ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის თანადამფუძნებელი და ბიზნესის სკოლის დეკანი, პროფესორი თეიმურაზ ტორონჯაძე გარდაიცვალა.
„ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი ემშვიდობება უნივერსიტეტის თანადამფუძნებელსა და ბიზნესის სკოლის დეკანს, პროფესორ თეიმურაზ ტორონჯაძეს!
მისი ცხოვრება და მოღვაწეობა იყო ქართული აკადემიური სივრცისა და თანამედროვე განათლების განვითარების მასშტაბური ისტორია. მან შექმნა და დატოვა მემკვიდრეობა, რომელმაც ფუნდამენტური გავლენა იქონია ქვეყანაში ზუსტი მეცნიერებების, ფინანსური მათემატიკისა და ბიზნესის განათლების ფორმირებაზე
პროფესორის მრავალწლიანი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობის განმავლობაში:
▫ ჩამოაყალიბა და განავითარა ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის, სტოქასტური ანალიზისა და ფინანსური მათემატიკის მიმართულებები.
▫ ხელმძღვანელობდა ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის განყოფილებას და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის კათედრას, სადაც შექმნა ახალი საგანმანათლებლო პროგრამები და სპეცკურსები ფინანსური მოდელირების, რისკის თეორიისა და წარმოებული ფასიანი ქაღალდების მიმართულებით.
▫ ავტორია მრავალი მნიშვნელოვანი სტატიისა, მონოგრაფიისა და სამეცნიერო პროექტისა, რომელთა წარმატებასაც ადასტურებს წლების განმავლობაში მიღებული სოროსის, ევრაზიისა და საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდების გრანტები.
▫ პარტნიორებთან ერთად დააფუძნა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი და როგორც ბიზნესის სკოლის დეკანმა, შექმნა სივრცე, სადაც ათეულობით თაობას გადასცა ცოდნა სტატისტიკაში, ინვესტიციების თეორიასა და რისკების მართვაში
ბატონი თეიმურაზის შექმნილი სკოლა, აკადემიური ფასეულობები და საქმე, რომელსაც მან მთელი ცხოვრება მიუძღვნა, სამუდამო კვალს დატოვებს უნივერსიტეტის და თითოეული სტუდენტისა თუ კოლეგის ცხოვრებაში“, - აღნიშნულია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ოფიციალურ განცხადებაში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „გული გახსენით ახალი შესაძლებლობებისთვის“ - 5 აგვისტოს ენერგიები