Digest Logo

„განათლების დონის შესაფასებლად საქართველოს, 100-იდან 50 ქულას დავუწერდი...“ - ბავშვობა, ოჯახი და ცხოვრების მთავარი პროფესია - გულახდილი ინტერვიუ გია მურღულიასთან

1713261545
გია მურღულია

ზოგადი განათლების საკითხებში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის კონსულტანტი, რეფორმების ჯგუფის კოორდინატორი, გია მურღულია ყველასათვის ცნობილი პიროვნებაა. გია მურღულიას ნაშრომები საზოგადოებაში დიდი პოპულარობითა და მოწონებით სარგებლობს.

სათქმელი ძირითადად ფურცელზე გადააქვს და საინტერესოა ისიც, თუ როგორ ინტერპრეტაციასა და მიმართულებას აძლევს ავტორი. 

„დაიჯესტი“ გია მურღულიას გულახდილ ინტერვიუს წარმოგიდგენთ:

- ვინ არის გია მურღულია?

გია მურღულია: ის არის ადამიანი, რომელიც ცდილობს, ერთმანეთს მოარგოს რამდენიმე სიტყვა: რწმენა, სიყვარული, თავისუფლება, ღირსება, სამართლიანობა, გონიერება, პასუხისმგებლობა, ემპათია, გემოვნება. ხან გამოდის, ხან - არა, მაგრამ ამას მუდმივად ვესწრაფვი. მიხარია სხვისი სიხარული და ვცდილობ, ადამიანები ჩემს გვერდით ბედნიერად გრძნობდნენ თავს. ბედნიერი ღიმილი ყველაზე ლამაზი სახილველია ამქვეყნად. ასევე, არასდროს მავიწყდება ბობ დილანის სიტყვები: „თუ ყოველდღე არ იბადები, მთელი ცხოვრება კვდები“. სისულელის მსახური ხარ, თუ სიკვდილამდე კვდები, ამიტომ განვითარებას ალტერნატივა არ აქვს.

- როგორი ბავშვობა გქონდათ?

გია მურღულია: ჩვეულებრივი - დიდი დალხინება ან გაჭირვება არ მახსოვს. ჩემი მშობლები ახერხებდნენ იმას, რომ სწავლასა და განვითარებაზე მეზრუნა. მათი მადლობელი ვარ იმის გამო, რომ მე ვიცი, რა არის ბავშვობა.

- მკაცრად გზრდიდნენ?

გია მურღულია: არა. ცხადია, ფიზიკურად მე და ჩემს ძმებს არ გვსჯიდნენ - ერთი გამოხედვა საკმარისი იყო. სიტყვიერად და თავისი პირადი მაგალითებით მამაც და დედაც გვასწავლიდნენ, რას ნიშნავს, იყო ადამიანი და როდის კარგავ უფლებას, ასე აღარ მოგიხსენიონ.

- ზოგადი განათლების მიხედვით, საქართველოს განათლების დონის შესაფასებლად, 100-დან რამდენ ქულას დაუწერდით?

გია მურღულია: ეს მარტივი კითხვა არ არის - შეფასებისას კაცმა ბევრი ფაქტორი უნდა გაითვალისწინოს. თქვენს კითხვაზე პასუხის გაცემისთვის ძალიან არსებითია მიღწეული შედეგების მასშტაბიც (რამდენი მოსწავლე აკმაყოფილებს თუნდაც სტანდარტულ მოთხოვნებს). იმის გათვალისწინებით, რაც ჩვენს ქვეყანას ბოლო ათწლეულებში რესურსი (ფინანსური, ადამიანური, ინფრასტრუქტურული) ჰქონდა, პირობითად, 50 ქულას დავწერდი. სწორედ ამიტომაც არის გასატარებელი მასშტაბური საგანმანათლებლო რეფორმა, რომელიც სისტემის ყველა მიმართულებას (დაფინანსება, ინფრასტრუქტურა, კადრების მომზადება, კომპეტენცია, საგანმანათლებლო რესურსები, პროფესიულ განვითარება, მართვა, მონიტორინგი და ა.შ.) მოიცავს.

- კაცობრიობის მთავარ გამოგონებად რას მიიჩნევთ?

გია მურღულია: ქაღალდს - წარმოიდგინეთ, როგორი შეიძლება იყოს ჩვენი ცხოვრება ამ გამოგონების გარეშე. ფიქრს მხოლოდ ზეპირი სიტყვა არ ჰყოფნის - ის უნდა დაფიქსირდეს, დაიწეროს. მას კონკურენციას უწევს ბორბალი, ურომლისოდაც ადამიანის ყოფა სრულიად განსხვავებული იქნებოდა.

- ვინ არის ყველაზე დიდი ქართველი და რატომ?

გია მურღულია: ძალიან რთული, პრაქტიკულად შეუძლებელია ერთი ადამიანის გამოყოფა. ერთხელ ჩემს მოსწავლეებს ასეთი კითხვა დავუსვი: საქართველოს ისტორია რომ წარსულიდან მომავლისკენ გადებულ ხიდად წარმოვიდგინოთ, რომელი პერსონები იქნებოდნენ მისი მთავარი საყრდენები? მათ დაასახელეს: ფარნავაზი, მირიანი, ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი და გიორგი ბრწყინვალე - ეს მეფეები. მოაზროვნეთაგან და მოღვაწეთაგან: იოანე საბანისძე, გრიგოლ ხანძთელი, გიორგი ათონელი, შოთა რუსთველი, სულხან-საბა ორბელიანი, დავით გურამიშვილი, ილია ჭავჭავაძე და ვაჟა-ფშაველა. ყველა ამ ადამიანს, ცხადია, განუმეორებელი და დროში განფენილი ღვაწლი აქვს გაწეული. თუ მაინცდამაინც ერთს ვიტყვი, ჩემთვის ეს, უპირობოდ, ილია ჭავჭავაძეა. საქართველოს ისტორიაში შესაძლოა ყველაზე მეტად მან განასახიერა „გონიერი გული“, რომელსაც სოლომონ ბრძენი და რუსთველი ახსენებენ, როგორც ადამიანური სრულყოფილების საფუძველს.

- გწამთ ღმერთის?

გია მურღულია: მწამს და ეს მხოლოდ განცდა არ არის - უკვე ცოდნაცაა. ტერტულიანე კი ამბობს: „მწამს, რადგან აბსურდია“ (ანუ: იმიტომ მწამს, რომ მისი ლოგიკური შეცნობა წარმოუდგენელიაო), მაგრამ, ვფიქრობ, ღმერთი საკმარისად თვალსაჩინოდ წარმოადგენს თავის თავს სამყაროში და ეს სხვადასხვა დროს ბევრმა მოაზროვნემ შეამჩნია.

- რას მიიჩნევთ მძიმე დანაშაულად, რის გამოც ადამიანებს მკაცრი სასჯელი უნდა მიეზღოთ?

გია მურღულია: ყველაზე მეტად უპასუხისმგებლობა არ მომწონს. მძიმე დანაშაულად კი ორ რამეს მივიჩნევ - ადამიანის მკვლელობასა და სამშობლოს ღალატს, რომელიც, როგორც ცნება ქართულმა მართლმსაჯულებამ გააუქმა - ასეთი მუხლი ჩვენს კოდექსში აღარ არსებობს, რასაც ვერ ვიტყვი რეალურ ცხოვრებაზე. სიკვდილით დასჯის მომხრე არ ვარ, მაგრამ ის, ვინც მძიმე დანაშაულს ჩაიდენს, საზოგადოებისგან იზოლირებული უნდა იყოს, რადგან მაგალითიც გადამდებია და სამართლიანობა კი საზოგადოების მშვიდობიანი და ჰარმონიული არსებობის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია.

- კოსმოსში რას გააგზავნიდით?

გია მურღულია: კითხვას - სად ხართ აქამდე? რაც საქართველოს უნდა გაეგზავნა, უკვე გაგზავნილია - ქართულ პოლიფონიას, ჩემი აზრით, სამყაროში კონკურენტი არ ჰყავს.

- საქართველოს რომელი პრეზიდენტის მმართველობის პერიოდს გამოარჩევდით?

გია მურღულია: გამოვარჩევდი - რის მიხედვით? ყველა პრეზიდენტის დროს იყო წარმატებებიც და შეცდომებიც. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მოქალაქეს ხელისუფალთაგან ვინმე უნდა უყვარდეს - მმართველები ადამიანს, საზოგადოებასა და სახელმწიფოს უნდა ემსახურებოდნენ. ეს მათი მოვალეობაა. პატივისცემა და აღიარება, რა თქმა უნდა, ბუნებრივი მოვლენაა. ძალიან დიდი დრო არა მგონია კიდევ მქონდეს, მაგრამ ჯერჯერობით მაინც ველი ისეთ პრეზიდენტს, რომელიც ხალხის აბსოლუტურ პატივისცემას დაიმსახურებს. ასეთმა, ალბათ, ადამიანთა გაერთიანება და ჩვენი ქვეყნის გამთლიანება უნდა შეძლოს. ასეთი პრეზიდენტის გამოჩენას ძალიან დიდი ადამიანური ღირსებების გარდა სამყაროში მოვლენათა გარკვეული კანონზომიერებით დალაგებაც სჭირდება.

- დღევანდელი ახალგაზრდები და მათი აზროვნება თუ მოგწონთ?

გია მურღულია: ეს რომ არ მომწონდეს, მასწავლებელიც ვერ ვიქნებოდი. ვიცნობ ბევრ ახალგაზრდას, რომლებიც ცოდნითაც და ზნეობითაც გამოირჩევიან. ყველა ერთად სამაგალითო არც ერთ ეპოქაში არ ყოფილა. თქვენ მიერ ნახსენები „დღევანდელი ახალგაზრდები“ ერთგვარნი არ არიან, მაგრამ, ზოგადად, მე მათი მჯერა. ქვეყანა ყოველთვის წარმოშობს ახალი თაობის კრიტიკულ მასას, რომელსაც პასუხისმგებლობის გააზრება და აღება შეუძლია.

-  ხედავთ თუ არა საქართველოს მომავალს ევროპაში ან სად ხედავთ?

გია მურღულია: საქართველოს მომავალი მხოლოდ ევროპაშია. მეტსაც გეტყვით - ევროპაც თავის სარგებელს ნახავს საქართველოსთან ერთად ყოფნით. ეს ჩვენი ისტორიული არჩევანია და როდესაც შეგვეძლო და ვინმე გარდაუვალი აუცილებლობით ნებას არ გვიკრავდა, ყოველთვის ამ გზას ვირჩევდით. კეთილი ურთიერთობა ყველასთან უნდა გვქონდეს (განა აღმოსავლეთთანაც დიდი კულტურული კონტაქტები არ გვაკავშირებს უკვე საუკუნეებია?!), მაგრამ, როგორც იოანე საბანისძე ამბობდა, ჩვენ ძველთაგანვე გააზრებული გვაქვს, რა არის „ჩვეულებისაებრ მამულისა სლვა“. ვახტანგ გორგასალმაც ეს გვიანდერძა ქართველებს: „ნუ დაუტევებთ გზასა ბერძენთასა“ ანუ განვითარების ქრისტიანული გზა არ დაივიწყოთო. ამ გზას ეფუძნება სწორედ ევროპული ცნობიერება და ცხოვრების წესი, რომლისთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება ადამიანია, პიროვნებაა. ქართველებმა ეს დიდი ხანია ვიცით.

ავტორი: ნინი ჭიჭინაძე

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„ერთადერთი პაუზა მქონდა მუსიკაში და ეს იყო სწავლის პერიოდი... ამერიკაში წასვლის შანსებიც მაქვს, ვიცი იქაური პოტენციალიც, თუმცა მთელი გულით პატრიოტი ადამიანი ვარ... “ - გულახდილი ინტერვიუ ნუცა თოფურიასთან

⭕„ყველაზე კარგად თავს ჩემ ქვეყანაში ვგრძნობ“ - ბავშვობის ოცნება, ცნობილი ოჯახის შვილობა, მთავარი ღირებულებები და წარმატებული კარიერა - ინტერვიუ ნინი ბადურაშვილთან

⭕„ჩემი ძმის შვილის ქორწილი იყო, თამადა ვიყავი... რომ გავიგე ეს ამბავი, მივატოვე იქაურობა და წამოვედი თბილისში“ - ბადრი ვადაჭკორია 9 აპრილს იხსენებს