თანამედროვე მედიცინაში საგანგაშო ტენდენცია შეინიშნება — ონკოლოგიურ დაავადებებს სულ უფრო ხშირად უსვამენ ახალგაზრდებს, ახალ სამეცნიერო კვლევებში კი 50 წლამდე ასაკის ადამიანებში ბიოლოგიური დაბერების ტემპის დაჩქარებას აღინიშნება.
ამერიკელი მეცნიერების მიერ ჩატარებული დიდი კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ:
- 1965–1974 წლებში დაბადებულთა ბიოლოგიური ასაკი აღემატება მათი თანატოლების ბიოლოგიურ ასაკს უფრო ადრეული, კერძოდ, 1950–1954 წლების თაობიდან.
- 1990–1999 წლებში დაბადებულებს ბიოლოგიური დაბერების ნიშნები უფრო მკვეთრად გამოაჩნდათ, ვიდრე მათ, ვინც სამყაროს 1965–1969 წლებში მოევლინა.
„ჩვენი მონაცემები აჩვენებს, რომ ახალგაზრდების გარკვეულ ნაწილში ბიოლოგიური ტრანსფორმაცია იმაზე ადრე იწყება, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ეს დინამიკა, შესაძლოა, პირდაპირ კავშირშია ახალგაზრდებში ონკოლოგიური დიაგნოზების მატებასთან“, — აღნიშნავს ვაშინგტონის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ქირურგიისა და თერაპიის კათედრის დოცენტი ინ ცაო.
ტრადიციულად, კიბო ხანდაზმულთა დაავადებად მიიჩნევა, თუმცა ბოლო 30 წლის სტატისტიკა სენის ნაადრევი გამოვლენის შემთხვევების სტაბილურ ზრდას ადასტურებს. „ბრიტანეთის სამედიცინო ჟურნალის“ (BMJ) ანგარიშის მიხედვით, 1990 წლის შემდეგ მსოფლიოში 50 წლამდე პაციენტებში კიბოს პირველადი დიაგნოზების რაოდენობა 79%-ით გაიზარდა. მწვავდება ბავშვთა ონკოლოგიის პრობლემაც: კიბოს შესახებ ინფორმაციის ევროპული სისტემის (ECIS) მონაცემებით, 2022 წელს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანაში ავთვისებიანი სიმსივნე დაახლოებით 13 800 ბავშვსა და მოზარდს აღმოაჩნდა.
სპეციალისტები ამ დინამიკის მიზეზების ძიებას განაგრძობენ. სავარაუდო რისკფაქტორებს შორის ექსპერტები აქამდეც ასახელებდნენ ულტრა-დამუშავებული პროდუქტების მოხმარებას, ალკოჰოლს, სიმსუქნის გავრცელებას, თამბაქოს მოხმარებასა და მიკროპლასტმასას ზემოქმედებას.
ამასთან, ახალი კვლევის ავტორები არ ამტკიცებენ, რომ დაჩქარებულ ბიოლოგიურ დაბერებასა და კიბოს შემთხვევების მატებას შორის პირდაპირი მიზეზშედეგობრივი კავშირი არსებობს. თუმცა, ისინი აღნიშნავენ მყარ ურთიერთკავშირს, რაც საშუალებას გვაძლევს, პრობლემა სრულად დავინახოთ — ორგანიზმში მიმდინარე სისტემური ცვლილებების პრიზმიდან და არა მხოლოდ ცალკეული უჯრედების დონეზე.
„ამ ნაშრომის ღირებულება ის არის, რომ სცილდება იზოლირებული სიმსივნური უჯრედების ანალიზს და ყურადღებას ამახვილებს იმ მასშტაბურ პროცესებზე, რომლებიც ორგანიზმში დროთა განმავლობაში ვითარდება“, — აღნიშნა ბარტსის კიბოს ინსტიტუტის კლინიკურმა მკვლევარმა კიბოს იმუნომეტაბოლიზმის დარგში ჯონ რიჩესმა.
მიღებული დასკვნები კიდევ უფრო ამყარებს ვარაუდს იმის შესახებ, რომ გარემო პირობები, ჩვევები და ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა ბიოლოგიურ პროცესებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.
მეცნიერები მიიჩნევენ, რომ საკითხი შემდგომ სამეცნიერო შესწავლას საჭიროებს — აუცილებელია უფრო ღრმად გამოიკვლიონ ახალგაზრდებში ბიოლოგიური დაბერების დაჩქარების ბუნება და მისი კავშირი ონკოლოგიურ თუ სხვა ქრონიკულ პათოლოგიებთან.
გაერთიანებული სამეფოს „ველკომ სენგერის ინსტიტუტის“ (Wellcome Sanger Institute) კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელის, ჯოტი ნანგალიას თქმით, მნიშვნელოვანია განისაზღვროს, ახალი კვლევები უშუალოდ კანცეროგენეზის (სიმსივნის წარმოქმნის) გამშვებ მექანიზმებს ასახავს, თუ ბიოლოგიური ცვლილებებიც და კიბოს განვითარებაც რომელიღაც სხვა, საერთო ფაქტორების შედეგია.
„ძალიან საინტერესო იქნება იმაზე დაკვირვება, თუ რამდენად გვეხმარება მსგავსი კვლევა ჯანმრთელობის დინამიკისთვის თვალყურის დევნებაში სხვადასხვა დემოგრაფიულ ჯგუფსა და თაობაში“, — აღნიშნა მან.
⭕ ასევე დაგაინტერესეთ:
⭕ „დასრულებისა და განახლებისთვის საუკეთესო დროა“ - 19 ივლისის ენერგიები
⭕ „ყველაზე დიდი ომი ჩვენს ფსიქიკაში მიმდინარეობს...“ - რას წერს რამაზ გიგაური
წყარო: funtime.ge