა, არც სხვის მდგომარეობაში ვეგუები და არც საკუთარში.
საქართველოში ცნობადობას უფრო მეტი დადებითი აქვს თუ უფრო მეტი უარყოფითი?
ნუკა კვალიაშვილი: მაგ თემაზე სულ ვიძახი, რომ არ აქვს მნიშვნელობა საქართველოში იქნები თუ სადმე სხვაგან და ასევე ცნობადობაც რამდენიმე სახეობის არსებობს. ცნობადი შეიძლება გახდე ქუჩაში, რომ შიშველმა იარო, ასევე შეიძლება გახდე შენი ნიჭის გამოვლინებით და შრომით და ბოლოს შეიძლება გახდე პროვოკატორობით და ა.შ ... ამ ჩამონათვალიდან მიახლოებით უკვე ნათელია, რომელ ჩამონათვალს მიეკუთვნება დადებითი და რომელს უარყოფითი.
რისი გეშინიათ?
ნუკა კვალიაშვილი: შიშები არ მაქვს, იმდენად ბევრი რაღაც გავიარე, რომ რაც მე მეხება შიში არ მაქვს. არაფრის და არავის არ მეშინია, იქით ეშინოდეთ ჩემი (იცინის)
თქვენ რომ უცხოეთში დაბადებულიყავით რას ფიქრობთ, უფრო წარმატებული და პოპულარული იქნებოდით?
ნუკა კვალიაშვილი: რომ დავბადებულიყავი მგონია, რომ უფრო მეტი შანსი მექნებოდა წარმატების, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ სირთულეები მიყვარს, ძალიან კმაყოფილი ვარ, სადაც დავიბადე და მიყვარს და ვამაყობ, რომ ქართველი ვარ. მე ჯერ არ დამისრულებია ჩემი კარიერა, პირიქით ახლა ვიწყებ. უბრალოდ აღარაფერზე წინასწარ აღარ ვსაუბრობ, რაც ჩემს გეგმებს ეხება.
გულჩვილი ადამიანი თუ ხართ, რაზე იტირეთ ბოლოს?
ნუკა კვალიაშვილი: გულჩვილი, მიამიტი და სენტიმენტალური არასოდეს ვყოფილვარ, ცხარე ცრემლებით და მართლა სრული ემოციით ვიტირე რაჭაში მომხდარ ტრაგედიაზე და საბოლოოდ ისე განვიცადე, რომ თმის ცვენაც დამეწყო, ნაოჭებიც დამეტყო და შინაგანად დამანგრია.
სოციალურ ქსელში ვინც გადევნებს თვალს, ხედავს, რომ ბოლო წლებში საკუთარ თავს ერთგვარი რესტარტი გაუკეთე: არა – სასმელს, არა – თამბაქოს. რა მოგიტანა ცვლილებებმა?
ნუკა კვალიაშვილი: ისეთი მდგომარეობა არც მქონია არასოდეს, რომ ლიმიტები დამეწესებინა საკუთარი თავისთვის, სადაც ქეიფია ვსვამ, თამბაქოზე არ დამინებებია თავი, უბრალოდ აპარატის სიგარეტს ვეწევი, რომელიც ნიკოტინს შეიცავს. დამოკიდებული არ ვყოფილვარ არაფერზე ისეთი დოზით, რომ არა მეთქვას რამეზე. როგორც ყველა ჩვეულებრივი ადამიანია ისე ვარ მეც .
ორსულობის პერიოდში წერდი, მახინჯები ვართ ორსულებიო და ახლაც ასე ფიქრობთ?
ნუკა კვალიაშვილი: ეს მცდარი ინფორმაციაა, რადგან ორსულობის დროს არასოდეს არ დამიწერია რომ მახინჯები ვართ ან რომელიმე ორსულია მახინჯი. მე მეწერა ორსულობის პერიოდში როგორ სირთულეებს გავდივართ და რამდენის დათმობა გვიწევს ქალებს, რა სირთულეები ახლავს ამ პერიოდს და ა.შ . ეს ყველაფერი იუმორში მქონდა აღწერილი, რადგან მიყვარს ადამიანების გამხნევება. მე არასოდეს არ მითქვამს მსგავსი, რამ და არც მიფიქრია რომ ორსულები მახინჯები ვართ ან ვიყავით.
რა არის ის, რაც არ მოგწონთ ქართულ ტრადიციაში?
ნუკა კვალიაშვილი: არ ვიცი, სიმართლე გითხრათ პირადად მე ვცხოვრობ თავისუფალი ცხოვრებით. ასევე არ აქვს მნიშვნელობა მე რას ვფიქრობ ტრადიციებზე, რადგან ვიღაცას ეწყინება, ვიღაცას გაუხარდება და ნამდვილად არ ზის ჩემში ადამიანების ორ ნაწილად გაყოფა. მაქვს ჩემი ზღვარი და ბარიერები რასაც არასოდეს გადავაბიჯებ, მაქვს პრინციპები და თავმოყვარეობა. ჩემი საკუთარი ტრადიციები მაქვს რასაც ვეყრდნობი და მივყვები.
და ბოლოს, სად ხედავთ თქვენ თავს 5 წლის შემდეგ?
ნუკა კვალიაშვილი: საკუთარ თავს ვხედავ ბევრ ძალიან კარგ ადგილას და კარგ მომენტში. წარმატებულს და ისე როგორც მე მინდა ვიყო.
ავტორი: თათია ამაღლობელი
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: