Digest Logo

„გამიჩნდა პროტესტი მამაჩემის მიმართ, რომ მას ჩემთვის არ უნდა დაერტყა. 5 წლიდან ძალადობდა, პოლიციამ მისი მხარე დაიკავა“ - მარიამ ფახურიძე

1675233798
ძალადობა

20 ოქტომბერს მოქალაქე მარიამ ფახურიძემ Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მამას ძალადობაში სდებდა ბრალს, პოლიციას კი - გულგრილობაში. მარიამი წერდა, რომ მამა პოლიციის ყოფილი თანამშრომელია, რასაც გავლენა აქვს მისივე წინააღმდეგ აღძრული საქმის გაჭიანურებაზე.  

აღნიშნულ თემაზე მასალა „ტაბულამ“ მოამზადა.

მარიამ ფახურიძე ჰყვება, რომ მამა სისტემატურად ძალადობდა დედაზე, მასზე კი პირველად მაშინ იძალადა, როდესაც მარიამი დაახლოებით 5 წლის იყო. იგი იხსენებს, რომ „ნორმალურ“ ოჯახზე მწირი წარმოდგენების გამო ვერ იაზრებდა, რომ მამის ქცევა პრობლემური იყო.

„როდესაც გავიზარდე, დაახლოებით 15 წლის ასაკში და გავიაზრე, რომ ზოგადად ასე არ ხდებოდა და მამები შვილებს ასე არ ექცეოდნენ, მეც გამიჩნდა პროტესტი და წინააღმდეგობა მამაჩემის მიმართ, რომ მას ჩემთვის არ უნდა დაერტყა. აქედან უფრო მეტად დაიწყო ჩემსა და მამას შორის ურთიერთობის გამძაფრება და ფიზიკურმა ძალადობამ უფრო ინტენსიური სახე მიიღო. როდესაც ბრაზდებოდა, პირველი ჩემზე იყრიდა ჯავრს, იმიტომ, რომ კარგი ურთიერთობა არ გვქონდა. ეს ყველაფერი წლების გასვლასთან ერთად უფრო და უფრო რთულდებოდა, ძალადობა კი ჩემზე და დედაზე სულ უფრო ძლიერდებოდა. მყავს და და ძმა, რომლებიც ამ პერიოდში იყვნენ არასრულწლოვნები და მათ მიმართაც იყო ძალადობა, არა ისეთი ინტენსიური, როგორც ჩემზე, თუმცა მათ მიმართაც საკმაოდ ხშირი და მძიმე. ვერ ვიტყვი იმას, რომ ჩემი და და ძმა კარგად ცხოვრობდნენ იმ პერიოდში".

მარიამის თქმით, მას რამდენჯერმე ჰქონდა სახლიდან წასვლის მცდელობა, დაახლოებით 4-ჯერ, ან 5-ჯერ, თუმცა, სხვადასხვა მიზეზის გამო მისი მცდელობები წარუმატებლად სრულდებოდა და საბოლოოდ ოჯახში ბრუნდებოდა. ამის შემდეგ, მარიამმა 2020 წლის 26 აპრილი გაიხსენა, როდესაც მისი თქმით,  ერთ-ერთი ფიზიკური ძალადობის პროცესში პოლიციაში დარეკა, შემდეგ კი 2 თვით თავშესაფარში ცხოვრება მოუწია. იგი ამბობს, რომ ეს არ იყო გააზრებული ნაბიჯი, მისი მთავარი საზრუნავი "საკუთარი თავის შველა" იყო და პოლიციაში დარეკვის გადაწყვეტილებაც სწორედ ამიტომ მიიღო.

„მამის კომენტარი ის იყო, რომ "აბა, მიდი დარეკე, ვნახოთ, ვის გაამართლებენ". დარწმუნებული იყო, მარტივად გამოძვრებოდა, მხოლოდ იმიტომ, რომ მამაჩემი ყოფილი პოლიციელია, ჰყავს ძალიან ბევრი მეგობარი სივრცეში და ძალიან გავლენიანი გარემოცვა. ეგრეც მოხდა, როდესაც პოლიცია მოვიდა სახლში, იყო ეკიპაჟის ორი წევრი, ერთ-ერთი - მამაჩემის თანატოლი და როგორც საუბრისას აღმოაჩინეს, წარსულში თურმე ერთ ადგილას მსახურობდენ მცირე პერიოდით და უფრო დაახლოვდნენ, შეჰყვნენ საუბარს და მახსოვს, პოლიციელმა მითხრა კიდეც - „მეც გოგოს მამა ვარ და რამე რომ არ მომეწონოს, მეცხრე სართულზე ვცხოვრობ და იქიდანვე გადავაფრენ".

მაშინ, როდესაც მეც მაგიდასთან ვიჯექი - მე, მამა და პოლიციელი… იმდენად ნაცემი ვიყავი და ისეთ საშინელ მდგომარეობაში, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ძალიან ამორალურად მომეჩვენა ამის თქმა, თუმცა, მაშინაც ვერ ვიაზრებდი, რა ხდებოდა. ისე ცუდად ვიყავი და იმდენად ორიენტირებული საკუთარი თავის შველაზე, რომ მაშინ იქ რაღაც საშინელება რომ ხდებოდა, მაგას ჯერ კიდევ კარგად ვერ ვხვდებოდი. დამეხმარა ეკიპაჟის მეორე წევრი, ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც გამომძიებელთან დარეკა და დაიწყო საქმის აღძვრა".

ამბობს, რომ გამოძიების დაწყებას მის ცხოვრებაში არაფერი შეუცვლია - მამას პატიმრობა არ შეფარდებია და  გირაოს გადახდა დაეკისრა, საქმე კი გაიწელა, 5 პროკურორი გამოიცვალა და მარიამის თქმით, ახლა საქმეს პროკურორი საერთოდ არ ჰყავს. რესპონდენტი ამბობს, რომ საქმის სწრაფად წარმოებას პოლიცია უშლიდა ხელს.

მაშინ, როდესაც 2 წლის წინ მე ვითხოვდი ექსპერტიზის ჩატარებას იმიტომ, რომ არ დაფიქსირებულიყო ერთჯერადი ძალადობა და დამემტკიცებინა, რომ ამას ჰქონდა სისტემატური სახე, მაშინ ასეთი პასუხი გამომიცხადეს - „შენ ჯერ უნდა გაიარო კარანტინი და მერე წაგიყვანთ ექსპერტიზაზე". კარანტინი საჭირო იმიტომ იყო, რომ პოლიციის გამოძახების შემდეგ თავშესაფარში ვცხოვრობდი. ორი კვირის შემდეგ, როდესაც კარანტინი დავასრულე, მათ მითხრეს, რომ იყო დაგვიანებული, რადგან ჩემზე ბოლო ძალადობის კვალიც კი აღარ იქნებოდა შესამჩნევი. შემდგომში როგორც გავარკვიე, ეს იყო ტყუილი და როგორც წესი, უფრო დიდ ხანს რჩება ძალადობის კვალი. მაგრამ ექსპერტიზა არ ჩამიტარდა და მაქვს მხოლოდ მწვანე სამედიცინო ბარათი, რაც სასწრაფო დახმარებამ დატოვა, თუმცა ამით მხოლოდ ერთჯერადი ძალადობა დასტურდება“, - ამბობს მარიამი.

მისივე თქმით, 2 წლის წინ პოლიციისგან მოტყუვდა იმაშიც, რომ საქმეში თავისი მტკიცებულებების ჩადებას ვერ მოახერხებდა. მარიამის თქმით, ჰქონდა ხმოვანი ჩანაწერები, საიდანაც ამოცნობადი იყო ძალადობის სცენები.

„ისმის ოჯახის ყველა წევრის ხმა, მათ შორის არასრულწლოვნების, სადაც პირდაპირ ჩანს, რომ იქ რაღაც ცუდი ხდება, რომ იქ ვიღაცა ვიღაცაზე ძალადობს, იმიტომ რომ ისმის დარტყმის ხმა, ისმის გინება, ისმის ჩხუბი. Რა თქმა უნდა, სიტყვიერი შეურაცხყოფა ორივე მხრიდან იყო, მაგრამ ის, რომ მე იქ მცემენ, ჩემი პატარა ძმის თანდასწრებით, ეს კარგად ისმის, მაგრამ მაშინ გამომიცხადეს, რომ უნდა ჩატარებულიყო ჩანაწერების ექსპერტიზა, რაც წაიღებდა ძალიან დიდ დროს და მოგვიანებით, თუ საჭირო გახდებოდა მტკიცებულებების საქმეში დამატება, დამირეკავდნენ და დამამატებინებდნენ. მაშინ მე არ ვიცოდი კარგად ეს იურიდიული მხარე და დავუჯერე, თუმცა როგორც მერე გავარკვიე, ბრალი უკვე წარედგინა, მტკიცებულებები უჩემოდ გაიცვალა და მე უკვე აღარ შემეძლო მტკიცებულებების ჩადება. დღესაც ჩემთვის მთავარი პრობლემა ის არის, რომ რამენაირად მოვახერხო ამ მტკიცებულებების ჩამატება, რომელიც  შენახული მაქვს ისეთ ადგილზე, სადაც ატვირთვის დრო ჩანს და ვერ იქნება მოგვიანებით გაყალბებული ვერანაირად“, - ამბობს ის.

მარიამის საქმესთან და ზოგადად, ოჯახური ძალადობის დროს სახელმწიფო ორგანოების რეაგირების პრაქტიკასთან დაკავშირებით ჩვენ ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" იურისტს, ანა თავხელიძეს ვთხოვეთ კომენტარი.

ანა თავხელიძის თქმით, ასეთი კატეგორიის საქმეებში რამდენიმე სისტემური პრობლემა იკვეთება - პირველი და ყველაზე დიდი პრობლემა კი დროული გამოვლენაა, როდესაც მსხვერპლს უჭირს პოლიციისთვის მიმართვა, რადგან ოჯახის წევრთან დაპირისპირება ურთულდება, მისი კი არც საზოგადოებას, არც სამართალდამცავ ორგანოსა და არც სასამართლოს ესმის.

„ამ გოგოს შემთხვევაში იყო მაგალითები და მომენტები, როდესაც უბრალოდ არ შეეძლო სადღაც წასვლა, იმიტომ რომ არ ჰქონდა საცხოვრებელი, არ ჰქონდა დამოუკიდებელი შემოსავალი და იყო მასზე ფინანსურად ან სხვაგვარად დამოკიდებული. ეს ერთ-ერთი სირთულეა ოჯახში ძალადობის საქმეების დროს. ეს უნდა გაიგოს სახელმწიფომ, რომ შემდეგ პასუხი აღარ მოსთხოვოს მსხვერპლს - "აქამდე სად იყავი". ბევრი მიზეზია, მსხვერპლი რატომ შეიძლება არ მისულიყო აქამდე სამართალდამცავ ორგანოში, ეს არის ყველაზე მტკივნეული თემა - “რატომ აქამდე არ მოხვედი”, რასაც სვამს საზოგადოებაც, ყველა საქმეში ეს კითხვა ისმის, მე არ მქონია ოჯახში ძალადობის საქმე, სადაც ძალადობის პირველივე შემთხვევაზე მიუმართავს მსხვერპლს საგამოძიებო უწყებისთვის და სადაც მაგალითად, საგამოძიებო უწყებას არ დაუსვამს ეს კითხვა, ან მერე სასამართლოში არ დასმულა ეს კითხვა - ყოველთვის არის ეს კითხვა და წესით ეს კითხვა არ უნდა დაისვას".

თავხელიძე ამბობს, რომ ხშირად სამართალდამცავი ორგანოს ეფექტიანი მოქმედება სწორედ იმაზეა დამოკიდებული, ვინ არის სავარაუდო მოძალადე. მისივე თქმით, თუ პოლიცია სავარაუდო მსხვერპლს მოუწოდებს, არ იჩივლოს, ან ეუბნება, რომ მომხდარი მისი ბრალია და თავადაც ასე მოიქცეოდა, ან იყენებს ნებისმიერი მსგავსი შინაარსის რეპლიკას - ამ დროს სამართალდამცველი არღვევს კანონს და ამაზე რეაგირების ორი გზა არსებობს: შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისთვის [ცხელი ხაზი: 126], ან ამავე უწყებაში ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტისთვის მიმართვა.

თუ გამოძიება გაჭიანურდა, დიდი დრო გავიდა… რამდენიმე დღეა გონივრული ვადა, რაც შეიძლება სჭირდებოდეს გამოძიებას მტკიცებულებების შესაგროვებლად. მაგალითად, თუ ვხედავთ, რომ ყველა მტკიცებულება წესით შეგროვებულია საქმეში და მაინც არ ხდება მოძალადის დაკავება, ან რაიმე ზომების მიღება, ბუნებრივია, ეს კითხვის ნიშნებს აჩენს, რომ ეფექტურად არ რეაგირებს სახელმწიფო.

ასეთ დროსაც ვაცნობებთ შსს-ს გენერალურ ინსპექციას ან ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტს, ან წერილობითი განცხადებით მივმართავთ პროკურორს, რომელიც ზედამხედველობას უწევს გამოძიებას, მას ვაცნობებთ და ვეუბნებით, რომ გამოძიება არაეფექტურად მიდის და მიიღოს შესაბამისი ზომები. თუ არც პროკურორი და არც გამომძიებელი არ მოქმედებს და კანონს არღვევს, შეგვიძლია, გავასაჩივროთ ზემდგომ პროკურორთან - მაგალითად, გამომძიებლის ქმედებები შეგვიძლია თავად პროკურორთან გავასაჩივროთ, ხოლო თუ პროკურორი არღვევს კანონს, ან ცუდად გვეკონტაქტება, თან არ რეაგირებს და ასე შემდეგ, პროკურორის ქმედება მის უფროსთან - მაგალითად, რაიონულ ან ქალაქის პროკურორთან შეგვიძლია გავასაჩივროთ.

ასევე, პროკურატურას აქვს გენერალური ინსპექცია და მათ შეგვიძლია მივმართოთ, თუ პროკურორმა დაარღვია კანონი და იქ მოვითხოვოთ პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება. თუ ჭიანურდება რეაგირება, ეს არის დარღვევა, რადგან ოჯახში ძალადობის საქმეებზე სწრაფი რეაგირება უნდა მოხდეს, ასეთ დროსაც ამ პროკურორის ზემდგომებს მივმართავთ, რომ გადახედონ პროკურორის საქმიანობის ხარისხს და გადააკონტროლონ“.

ანა თავხელიძე ჩვენთან საუბარში კიდევ ერთ პრობლემას - სასამართლოს გამოყოფს. ის ამბობს, რომ სასამართლო სისტემის გადატვირთულობა არ შეიძლება გახდეს საქმის წლობით გაწელვის მიზეზი, რადგან მსხვერპლის უსაფრთხოებისთვის აუცილებელია, გადაწყვეტილება სწრაფად დადგეს.

„სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელება უპირატესად და უპირველესად არის მსხვერპლის ინტერესი, რომ მალე დადგეს შესაბამისი გადაწყვეტილება და დაცული იყოს მსხვერპლი. განსაკუთრებით, როდესაც მოძალადე არის თავისუფალი, არსებობს ძალადობის განმეორების რისკები, განსაკუთრებით ოჯახში ძალადობაზე. ასეთ დროს შეგვიძლია მივმართოთ თავად მოსამართლეს განცხადებით და მოვითხოვოთ საქმის სწრაფად განხილვა, რადგან მაგალითად, არსებობს რისკები და საფრთხეები, რომ ძალადობის მსხვერპლზე შესაძლოა ისევ იძალადონ და იმ სხვა საფრთხეებზეც, რაც არსებობს მსხვერპლის მიმართ. თუ ამ დროს მოსამართლეს რეაგირება არ ექნება, მისი მხრიდან არაეფექტური რეაგირებისა და ვადების არაგონივრულად გაჭიანურების გამო შეგვიძლია, მივმართოთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომ მოსამართლე არ რეაგირებს ამ საქმეზე, რისკებს სწორად არ აფასებს და უგულებელყოფილი აქვს მსხვერპლის ინტერესები. ესეც ერთ-ერთი ბერკეტია, თუმცა ვერ გეტყვით, რომ ეფექტური იქნება იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან მიმართვა, ძალიან სამწუხაროდ, მაგრამ უმჯობესია, რომ ეს მექანიზმი ამოვწუროთ და ვაცნობოთ ჩვენი პოზიცია სასამართლოს".

მიუხედავად იმისა, რომ მარიამ ფახურიძე თავს დაცულად არ გრძნობს და ჩვენთან საუბარშიც ამბობს, რომ მამამისს „აქვს ძალა", დაემუქროს, ცხოვრებაში ხელი შეუშალოს, ან მისთვის ძვირფასს ავნოს, საქმე ამ დრომდე გაჩერებულია და გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ არსებობს.

მარიამმა დაგვისახელა სამი მთავარი მოტივი, რის გამოც აქვს გადაწყვეტილი, მამის წინააღმდეგ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს და, მისივე თქმით, სამართალი აღასრულოს.

„არ მინდა, ჩემი პატარა ძმა გაიზარდოს მოძალადე გარემოში. ისიცაა, რომ რადგან ბიჭია და საქართველოში ბიჭები ყოველთვის უფრო განებივრებულები არიან, ის არ გახდეს ძალადობის პირდაპირი მსხვერპლი, მაგრამ მთავარი არის, რომ არ მინდა, თვითონ გახდეს მოძალადე და მინდა, ამ გარემოს რაღაცნაირად გამოეთიშოს.

და მოძალადე არ უნდა იყოს დაუსჯელი, არავის უნდა შერჩეს, ვინც არ უნდა იყოს და რა გავლენაც არ უნდა ჰქონდეს, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი შემთხვევა სრულდება ტრაგიკულად. მეც ალბათ, ძალიან რომ არ გამმართლებოდა ცხოვრებაში, არ ვიცი, სად ვიქნებოდი - ძალიან წვალებით მივაღწიე იმას, რომ ჩემი სტაბილური შემოსავალი გამეჩინა და ორი წლის შემდეგ სწავლა გამეგრძელებინა“.

ჩვენ დავუკავშირდით მარიამ ფახურიძის დედას, რათა სურვილის შემთხვევაში სტატიაში ჩაგვერთო მისი კომენტარიც, თუმცა მან საჯარო კომენტარის მოცემაზე უარი გვითხრა.

ტაბულა ასევე დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროსაც, კითხვით - აქვთ თუ არა რაიმე ინფორმაცია საქმესთან დაკავშირებით, თუმცა უწყება ჯერჯერობით არ შეგვხმიანებია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔘„ყველაფერს ველოდი ამ პასუხის გარდა... ვინ მომცემს გარანტიას, რომ ჩემი შვილი უფრო არ დამძიმდება“ - რას წერს ანა მიქაძე

🔘„ბებიაჩემის დროინდელი ტელეფონით სელფი გადამიღო და 15 დოლარი ამახია“ - რას წერს გურამ შეროზია?

🔘🎥 90 წლის ელდარ შენგელაიას და ნანული სარაჯიშვილის ცეკვამ ფურორი მოახდინა – კადრები რეჟისორის დაბადების დღიდან

წყარო: tabula.ge